Facebook Twitter

ას-245-526-04 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი, ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: შენობის უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

კომპანია «ვ-ომ» აღძრა სარჩელი სს «მ-ისა» და შპს «ს-ოს“ მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ..... მდებარე შენობის შპს «ვ-ოსათვის» დაბრუნება, შპს «ს-ოს» რეგისტრაციის გაუქმება და მოპასუხისათვის 89850,62 ლარის დაკისრება ზიანის ასანაზღაურებლად.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996წ. 30 აგვისტოს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს «ვ-ო». მისი დამფუძნებლები არიან კომპანია «ვ-ო» და სს «მ-ი». წესდების თანახმად, სს «მ-ს» საზოგადოებისათვის უნდა გადაეცა სასტუმრო «ს-ო» ყველა სექციითა და მასში არსებული მოწყობილობებით. 1997წ. 15 ოქტომბრის კონტრაქტით სს «მ-მა» შპს «ვ-ოს» გადასცა სასტუმროს შენობა, რის შესახებაც გაკეთდა სათანადო ჩანაწერი თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში. 2000წ. 5 ივნისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა 1997წ. 15 ოქტომბრის სანოტარო მოქმედება. გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ნოტარიუსს უნდა დაედასტურებინა არა ხელმოწერის სინამდვილე, რაც მან განახორციელა, არამედ გარიგების შინაარსი და მისი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა სანოტარო მოქმედება და მას არ დაუდასტურებია გარიგების ბათილობის ფაქტი. სს «მ-მა» გაუქმებულად ჩათვალა თავად კონტრაქტი და განახორციელა შპს «ვ-ოს» საკუთრებაში არსებული შენობის უკან დაბრუნება, რითაც ზიანი მიადგა კომპანია «ვ-ოს». შპს «ვ-ო» დღემდე განაგრძობს შენობის ფლობას და მასთან დაკავშირებულ ყველა გადასახადს იხდის.

2001წ. 25 იანვარს სს «მ-მა» დააფუძნა შპს «ს-ო». მის საწესდებო კაპიტალში შეიტანა შპს «ვ-ოს» კუთვნილი შენობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება სანოტარო მოქმედების გაუქმების შესახებ არასაკმარისი ფაქტია შენობაზე საკუთრების უფლების შეცვლისა და საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციისათვის. სს «მ-ის» ქმედება უკანონოა და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მოსარჩელე მოითხოვდა შპს ,,ვ-ოსთვის“ მისი კუთვნილი შენობის დაბრუნებასა და საჯარო რეესტრის 21.07.00 და 06.02.01 ჩანაწერების გაუქმებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 18 ივნისის განჩინებით მოსარჩელე კომპანია «ვ-ო» შეიცვალა შპს «ვ-ოთი», რომელმაც მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს 1997წ. 15 ოქტომბრის კონტრაქტსა და შპს «ვ-ოს» წესდების მე-4 გვერდზე. წესდების 5.5.2 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ სასტუმრო «ს-ოს» შენობა კომპანიას უნდა გადასცემოდა მფლობელობაში და კომპანია «ვ-ოს» უნდა უზრუნველეყო ამ შენობის რეკონსტრუქცია. შენობაში განხორციელდა რემონტი 500 000 ინვესტიციით.

რაც შეეხება 1997წ. 15 ოქტომბრის კონტრაქტს, იგი დადებისთანავე იყო ბათილი, რადგან მას ხელს აწერს სს «მ-ის» მხრიდან მაჭარაშვილი და შპს «ვ-ოს» მხრიდან ახრახაძე, ნოტარიულად დამოწმებულია მხოლოდ მათი ხელმოწერები. შპს «ვ-ოს» მხრიდან ხელს აწერს ახრახაძე, როცა მისი წესდების მე-7 მუხლით არსებობს დირექტორთა საბჭო და სულ ცოტა 2 დირექტორს უნდა მოეწერა ხელი გარიგებაზე.

ამავე დროს, შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას, თუმცა მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არ წარმოუდგენია საქმეში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ-ომ“ და მოითხოვა მისი გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე კოლეგიის სხვა შემადგენლობას. პალატამ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გარკვეულიყო, თუ რომელი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა შპს „ვ-ოს“ საკუთრებად საჯარო რეესტრში ქონების აღრიცხვა, არის თუ არა აღრიცხვის საფუძველი გაუქმებული და არსებობს თუ არა მათი შეცვლის პირობები.

