Facebook Twitter

ბს-1324-900(კ-05) 22 მარტი, 2006 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 4 თებერვალს ზ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროს მ. ლ-ს, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2001წ. 15 ოქტომბერს მოპასუხემ _ შსს-ს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მ. ლ-მ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის ... არხის გადაცემა “.. ..” გაავრცელა სინამდვილესთან შეუსაბამო, ადამიანის პატივისა და პირადი ღირსების შემლახავი ცნობები, თითქოს ზ. გ-მა 1997-98 წლებში იტალიიდან შემოიტანა თხილის გადამამუშავებელი დანადგარები და მათი განბაჟების დროს თბილისის რეგიონალურ საბაჟოზე წარადგინა ყალბი ინვოისები, პირადად მოაწერა ხელი საბაჟო დეკლარაციას და ამით ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, საბაჟო წესების დარღვევა და სწორედ ამიტომ მ. ლ-ს მიერ უშუალოდ მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას. ამავე დროს მ. ლ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, უსაფუძვლოდ გამოიტანა უშუალოდ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილება, რომელიც მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის ჩარევის შედეგად, 2001წ. 9 ნოემბერს გაუქმდა, ხოლო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანას, მოსარჩელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიებამ თითქმის ორი წელი მოანდომა.

მოსარჩელის მოსაზრებით, ყველაფერმა ამან სერიოზულად შელახა მისი ავტორიტეტი, საზოგადოებაში მის მიმართ შეიქმნა უნდობლობისა და ეჭვიანობის ატმოსფერო, რამაც, საბოლოოდ, ნეგატიურად იმოქმედა როგორც პირად ცხოვრებაზე, ასევე _ მის საქმიან რეპუტაციასა და დამსახურებულ ავტორიტეტზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა მის მიმართ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახავი, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის მიყენებისათვის 600 000 ლარის გადახდა.

2004წ. 23 თებერვალს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შესაგებლით მიმართა მოპასუხე მ. ლ-მ, რომელმაც მიუთითა, რომ მოსარჩელე ზ. გ-ი სასარჩელო მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ძირითადად ამყარებს იმ სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საპროცესო აქტის უკანონობაზე, რომლითაც განხორციელდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. მოპასუხის განმარტებით, მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში შემავალი დანაყოფი და თანამდებობის პირები აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოებია, რომლებზედაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად, ვრცელდება მითითებული კოდექსის მოქმედება, მაგრამ იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 ნაწილში ცალსახად არის განმარტებული, რომ ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ურთიერთობა, რომელიც უნდა დარეგულირდეს არა ადმინისტრაციით, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე თავით გათვალისწინებული დებულებებით, არ გამორიცხავს ამ ურთიერთობის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოწესრიგებასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებით, მოცემული საქმე საოლქო სასამართლოს განსჯადი არ არის.

მოპასუხის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ გამოტანილმა სისხლის სამართლის საპროცესო აქტმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაპირობა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენება, მაშინ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სკ-ის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებები.

2004წ. 26 თებერვალს ზ. გ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: შინაგან საქმეთა სამინისტროს, მ. ლ-ს, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: ა) მ. ლ-ს უარეყო ზ. გ-ის მიმართ გავრცელებული პატივისა და პირადი ღირსების შემლახველი, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები: ბ) მოპასუხეს დაკისრებოდა ზ. გ-ის სასარგებლოდ 600 000 ლარის გადახდა, რაც შეადგენს მორალური ზიანის მიყენებისათვის ასანაზღაურებელ თანხას; გ) თანხის დაკისრების შემთხვევაში 550 000 ლარი გადასცემოდა საპენსიო ფონდს.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: ა) მოპასუხე მ. ლ-ს დავალებოდა, უარეყო მის მიერ საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის მე-2 არხის ეთერში ზ. გ-ის მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები; ბ) მოპასუხეებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, მ. ლ-ს, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სოლიდარულად დაკისრებოდათ 1000 ლარის გადახდა მისი ქონებრივი უფლებების შელახვისათვის და ამ თანხის 1/3 გადარიცხულიყო საპენსიო ფონდში.

პირველმა მოსარჩელემ _ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მეორე მოპასუხემ _ მ. ლ-მ მიუთითა, რომ ზ. გ-ის მიმართ საინფორმაციო საშუალებით გაავრცელა ის ცნობები, რაც იმ დროისათვის მის ხელთ არსებული საქმის მასალებით იყო დადგენილი. ამასთან, მას ცენტრალური ტელევიზიისათვის ინტერვიუ საკუთარი ინიციატივით არ მიუცია, ის მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრესცენტრის შესახებ დამტკიცებული დებულებით.

აქედან გამომდინარე, მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ფინანსთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითეს, რომ სახელმწიფო ორგანოს _ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი ქმედებით არ შეულახავს მოსარჩელის პირადი, არაქონებრივი უფლებები, რის გამოც ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხეს _ მ. ლ-ს დაევალა იმ ცნობების უარყოფა ზ. გ-ის მიმართ, რომლებიც მან გადასცა 2001წ. 15 ოქტომბერს საქართველოს ტელევიზიის ... არხის პროგრამით _ “.. ..”. ზ. გ-ის მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა მოხდეს ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან საქართველოს ტელევიზიის მეორე არხის მეშვეობით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ დადგენილია და მ. ლ-ს ქმედებით შეილახა მოსარჩელე ზ. გ-ის, სკ-ის მე-18 მუხლით აღიარებული პირადი არაქონებრივი უფლებები, კერძოდ: პატივი და ღირსება, რაც იმაში გამოიხატა, რომ ზ. გ-ი მუშაობდა შპს “მ...ს” დირექტორად. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და ამ კუთხით მის დირექტორს ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა პირთან და ასევე, ადამიანთა ფართო წრესთან. ცხადია, მ. ლ-ს მიერ მოსარჩელის მიმართ გავრცელებული გამამტყუნებელი ცრუ ინფორმაცია უარყოფითად შეცვლიდა მის პიროვნებაზე არსებულ საზოგადოებრივ აზრს, რაც წარმოადგენს სკ-ის მე-18 მუხლით განსაზღვრულ პატივის ცნების შინაარსს.

ხოლო, რაც შეეხება საქმიანი რეპუტაციის შელახვას, სასამართლოს მოსაზრებით, საქმიანი რეპუტაციის შელახვა გულისხმობს პირის მესამე პირებთან საქმიან ურთიერთობაში გამოწვეულ მარცხს, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-მ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად. 2001წ. 15 ოქტომბერს საქართველოს ტელევიზიის მეორე არხის ეთერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზ. გ-მა 1997-98 წლებში იტალიიდან საქართველოში შემოიტანა თხილის გადამამუშავებელი დანადგარები და მათი განბაჟების დროს თბილისის რეგიონალურ საბაჟოში წარადგინა ყალბი ინვოისები, პირადად მოაწერა ხელი საბაჟო დეკლარაციას და ამით ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, საბაჟო წესების დარღვევა.

2001წ. 2 ოქტომბერს მის მიერ ზ. გ-ის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” პუნქტით საბაჟო წესების დარღვევისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე.

2003წ. 25 თებერვალს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო პოლიციის უფროსმა გამომძიებელმა მიიღო დადგენილება ზ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ, რადგან მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვისას შიდა ქართლის ოლქის პროკურატურიდან ვერ შესძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინამსწრები მასალების გამოთხოვა, რომლებზე დაყრდნობითაც მან გაავრცელა ცნობები ტელევიზიის ... არხის მეშვეობით, შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ ვერ შესძლო გაერკვია თუ რამდენად შესაბამებოდა მ. ლ-ს მიერ ტელევიზიით გავრცელებული ცნობები მის ხელთ არსებულ მასალებს და გამომდინარეობდა თუ არა მათგან. გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილება ემყარება არასრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ მონაცემებს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მ. ლ-სადმი დაქვემდებარებული სამმართველოს მიერ შპს “მ...ში” ჩატარებული შემოწმების შედეგად მოპოვებულ ფაქტობრივ მონაცემებზე (მასალებზე) დაყრდნობით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიმართ გამოძიების მსვლელობის პროცესში იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება არ დასრულებულა შიდა ქართლის ოლქის პროკურატურის მიერ და საქმეზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ არ გამოტანილა და მითითებულ საქმეზე გამოძიება დღესაც გრძელდება. იტალიიდან საქართველოში 1997-98 წლებში შემოტანილ საქონელზე დარღვევის ფაქტი გამოძიებით დადგენილია და დღესაც უარყოფილი არ არის ოფიციალური გამოძიებით. ამ შემთხვევაში სასამართლო კოლეგია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტში ჩამოყალიბებულ დებულებათა შესაბამისად, ვალდებული იყო, შეეწყვიტა საქმის წარმოება მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

არამართებულია გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე (რაზეც ძირითადად დამყარებულია გადაწყვეტილება), თითქოსდა საქართველოს შსს მოკვლევის ორგანოს უფროსმა მ. ლ-მ, საქართველოს შსს პრესცენტრის გვერდის ავლით, პრესცენტრის დებულების მოთხოვნათა დარღვევით, საკუთარი ინიციატივით გაავრცელა ცნობები ტელევიზიის ... არხის მეშვეობით შპს “მ...ში” ჩატარებული შემოწმებით გამოვლენილი დანაშაულებრივი ფაქტის მიმართ. მისი შესაგებლით, სასამართლო კოლეგიის მიერ დაკითხული საქართველოს შსს-ს პრესცენტრის მუშაკების ჩვენებით ცალსახადაა დადგენილი ის ფაქტი, რომ მან ინტერვიუ ტელევიზიის ... არხს მისცა შსს-ს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის დავალებით და რომ ტელეჟურნალისტები მასთან მიიყვანეს პრესცენტრის მუშაკებმა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლო კოლეგიამ არასრულყოფილად გამოიკვლია ეს გარემოება და გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა მხოლოდ პრესცენტრის მუშაკთა გამოკითხვით, არ გამოიძახა სასამართლო სხდომაზე ტელევიზიის ... არხის ტელეჟურნალისტები და მათი დაკითხვით არ გაარკვია, ვის მიერ იყვნენ ისინი გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროში სადავო ფაქტთან დაკავშირებით ინტერვიუს ჩასაწერად, კოლეგია არც კი შეეცადა აღნიშნულის თაობაზე შსს-ში არსებულ წერილობითი დოკუმენტების გამოთხოვას.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ცნობების უარყოფა დაკისრებოდა არა ფიზიკურ პირ მ. ლ-ს, არამედ სახელმწიფო ადმინისტრაცულ ორგანოს _ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზ. გ-მა 2004წ. 4 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ლ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის ... არხის ეთერში მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, რადგან ეს ინფორმაცია ხელყოფდა მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. მან თავისი ქონებრივი უფლებების დაცვა მოითხოვა სკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

მითითებული ნორმის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი შეეფერება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფად ჩაითვლება, თუ არსებობს რაიმე ცნობის (ფაქტის) გავრცელება და ეს ცნობა შეიცავს ამ ნორმით დაცული ერთი ან რამდენიმე სიკეთესის ხელყოფას. ამდენად, არაქონებრივი უფლების დარღვევის იურიდიული კვალიფიკაციისათვის საკმარისია ამ ნორმით დაცული ერთ-ერთი სიკეთის ხელყოფაც.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კასატორი მ. ლ-ა მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს კორუფციისა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად. 2001წ. 15 ოქტომბერს კასატორმა საქართველოს ტელევიზიის ... არხის პროგრამაში “.. ..” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზ. გ-მა 1997-1998 წლებში იტალიიდან საქართველოში შემოიტანა თხილის გადამამუშავებელი დანადგარები და მათი განბაჟების დროს თბილისის რეგიონალურ საბაჟოზე წარადგინა ყალბი ინვოისები, პირადად მოაწერა ხელი საბაჟო დეკლარაციას და ამ გზით ჩაიდინა დანაშაული. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში ჩატარდა წინასწარი გამოძიება და 2003წ. 25 თებერვალს გამომძიებლის მიერ გამოტანილ იქნა ზ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება. გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილე ვერ დადასტურდა ვერც საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის შესაბამისად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. აღნიშნული უფლება წარმოადგენს პიროვნების უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის ხელშეუვალობაც ასევე გარანტირებული და აღიარებულია ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით.

ზემოაღნიშნული ნორმები და საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სასამართლომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას მართებულად გამოიყენა კანონი და ამ თვალსაზრისით არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფის თაობაზე, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის მე-3 მუხლში რეგლამენტირებულ პრინციპზე, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და ირჩევს სარჩელზე მოპასუხეს. მოსარჩელე თვლის, რომ მისი არაქონებრივი უფლებების შელახვა განპირობებულია კასატორის ქმედებით, ამასთან, კასატორმა ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა საქმეში დაცული მტკიცებულებების საწინააღმდეგო გარემოებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ კასატორმა ზემოაღნიშნული ცნობების გავრცელებისას იხელმძღვანელა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.