ას-242-525-04 12 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ღ.-ე 1995 წელს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა გ. ჯ.-სთან ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ერთი ვაჟიშვილი _ გ. ჯოგლიძე.
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1987წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ღ.-ე შვილთან ერთად შესახლებული იქნა ქ. თბილისში, ... ქ. მდებარე ოროთახიან ბინაში.
1989წ. 17 ივნისს გ. ჯ.-ესა და თ. ღ.-ს შორის ქორწინება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 3 ივლისის დადგენილებით თ. ღ.-ს აღნიშნული ბინიდან სარგებლობის უფლებით გამოეყო 12,65 კვ. ოთახი.
1998წ. 3 ივნისს სადავო ბინა პრივატიზებულ იქნა გ. ჯ.-ის დის თ. ჯ.-ის, სახელზე.
პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე გაუქმდა ამ ბინაში თ. ღ.-ის რეგისტრაცია, რაც ჩაითვალა უკანონოდ და 1998წ. 17 აგვისტოს მოხდა რეგისტრაციის აღდგენა.
2000წ. აპრილში თ. ღ.-მ აღძრა სარჩელი თ. და გ. ჯ.-ების მიმართ არასრულწლოვანი შვილის გათვალისწინებით ბინის 2\5-ზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თ. ჯ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
დავა არაერთხელ იყო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა განხილვის საგანი. უკანასკნელად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
თ. ჯ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ თ. ღ.-ე პრივატიზაციის დროს არ იყო ჩაწერილი ბინაში და მას არ ჰქონდა საკუთრების უფლებით წილის გამოყოფის მოთხოვნის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. ჯ.-ე და თ. ღ.-ე არიან ყოფილი მეუღლეები, რომლებსაც ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი გ. ჯ.-ე.
თ. ღ.-ისა და გ. ჯ.-ის უფლება ქ. თბილისში, ... ქ. ¹48-ის მე-2 კორპუსში მდებარე ოროთახიან ბინაზე დადასტურებულია ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1987წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 9 ივლისის დადგენილებით.
სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებს. ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტიოლებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამრიგად, მტკიცებას არ საჭიროებდა ის ფაქტი, რომ თ. ღ.-ს შვილთან ერთად მოპოვებული ჰქონდა უფლება სადავო ბინაზე. ამ ბინაზე თ. ღ.-ის მფლობელობა არ შეწყვეტილა კანონით დადგენილი წესით.
პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე სადავო ბინის მისამართზე თ. ღ.-ის რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო გ. ჯ.-ის განცხადება, რაც ჩაითვალა უკანონოდ და რეგისტრაცია დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი.
„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ბინები უსასყიდლოდ გადაეცემათ დამქირავებლებს და დამქირავებლის ოჯახის წევრებს.
სადავო ბინაზე ხუთ სულს გააჩნდა უფლება, რის გამოც თ. ღ.-ე და მისი ვაჟიშვილი გ. ჯ.-ე ცნობილ იქნენ პრივატიზებული ბინის 2\5-ის თანამესაკუთრედ.
სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
2004წ. 10 ნოემბერს საკასაციო პალატის სახელზე შეტანილი განცხადებით თ. ღ.-ე ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას, რაზედაც საქმის განხილვის დაწყებამდე უარი განაცხადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.