ას-241-527-04 10 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხე დ. ლ-ს მოპასუხეებისათვის _ ე. ჩ-ისა და მ. რ-ისათვის 2002წ. 21 ოქტომბრისათვის უნდა გადაეხადა 14000 აშშ დოლარი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო დ. ლ-ს იპოთეკით დატვირთული კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე, ... ქ. თბილისში.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დ. ლ-მ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ე. ჩ-ისა და მ. რ-ის მიმართ და მოითხოვა 2001წ. 9 ივლისს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მხოლოდ იპოთეკის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება დაიდო მისი ოჯახის წევრის თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა სანოტარო მოქმედებათა ინსტრუქციის 63-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება კი სკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია. დ. ლ-მ ასევე მოითხოვა სასამართლო აღმასრულებლის მიერ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნა, ვინაიდან მხარეთა შორის საქმე დამთავრდა მორიგებით, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ლ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დ. ლ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ლ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თუ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის ოჯახის წევრის ნებართვის გარეშე, ამით დაირღვა არა დ. ლ-ს, არამედ მისი შვილის უფლებები, რომელსაც სარჩელით უნდა მიემართა სასამართლოსათვის თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად სსკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით რეგისტრირებულია მხოლოდ დ. ლ-ა და ამდენად მისი მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა.
დ. ლ-მ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, დ. ლ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ე. ჩ-სა და მ. რ-ს შორის 2001წ. 9 ივლისს სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება გაფორმდა დ. ლ-ს შვილის _ კ. გ-ს თანხმობის გარეშე.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა 2001წ. 18 თებერვლის და ამ ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული ბინის ერთადერთ მესაკუთრედ აღრიცხულია დ. ლ-ა. საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო ბინის მესაკუთრედ ასევე რეგისტრირებულია მხოლოდ დ. ლ-ა, კ. გ-ს ბინის პრივატიზაციაში მონაწილეობა არ მიუღია. ამდენად, იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მისი თანხმობა საჭირო არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში დ. ლ-ს მიერ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და სამართლებრივად დაუსაბუთებელი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაზიარებელია საკასაციო პრეტენზია თბილისში, ... მდებარე, დ. ლ-ს სახელზე რიცხულ ბინაზე და მოძრავ ნივთებზე ყადაღის მოხსნის შესახებ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით მოდავე მხარეებს დ. ლ-ს, ე. ჩ-სა და მ. რ-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო სადავო ბინას და მოძრავ ნივთებს. აღნიშნული მორიგება დღეისათვის აღსრულებულია. დ. ლ-ს მიერ მოპასუხე მხარეების სასარგებლოდ გადახდილია 14000 აშშ დოლარი. ამდენად, სადავო ბინაზე და მოძრავ ნივთებზე ყადაღის მოხსნის ნაწილში დ. ლ-ს მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ ქ. თბილისში, ... მდებარე დ. ლ-ს სახელზე რიცხულ ბინას და დაყადაღებულ მოძრავ ნივთებს უნდა მოეხსნას ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
დ. ლ-ს წარმომადგენლის _ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ყადაღის მოხსნაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
თბილისში, ... მდებარე დ. ლ-ს სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინას და მოძრავ ნივთებს მოეხსნას ყადაღა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.