საქმის ხელახალი განხილვისას საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით კვლავ არ დაკმაყოფილდა შპს „ვ-ოს“ სარჩელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 1997წ. 22 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია. აღნიშნული ხელშეკრულებით სასამართლომ დაადგინა, რომ 1996წ. 14 იანვრის საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო „ვ-ოს“ შექმნის ძირითადი შეთანხმების, სს „მ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების, სს „მ-ის“ აქციონერთა საერთო კრების ¹2 ოქმისა და შპს „ვ-ოს“ რეგისტრაციის შესახებ თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე შენობა გადაეცა სს „მ-ის“ ბალანსიდან შპს „ვ-ოს“ ბალანსზე, ხოლო შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა არ შეიძლება იყოს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1997წ. 11 ივლისს გაცემული ტექნიკური პასპორტიც ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისი მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ორ იურიდიულ პირს შორის ურთიერთობა საკუთრების გადაცემის თაობაზე უნდა მოწესრიგდეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება წესდების 5.5.2. მუხლზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა შპს «ვ-ოსათვის» შენობის გადაცემას მფლობელობაში და არა საკუთრებაში. კოლეგიამ უცილოდ ბათილ გარიგებად მიიჩნია 1997წ. 15 ოქტომბრის ხელშეკრულება, რადგან, სასამართლოს აზრით, ხელშეკრულების დადებისას დაცული არ არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ამასთან, უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება დადასტურებული არ არის ნოტარიულად.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის 2000წ. 19 ივლისისა და 1999წ. 16 მარტის ჩანაწერების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კონტრაქტზე ნოტარიუსის მოქმედების გაუქმების გამო, სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე შემდგომში გაცემულ იქნა 2000წ. 19 ივლისისა და 2001წ. 6 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერები. ამავე დროს კოლეგიამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 348-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სასამართლო, რომელმაც ასეთი რეგისტრაცია განახორციელა, ამიტომაც მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ს-ოს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზეც, რადგან შენობა იმ პერიოდისათვის ირიცხებოდა შპს „ვ-ოზე“ და იგი ვალდებული იყო, ეხადა გადასახადები. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ქონებაზე სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ-ომ“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რაც სასამართლომ შპს „ვ-ოსა“ და სს „მ-ს“ შორის შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა გააიგივა სახელმწიფო ორგანოებს შორის ქონების ოპერატიული მართვით გადაცემასთან. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ბალანსიდან ბალანსზე ქონების გადაცემის ხელშეკრულება ¹1 არ წარმოშობს საკუთრების უფლებას, ამასთან, არც ტექნიკური პასპორტი წარმოადგენს საკუთრების უფლების შესაბამის დოკუმენტს. არ მიუთითა კანონი, რომელსაც ამყარებს ამ დასკვნას. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა 1997წ. 15 ოქტომბრის ხელშეკრულებას და არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ შპს „ვ-ოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ინგლისური ვარიანტით შენობა უნდა გადასცემოდა შპს „ვ-ოს“ საკუთრებასა და მფლობელობაში, ხოლო ამავე დოკუმენტებით ინგლისურ და რუსულ ვარიანტებს უპირატესობა ენიჭებოდა დავის არსებობის შემთხვევაში. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ 1996წ. 14 იანვარს შემდგარი პარტნიორთა კრების ოქმი დადასტურებულია ნოტარიულად და არასწორად მიუთითა, რომ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს ნოტარიულად. ამასთან, კასატორის მითითებით კოლეგიამ ფაქტობრივად მოახდინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების რევიზია, რაც კანონის უხეში დარღვევაა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1999წ. 16 მარტის ჩანაწერის უზუსტობა სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადასტურებულა, ამიტომ სასამართლოს სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი სწორედ ამ ჩანაწერების მიმართ უნდა გამოეყენებინა. კასატორის მითითებით, კომუნიკაციები დღემდე შპს „ვ-ოს“ სახელზეა აღრიცხული, ხოლო შენობას ფლობს შპს „ს-ო“, ამიტომ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯები მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს-ოს“ რეგისტრაციასთან მიმართებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება არ ემყარება მტკიცებულებათა სრულ და ყოველმხრივ განხილვას.

სასამართლო მიუთითებს, რომ შპს «ვ-ოს» წესდების 5.5.2. პუნქტის თანახმად, სს „მ-მა“ იკისრა ვალდებულება, კომპანიის რეგისტრაციისთანავე შპს „ვ-ოსათვის“ გადაეცა მფლობელობაში და არა საკუთრებაში სასტუმრო „ს-ო“ ყველა სექციით. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, თუ რა მოიაზრება ტერმინში „მფლობელობა“. სამოქალაქო სამართლის კოდექსი განსაზღვრავს გარიგებათა ფორმებს, რაც არ უკავშირდება საკუთრების უფლების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რა სახის ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა შორის ამ შეთანხმებით და შესაძლებელია თუ არა ამ გარიგებებით პირის მფლობელობაში არსებული ქონების შეტანა საწესდებო კაპიტალში, როგორც ეს მითითებულია წესდების 4.3.1. პუნქტში.

სასამართლო კოლეგიამ სს „მ-სა“ და შპს „ვ-ოს“ შორის დადებული 1997წ. 22 მაისის ხელშეკრულებით დაადგინა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმრო „ს-ოს“ შენობა სს „მ-ის“ ბალანსიდან გადაეცა შპს „ვ-ოს“. იმის დასადგენად, თუ რა უფლება წარმოეშვა შპს „ვ-ოს“ აღნიშნული შეთანხმების შედეგად, სასამართლოს უნდა ემსჯელა ხელშეკრულებაში მითითებული სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების, აქციონერთა საერთო კრების ოქმის, შპს „ვ-ოს“ სასამართლო რეგისტრაციის მონაცემებისა და 1996წ. 14 იანვარს საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო „ვ-ოს“ შექმნის ძირითადი შეთანხმების საფუძველზე. ამ უკანასკნელი შეთანხმების მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, „ვ-ოს“ სასტუმროს შენობა გადაეცა მფლობელობაში და საკუთრებაში, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს მსჯელობას. ამასთან, სასამართლოს უნდა შეეფასებინა შპს „ვ-ოს“ წესდების 4.3.1 პუნქტი, რომლის თანახმად, სს „მ-მა“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა სასტუმრო „ს-ოს“ შენობის მარცხენა ფლიგელის რესტორნის საბანკეტო დარბაზი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 110000 აშშ დოლარს. საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა. ამდენად, პალატა თვლის, რომ შპს „ვ-ოს“ უფლების შესაფასებლად აუცილებელია აღნიშნულ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასება ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებთან ურთიერთმიმართებაში.

პალატა თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე, კერძოდ, უძრავი ქონების შეძენაზე, გასხვისებასა და დატვირთვაზე. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მითითებული მუხლი ეხება უკვე არსებული იურიდიული პირის ქონების განკარგვას და არა პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში წილის შეტანის წესს.

პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოება, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებში შპს „ვ-ოს“ უფლების გაუქმება მის საწესდებო კაპიტალში არსებულ ქონებაზე და რამდენად კანონიერად აღირიცხა იგი სხვა მესაკუთრეზე. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერების სისწორეზე და არ მსჯელობს სარჩელში დაყენებულ მოთხოვნაზე ანუ საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორეზე.

აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რა გარემოებებმა განაპირობა შპს «ვ-ოს» საწესდებო კაპიტალში არსებული ქონების გადასვლა სხვა პირის საკუთრებაში და შეემოწმებინა აღნიშნული გარემოების სამართლებრივი საფუძველი. სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. ვინაიდან მხარე უთითებს ჩანაწერის უსწორობაზე, ასეთი მონაცემების მიმართ კანონით მითითებული პრეზუმფციის არსებობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეესტრის მონაცემთა სისწორის დასადასტურებლად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაადგინოს, რის საფუძველზე და რამდენად სწორადაა დაფიქსირებული მონაცემები საჯარო რეესტრში და იმსჯელოს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველზე. არასწორია სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ 1997წ. 15 ოქტომბრის კონტრაქტზე სანოტარო მოქმედების გაუქმება გახდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში მონაცემების შეცვლის საფუძველი. მითითებულ კონტრაქტზე სანოტარო მოქმედების გაუქმებას ან თუნდაც ბათილობას მაშინ ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა, თუ იგი საფუძვლად დაედებოდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში შპს «ვ-ოზე» აღნიშნული ქონების აღრიცხვას. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კონტრაქტი დადებულია შპს «ვ-ოზე» ქონების აღრიცხვის შემდგომ პერიოდში, ამიტომ მას არანაირად არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა შპს «ვ-ოს» უფლებაზე დავის საგანთან მიმართებაში.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 348-ე მუხლი. მოცემული ნორმა გამოიყენება უდავო წარმოების საქმეებზე იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგისტრირებელი სასამართლო საკუთარი ინიციატივით ახორციელებს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას. იგი არ გამოიყენება მხარეთა შორის დავის არსებობის დროს.

ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული საკითხი შესაძლებელია, გადაწყდეს მხოლოდ ზემოთ მითითებული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ ანუ როდესაც დადგინდება, ვინ არის სადავო ქონების მესაკუთრე და იყო თუ არა მართლზომიერი მფლობელი ელექტროენერგიისა და წყლის მომხმარებელი. ამასთან დაკავშირებით, მის მიერ განხორციელებული მოქმედება უნდა შეფასდეს სკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონის ნორმის შინაარსი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებათა სრულ, ობიექტურ და ყოველმხრივ განხილვას, ამიტომ საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ვ-ოს» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.