Facebook Twitter

საქმე # 330100119003143719

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№886აპ-20 ქ. თბილისი

პ–ი ა., 886აპ-20 3 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის - ნანა ხუნჯუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურორმა ნანა ხუნჯუამ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და ა. პ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა; კასატორის მტკიცებით, განსახილველი სისხლის სამართლის საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებად არ ჩათვალა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები, სადაც არაერთხელ იყო ნახსენები მკვლელობის მცდელობის ფაქტი და დაზარალებული პირდაპირ ასახელებდა დამნაშავეს; სამართლებრივი პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანია, უზენაესმა სასამართლომ განმარტოს ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების მნიშვნელობა და მათი მტკიცებულებითი ძალა, მითუფრო, როდესაც ისინი შეიცავს დანაშაულის შესახებ უტყუარ ინფორმაციას; კასატორი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის გახსნა-დათვალიერებისას ამოღებული მტკიცებულებები, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეების - მ. ქ–სდა თ. ჯ–ს ჩვენებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. პ–ს მიერ თ. ჯ–ს მკვლელობის მცდელბას; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ. ჯ–ემ, მოწმეებმა - ს. ჯ–მ, თ. ჯ–მ, ნ. და ზ. ჯ–ებმა არ მისცეს სწორი ჩვენებები, საქმეში მოიპოვება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, საიდანაც უტყუარად დგინდება, რომ თ. ჯ–ე მნახველებს უყვებოდა, როგორ გაიყვანა ,,ა–მ“ სკოლის ეზოში და მოულოდნელად, რამდენჯერმე დაარტა დანა მუცელში და წუხდა, რომ მისგან ამას არ იმსახურებდა, რადგან ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული. ამასთან, საყურადღებოა, რომ დაზარალებულმა დაკითხვისას თავადვე განმარტა, რომ ა. პ–ს მოფერებით ეძახიან - ,,ა–ს“ ან ,,ა–ს“; მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა - თ. ც–მ დაადასტურა, რომ თ. ჯ–ე პალატაში მოთავსებული იყო მარტო და იყო ადეკვატური; გენეტიკური (სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ თ. ჯ–ს გენეტიკური პროფილი აღმოჩენილია ა. პ–ს ავტომანქანის საჭესა და შარვალზე.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. პ–ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ა. პ–მ იეჭვიანა ძმისცოლის - მ. ქ–ს და მათი მეგობრის თ. ჯ–ს ურთიერთობაზე. შედეგად, 2019 წლის 16 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ.........ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, ა. პ–მ სცემა რძალს - მ. ქ–ს. კერძოდ, ზურგისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, ასევე ზურგში ჩაარტყა ფეხი, მიაყენა სხეულის დაზიანება მარცხენა მხრის სახსრის, გულმკერდის, მარცხენა ლავიწზედა, მარჯვენა იღლიის ფოსოსა და მარჯვენა წინა მხრის მიდამოებში. ა. პ–ს მიერ მ. ქ–სათვის მიყენებული დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

- 2019 წლის 16 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ.........ში, ...........ის ქუჩა №..-ში მდებარე №.. საჯარო სკოლის ეზოში, ა. პ–მ ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელთ ნაქონი დანა განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე მოუქნია თ. ჯ–ეს და ჩაარტყა მუცლისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა დაზიანებები გულმკერდის წინა ზედაპირზე, მუცლის წინა კედელზე და შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის ღრუში. ა. პ–ს მიერ თ. ჯ–სათვის მიყენებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ა. პ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო თ. ჯ–ე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შპს „........... ცენტრში“, სადაც ექიმებმა კვალიფიციური დახმარებით სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

3. ა. პ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით ა. პ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 16 მაისიდან.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. პ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ა. პ–მ იეჭვიანა ძმისცოლის, მ. ქ–სდა მათი მეგობრის თ. ჯ–ს ურთიერთობაზე. შედეგად, 2019 წლის 16 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ............ში, .............ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, ა. პ–მ სცემა რძალს, მ. ქ–ს. კერძოდ, ზურგისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, ასევე ზურგში ჩაარტყა ფეხი, მიაყენა სხეულის დაზიანება მარცხენა მხრის სახსრის, გულმკერდის, მარცხენა ლავიწზედა, მარჯვენა იღლიის ფოსოსა და მარჯვენა წინა მხრის მიდამოებში. ა. პ–ს მიერ მ. ქ–სათვის მიყენებული დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა, რომელიც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და ა. პ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ა. პ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ეთანხმება კასატორის პოზიციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ თავისუფალ გარემოში ფორმირებულ ამ ტიპის სამხილებს, როდესაც ჩანაწერების ფიგურანტები მოქმედებენ თავისუფალი ნებით, ყოველგვარი ზემოქმედებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის რისკების გარეშე, სანდოობის კუთხით შეფასებისას უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, არ იზიარებს მტკიცებას, რომ თითქოსდა, სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია ამ მტკიცებულებების პირდაპირი ბუნება, რადგან განსახილველ საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენს საფუძვლად არ დაუდო არა მისი ფორმის, არამედ - შინაარსის გამო, საიდანაც გაჩენილი ეჭვები - ა. პ–ს მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესითა და სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საყურადღებოა, რომ შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს; თავად დაზარალებულმა თ. ჯ–მ სასამართლოში კატეგორიულად უარყო, რომ დაზიანებები ა. პ–მ მიაყენა, ხოლო დაზარალებულის ოჯახის წევრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ ჩანაწერების არცერთი ფიგურანტი არ ყოფილა ფაქტის შემსწრე და მათი საუბრების შინაარსის მტკიცებულებითი ღირებულება ვერ სცდება არაპირდაპირი ჩვენებებისათვის დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტს; მსჯავრდებულ ა. პ–ს განმარტება, რომ თ. ჯ–ეს მაშინ შეეხო, როდესაც შემთხვევის ადგილიდან გამოჰყავდათ დაჭრილი, რითაც ახსნა მისი ავტომაქანის საჭესა და შარვალზე აღმოჩენილი დაზარალებულის გენეტიკური მასალის არსებობა, ვერ გაქარწყლდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი საპირწონე, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ა. პ–ს მიერ თ. ჯ–ს მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის - ნანა ხუნჯუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი