ას-247-529-04 16 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: გარიგებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტომ და საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტრომ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების შპს „ს.-ის“, ს/ს „გ.-ის“ მესამე პირის _ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შპს „...-ს“ მიმართ და მოითხოვეს შპს „ს.-სა“ და შპს Q”...-ს” შორის 2000წ. 17 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების, ასევე ს/ს „რ.-ს“ და შპს “...-ს” შორის 2001წ. 25 იანვარს ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ გარემოებებზე:
1998წ. 3 სექტემბერს სახელმწიფო კომპანია „ს.-სა“ და ს/ს „რ.-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგად ს/ს „რელასს“ დაუგროვდა დავალიანება კომპანია „ს.-ს” მიმართ. ამ უკანასკნელის სამართალმემკვიდრე გახდა შპს „ს.-ო“, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იან წილზე სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. 2000წ. 17 ოქტომბერს შპს „ს.-სა“ და შპს “...-ს” შორის გაფორმდა ¹22 მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ს.-ის“ ს/ს „რ.-ის“ მიმართ 5.362.084 ლარის მოთხოვნის უფლება გადაეცა შპს „კ.-ს“. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა დირექტორების ი.ღლონტისა და გერშონ მოსკოვიჩის მიერ. ამასთან, 2001წ. 25 იანვარს ს/ს „რ.-სა“ და შპს „ს.-ს“ შორის 1998წ. 3 სექტემბრის ¹184 ხელშეკრულების სამართალმემკვიდრედ აღიარებულ იქნა “...” და ამ უკანასკნელს გადაეცა ს/ს „რ.-ის“ კრედიტორული დავალიანება „ს.-ის“ მიმართ, რამაც შეადგინა 5362084 ლარი.
შპს „ს.-ის“ 100% წილის მესაკუთრე არის სახელმწიფო და, შესაბამისად, საწარმოს კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები წარმოადგენენ მის ქონებას. ამდენად, ფულადი დავალიანების მოთხოვნის უფლების დათმობა „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და შპს „ს.-ის“ წესდების მიხედვით, შეთანხმებული უნდა იყოს, როგორც პარტნიორთა კრებასთან, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსთან. აღნიშნული არ განხორციელებულა, რითაც დაირღვა კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები. ხელშეკრულებები ს/ს „რ.-ის“ მხრიდან ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის _ ი. კ.-ის მიერ, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5-2, 5-4 და 5.6 პუნქტების თანახმად, არ იყო რეგისტრირებული და, შესაბამისად, არ ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილია ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტიც.
თავდაპირველად მოპასუხე შპს „ს-მ“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად და მის საქმიანობას წარმოადგენს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების მომსახურება. ამდენად, სადავო გარიგების დადებისას იგი არ გასცდენია ჩვეულებრივ საქმიანობას.
მოპასუხე ს/ს „გ.“-ს წარმონადგენელმა სარჩელი ცნო. მისი არგუმენტით, შედარების აქტზე ხელმომწერი კ.-ძე დირექტორი არასდროს ყოფილა. რაც შეეხება აქტის შინაარსს, შპს „ს.-ო“ შეიქმნა 2000 წელს და 1998 წელს გარიგებას ვერ დადებდა.
მესამე პირი შპს “...-ის” სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ კ.-ე ს/ს „რ.-ს“ წარმოადგენდა ყველა სახის ურთიერთობებში. ამასთან, ს/ს ,,რ.-ის’’ დავალიანებები შემდგომშიც დადასტურებულ იქნა საზოგადოების დირექტორის ვ.კ.-ის მიერ. შპს „ს.-მ“ მოახდინა ვადადამდგარი ვალდებულებების ჩათვლა შპს „...-ის“ მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ს.-ს მესამე პირის მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა. ამ გარიგებით ქონების განკარგვა არ მომხდარა. წესდების გარდა შპს „ს.-ის“ დირექტორს შინაგანაწესით ევალებოდა საწარმოს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების გასწორება, რისთვისაც ნება დაერთო, დაედო მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებები. ამასთან, მესამე პირი მოცემულ დავას ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ მიიჩნევს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო გარიგება და აქტი ბათილად იქნა ცნობილი, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ის“ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სადავო მოთხოვნის დათმობის და ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტის არსებობა. კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი და განმარტა, რომ მოპასუხე შპს „ს.-ო“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმათა შესაბამისად. ამ კანონის 9.1 და 49 მუხლებისა და შპს “ს.-ის” წესდების 8.2 მუხლის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს. იმავე კანონის 9.3 მუხლის მეორე აბზაცის მიხედვით, დირექტორის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს სამეთვალყურეო ორგანოების ან საზოგადოების კრების აუცილებელი თანხმობის დაწესებით, მაგრამ რაც შეეხება წარმომადგენლობით უფლებამოსილებას იმავე კანონის 9.4 მუხლის მიხედვით, იგი შეუზღუდავია.
