Facebook Twitter

საქმე # 330100119003373561

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1010აპ-20 ქ. თბილისი

ს–ე ი., 1010აპ-20 10 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ციხისელმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: სასამართლომ ჯგუფური დანაშაულის ჩადენის ნაწილში ი. ს–ს ქმედება სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ვინაიდან ბრალდებულის ჩვენება, რომ თითქოს, მან მარტომ მოხსნა აკუმულატორები, ორმეტრიან ბეტონის ღობეზე აიტანა და შემდეგ იქიდან გადაყარა, უსაფუძვლოა, სატვირთო ბეტონმზიდი აკუმულატორების მოცულობიდან და სიმძიმიდან გამომდინარე; რაც შეეხება იმ დაზიანებებს, რაც აკუმულატორებს აღენიშნება, მათი ხასიათიდან გამომდინარე, ისინი გამოწვეულია ტექნიკური საშუალებებით მათი ჩახსნის და არა - ღობიდან გადმოყრის შედეგად; ასევე, ჯართის მიმღები პუნქტის ვიდეოჩანაწერით ირკვევა, სხვა პირების დახმარებით როგორ შეაქვს მსჯავრდებულს ობიექტზე აკუმულატორები; ი. ს–მ თავისი ავტომანქანიდანაც კი ვერ გადმოიტანა მარტომ აკუმულატორები ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარებისას და მას დაეხმარა პუნქტის მუშა; ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა გამოძიების საწყის ეტაპზე ი. ს–ს მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ დანაშაული ნ. დ–თან ერთად ჩაიდინა, ასევე მოწმე პოლიციელის - გ. ჩ–ს მოხსენებითი ბარათი და გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მან განმარტა, რომ ი. ს–თან ერთად დანაშაული ნ. დ–მ ჩაიდინა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ს–მ ჩაიდინა: ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (ორი ეპიზოდი); ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

ი. ს–ს მიმართ ბარალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში, ი. ს–ე, არასრულწლოვან ნ. დ–თან ერთად, თ.......ში, პატარა ..........ში, ............. ქუჩის N.. - ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, ო. ყ–ს კუთვნილი „კამაზის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით - .........., ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ორ აკუმულატორს, სულ ღირებულს 500 ლარად. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ოთარ ყარყარაშვილს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2019 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში, ი. ს–ე, არასრულწლოვან ნ. დ–თან ერთად, თ......ში, ........ის მეურნეობაში, მეგობრობის ქუჩის N...-ში, „საქართველოს მელიორაციის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „AUMAN“ - ის ფირმის ორი სატვირთო ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრებით: ..........; .........., ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილ ოთხ აკუმულატორს, თითოს ღირებულს 410 ლარად, რითაც დაზარალებულს ჯამურად მიადგა 1640 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში, ი. ს–ე, არასრულწლოვან ნ. დ–თან ერთად, მოქმედებდა რა ერთიანი განზრახვით, ...........ში, .............ის ქუჩის მე - .. შესახვევის N.. - ში მდებარე შპს „............ს“ საწარმოს ეზოში უკანონოდ შეაღწია, სადაც შპს „..........ის“ კუთვნილი, სატვირთო ბეტონმზიდი ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით - ........., ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ორ აკუმულატორს, თითოს ღირებულს 745 ლარად. ასევე, იმავე ტერიტორიაზე გაჩერებული, შპს „..........“ კუთვნილი სატვირთო ბეტონმზიდი ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით - ........., ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ორ აკუმულატორს, თითოს ღირებულს 200 ლარად. შპს „.....“ კუთვნილი, სატვირთო ბეტონმზიდი ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: ........., ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „........“ კუთვნილ, 50 ლარად ღირებულ სახრახნისების ნაკრებს და 100 ლარად ღირებულ ქანჩების ნაკრებს, ასევე, იმავე ტერიტორიაზე გაჩერებული, თეიმურაზ ბარამაშვილის კუთვნილი სატვირთო ბეტონმზიდი ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით - ........., ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ორ აკუმულატორს, თითოს ღირებულს 400 ლარად. ი. ს–მ და არასრულწლოვანმა ნ. დ–მმა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ შპს „..............“ მიაყენეს - 1490 ლარის, შპს „...........“ - 400 ლარის, თ. ბ–ს - 800 ლარის მნიშვნელოვანი, ხოლო შპს „...“ - 150 ლარის მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით ი. ს–ე, - დაბადებული 2... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ო. ყ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ შპს „.............“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: შპს „................“, შპს „..............“ და შპს „.....“ ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.

ი. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ო. ყ–ს ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე 3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შპს „...............“ ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი. ს–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 ნოემბრიდან.

გაუქმდა ი. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ციხისელმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ი. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ - ის 177-ე მუხლის მე - 2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე - 2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე - 3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ს–ს ბრალეულობა მათ შორის - დანაშაულის სამივე ეპიზოდის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის ნაწილშიც, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი. ს–მ ბრალად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა არასრულწლოვან ნ. დ–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, კერძოდ: ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ი. ს–ე 2019 წლის 5 ნოემბერს, პატარა ლილოში, თამარ მეფის ქუჩის N35-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ..........ის მეურნეობაში, „............“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2019 წლის 16 ნოემბერს კი .............ში, ...................ის ქუჩაზე, შპს „..............“ საწარმოს ეზოში, იმყოფებოდა თანამზრახველ - ნ. დ–თან ერთად და ისინი ერთობლივად დაეუფლნენ სატვირთო ავტომანქანების აკუმულატორებს, ასევე - სახრახნისებისა და ქანჩების ნაკრებს. დაზარალებულების წარმომადგენლების, მოწმეების, მათ შორის - გ. ჩ–ს გამოკითხვის ოქმები და მისი მოხსენებითი ბარათი, ყველა ეს მტკიცებულება არის ირიბი ხასიათის, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები ან სხვა სახის წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ დანაშაულების მითითებული კვალიფიკაციით ჩადენის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე განაჩენში ნამსჯელი აქვს სააპელაციო სასამართლოს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი არ მიუთითებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი