საქმე # 330100120003575144
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №22აპ-21 ქ. თბილისი
ტ–ი ი., 22აპ-21 14 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და ი. ტ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ ცალმხრივად იმსჯელა მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე, მის ქცევაზე და ისე შეუფარდა მსუბუქი სასჯელი, რომ ყურადღება არ გაუმახვილებია ძალადობის ხერხსა და თავისებურებებზე, ასევე, დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანზე; საყურადღებოა, რომ ი. ტ–ს ქმედებები არ ყოფილა ერთჯერადი, გამოიხტებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებაში და შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში; შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება განაჩენის სამართლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს მსჯავრდებულს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ი. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და ი. ტ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. ტ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 4 მარტიდან 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ტ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 4 მარტს, საღამოს საათებში, თ.............ში, ...........ს მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ი. ტ–მ, კონფლიქტის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ფ. ტ–ს, კერძოდ, თავი დაარტყა თავის არეში და ხელები მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, თანაცხოვრების განმავლობაში ი. ტ–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ფ. ტ–ს, მათ შორის, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა მის მიმართ 2020 წლის 4 მარტს, ზემოხსენებული კონფლიქტისას, რამაც ფ. ტ–ს ტანჯვა გამოიწვია.
- 2020 წლის 4 მარტს, საღამოს საათებში, თ........ში, ...........ის მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ი. ტ–მ, კონფლიქტის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ფ. ტ–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ფ. ტ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ტ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ი. ტ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება. საკასაციო სასამართლო, პროკურორის მოთხოვნასთან მიმართებით, აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, საკასაციო საჩივარი არის ზოგადი, შაბლონური და კასატორი ვერ უთითებს კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც იქნებოდა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის რელევანტური, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ სისტემატურობა და დაზარალებულისათვის ზიანის მიყენება ი. ტ–სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ვერ იქნება მიჩნეული.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი