საქმე # 120100120003689580
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №944აპ-20 ქ. თბილისი
ს–ე ა., 944აპ-20 4 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა თამუნა მურჯიკნელმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ს–თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული. რის შედეგადაც შინაურმა ცხოველმა მიიღო არაერთი მძიმე ტრავმა, ასევე, დაეღუპა მუცლად მყოფი ლეკვები; ამასთან, მსჯავრდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ დაეხმარა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ძაღლს, ისევე როგორც ძაღლის მეპატრონეს - დაზარალებულ ქ. თ–ს; გარდა ამისა, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც მიუთითებს მის მისწრაფებას ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენით ა. ს–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ა. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2020 წლის 8 აპრილიდან 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს–მ ჩაიდინა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.
ა. ს–ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ............ში, ........ის ქ.№..-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მე-12 სართულის სადარბაზოდან, ა. ს–მ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გადააგდო ქ. თ–ს კუთვნილი, ორსულად მყოფი ძაღლი, რის შედეგადაც შინაურმა ცხოველმა მიიღო მარჯვენა უკანა ბარძაყის მოტეხილობა და დაეღუპა მუცლად მყოფი ლეკვები.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ს–თვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა და მოინანია დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ნასამართლობის არმქონეა) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი სასჯელი (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 63-64-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი