¹ ას-244-522-04 30 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: იჯარის ქირისა და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 13 მარტს რ. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ო-ას”, ხოლო შემდეგ მის უფლებამონაცვლე შპს “ჯ”-სა და შპს “ი-ას” მიმართ საიჯარო ქირის გადახდის, მოპასუხეთა ფართიდან გამოსახლებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1998წ. იანვარში ზეპირი გარიგების საფუძველზე შპს “ო-ას” იჯარით გადასცა მის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ...... მდებარე 1020,66 კვ.მ საცხოვერებელი სახლი 1 კვმ-ზე 10 აშშ დოლარის ყოველთვიურად გადახდის პირობით, რომელსაც ორივე მხარე დათანხმდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წერილობით მითითებული გარიგება უნდა გაფორმებულიყო ფართის მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან. რ. ო-ის განმარტებით, 1997წ. იანვრიდან მოპასუხე მხარე სარგებლობს მისი კუთვნილი ფათით და არ იხდის საიჯარო ქირას, რის გამოც მან მოითხოვა საიჯარო ქირის _ 612396 აშშ დოლარის, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 22046 აშშ დოლარის და ადვოკატის ჰონორარის, სადავო თანხის 4%-ს, 33314 აშშ დოლარის, მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე მისი კუთვნილი ფართიდან მხარის გამოსახლება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. შპს “ჯ”-ს შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს “ო-ასა” და რ. ო-ს შორის არანაირი ხელშეკრულება არ დადგებულა, ხოლო სადავო ფართი მოსარჩელემ დაუთმო მის ვაჟს _ ზ. ო-ს, შპს “ო-ას” დამფუძნებელს. მხარის განმარტებით, 2002წ. 20 ივლისის მინდობილობით რ. ო-მა სადავო სახლის ყოველგვარი სარგებლობისა და, მათ შორის, განკარგვის უფლება გადაანდო ზ. ო-ს, რომელმაც იმავე წლის 19 დეკემბერს გაასხვისა იგი შპს “ჰ-ზე”, ამ უკანასკნელმა კი 2003წ. 12 თებერვლის ხელშეკრულებით მიჰყიდა შპს “მ-ს”. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. შპს ტელეკომპანია “ი-ას” შესაგებელში აღინიშნა, რომ მხარემ იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს “მ-თან”, რის საფუძველზეც საზოგადოების იურიდიულ მისამართად მიეთითა ..... ქ.თბილისი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რ. ო-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვის დრო _ 2004წ. 11 მაისისათვის. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. 2004წ. 29 აპრილს რ. ო-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ შპს “ჯ”-სა და შპს ტელეკომპანია “ი-ა”-ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. აღნიშნულ განცხადებაზე რ. ო-ის ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მოცემული საქმის მასალები და მიაჩნია, რომ რ. ო-ის საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება რ. ო-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვის დრო _ 2004წ. 11 მაისისათვის. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. 2004წ. 29 აპრილს რ. ო-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ შპს “ჯ”-სა და შპს ტელეკომპანია “ი-ა”-ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. აღნიშნულ განცხადებაზე რ. ო-ის ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით.
სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია, სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
მითითებული ნორმების თანახმად, მხარე შესაბამისი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით უფლებამოსილია უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ო-ის შუამდგომლობის საფუძველზე მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ო-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.