შპს “ს.-ის” წესდების 3.1 მუხლის მიხედვით, საზოგადოების საქმიანობის საგანია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ამოქმედებამდე არსებული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების მომსახურება. წესდების 8.3 მუხლის მიხედვით, დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით. 2000წ. 1 მარტს ¹3 ოქმით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის 4.6 მუხლით, დირექტორი იღებს ყველა ზომას დებიტორული და კრედიტორული დავალიანების გასწორების უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია, დადოს საზოგადოების კუთვნილი სხვადასხვა დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებები.
2000წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულებით შპს “ს.-მ” განახორციელა ს/ს “რ.-ის” მიმართ მოთხოვნის დათმობა, რომლის შედეგად შპს “...-ის” მიმართ არსებული საკუთარი დავალიანება გაქვითა, რაც საზოგადოების საქმიანობის საგნის კეთილსინდისიერად განხორციელებას წარმოადგენს. ამ ხელშეკრულების დადებისას შპს “ს” მოქმედებდა “მეწარმეთა შესახებ კანონის”, საზოგადოების წესდებისა და შინაგანაწესის ფარგლებში და დირექტორს უფლებამოსილებისათვის არ გადაუმეტებია.
სასამართლო კოლეგია არ იზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებებს და თვლის, რომ სადავო გარიგების ნამდვილობის შეფასებისათვის ვერ გამოდგება სამეთვალყურეო საბჭოსა და დამფუძნებლის ნებართვის გაუცემლობით საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის არგუმენტი.
სკ-ის 198-ე და 199-ე მუხლებზე დაყრდნობით კოლეგია თვლის, რომ შპს “ს.-სა” და შპს “...-ს” შორის 2000წ. 17 ოქტომბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილობის კანონით განსაზღვრული საფუძვლები. კოლეგიის აზრით, უსაფუძვლოა საწარმოთა მართვის სააგენტოს სარჩელის მოთხოვნა ს/ს “რ.-სა” და შპს “...-ს” შორის 2001წ. 25 იანვრის ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ს/ს “რ.-ის” მხრიდან ხელისმომწერი ვ. კ.-ე არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი. სადავო გარიგებით მასზე ხელმომწერმა წარმომადგენელებმა გამოავლინეს ნება იმის შესახებ, რომ შპს “...” არის რაღაც სამართალურთიერთობის მემკვიდრე და ს/ს “რ.-ის” 1999წ. 1 ივლისის მდგომარეობით არსებული დავალიანება 5.362.084 ლარის ოდენობით შპს “ს.”-ის მიმართ გადადის შპს “...-ის” საკუთრებაში. კოლეგიის განმარტებით, სამართალმემკვიდრეობის განსაზღვრა ხდება კანონით და არა მხარეთა შეთანხმებით, რის გამოც სადავო აქტის მითითება სამართალმემკვიდრეობაზე სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, იგი სკ-ის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგებად ვერ შეფასდება და, შესაბამისად, მისი ნამდვილობის შემოწმებაც საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ს/ს “რ.-ის” დავალიანების აღიარებას შპს “...-ს” მიმართ, კოლეგია თვლის, რომ მხარეთა შორის 2001წ. 3 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტით ს/ს “რ.-ის” უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ იგივე შინაარსის გარიგებით ფაქტობრივად გამოვლინდა 2001წ. 25 იანვრის გარიგების მოწონების ნება, რითაც სკ-ის 111-ე მუხლის გათვალისწინებით სადავო გარიგება ნამდვილი გახდა.
მოსარჩელეებმა ვერ განმარტეს ის იურიდიული ინტერესი, თუ რატომ უნდა განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო გარიგებების ბათილად გამოცხადება, რის გამოც სარჩელები პროცესუალურად დაუშვებელია, რაც სარჩელებზე უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველია.
საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება “საწარმოთა მართვის სააგენტომ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. კასატორმა მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, რომელიც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, ხოლო შპს “ს.”-ის წესდების 6.2 მუხლით, “საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება”, რომლის ფუნქციებს ახორციელებს დამფუძნებელი ერთპიროვნულად. ამავე წესდების 6.5 მუხლის შესაბამისად, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია, “მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების ან გაცვლის გარიგებების შესახებ, ჩვეული საქმიანობის წარმართვის გარდა”. კასატორის განმარტებით, შპს “ს.-ო” წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტს, რომლის წილის 100% წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს 15948380 ლარს. მასში შეტანილია, ძირითადად, დებიტორული დავალიანებები, მათ შორის ყოფილი ს/ს “რ.-ის” დებიტორული დავალიანება 5.332.086 ლარი. მხარის აზრით, შპს “...-სათვის” ს/ს “რ.-ის” მიმართ ფულადი დავალიანების 5.352.086 ლარის მოთხოვნის უფლების დათმობა “მეწარმეთა შესახებ” კანონისა და შპს “ს.-ის” წესდების აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, აუცილებლად საჭიროებდა, როგორც პარტნიორთა კრების, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვას. ამასთან, პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო სამართლის ნორმები გარიგებათა შესახებ. კერძოდ, გარიგების ნამდვილობისა და მისი ბათილობის ნორმები. კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ საერთოდ არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ს/ს “რ.-ის” დებიტორული დავალიანება არის არა შპს “ს.-ის” ბალანსზე რიცხული ქონება, არამედ საწესდებო კაპიტალის შემადგენელი ნაწილი და საზოგადობის ხელმძღვანელის მიერ მისი გასხვისებით, საწესდებო კაპიტალი, დამფუძნებლის თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, შემცირდა 5.352.086 ლარით, რაც არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. უსაფუძვლოა სასამართლო კოლეგიის განმარტება ს/ს “რ.-სა” და შპს “...-ს” შორის 2001წ. 25 იანვარს ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტის ნამდვილობის თაობაზე. მანვე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამავე აქტზე ხელმომწერ მ. კ.-ეს არ ჰქონდა სამეწარმეო რეესტრით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ემოქმედა ს/ს “რ.-ის” სახელით. ამდენად, მის მიერ ამავე საზოგადოების სახელით დადებული ყველა გარიგება ბათილია, რითაც დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.2, 5.4 და 5.6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, კასატორის მითითებით, აღნიშნული აქტის შედგენის საფუძველი, როგორც შინაარსიდან ირკვევა, არის 2000წ. 17 ოქტომბრის ბათილი გარიგება.
შპს “...-ის” წარმომადგენლის განმარტებით, შპს “ს.” საკასაციო საჩივარს მხარი უჭერს. მხარემ მიუთითა, რომ შპს “ს.”-ის და შპს “...-ს” შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა წამოიშვა 2000წ. 17 ოქტომბრიდან, როდესაც მხარეებს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის მფლობელი უთმობდა შემძენს 5352084 ლარის ოდენობით დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლებას ს/ს “რ.-ის” მიმართ, რომელის სამართალმემკვიდრეა “გ.-ა”. ს/ს “რ.-ის” დავალიანება დადასტურებული იყო ქ. რუსთავის სასამართლოს 2000წ. 1 აგვისტოს გადახდის ბრძანებით. მხარის განმარტებით, 2000წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულებით მოთხოვნის მფლობელი უთმობდა შემძენს დავალიანების დაგვიანებით გადახდისათვის დასარიცხი საურავის მოთხოვნის უფლებას ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ¹184 ხელშეკრულების 1.4.2 პუნქტის შესაბამისად. შპს “...-ს” შპს “ს.-ის” მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა შპს “მ.-საგან”, რომლის 2.982.604,97 აშშ დოლარის დავალიანება გააჩნდა. ამდენად, შპს “...” შპს “ს.-ის” კრედიტორს წარმოადგენდა. 2000წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულება დაიდო საზოგადოების დამფუძნებლის ყოფილი ქონების მართვის სამინისტოს თანხმობის გარეშე. აღნიშნულის შესახებ შპს “ს.--ს” 2001წ. 13 აგვისტოს წერილობით აცნობა აღმასრულებელმა დირექტორმა და მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო შპს “ს.-ის” 2001წ. 24 ოქტომბრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა 2000წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულება გაუქმება. შპს “...-მა” უარი განაცხადა ხელშეკრულების გაუქმებაზე, ვინაიდან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს დებიტორული დავალიანების ნებისმიერი ფორმით გასხვისება საჭიროებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეთანხმებას. ზემოხსენებული ხელშეკრულების გაუქმების მიზნით შპს “ს.-ის კერძო არბიტრაჟში შეტანილ სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით. ამდენად, შპს “ს.-მ” “საწარმოთა მართვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა 2000წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულების გაუქმებას.
“გ.-მ” “საწარმოთა მართვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა. მხარემ მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო შპს “ს.-სა” და “...-ს” შორის 2000წ. 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, ასევე ს/ს “რ.-სა” და “...-ს” შორის 2001წ. 25 იანვრის ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით, რადგან 2000წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულება დადებულ იქნა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9(ბ)-ე და 47.2-ე მუხლების მოთხოვნათა უხეში დათხოვნით, რაც სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, მის ბათილად ცნობის საფუძველია. მხარის განმარტებით, ს/ს “რ.-სა” და “...-ის” მიერ 2001წ. 25 იანვარს შედგენილ ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” კანონის 56.1-ე მუხლის თანახმად, სააქციო საზოგადოების წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს. სადავო აქტს კი ხელს აწერს მოქალაქე ი. კ.-ე, რომელიც დირექტორად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. მხარის აზრით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ასევე 2001წ. 3 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტი, ვინაიდან ს/ს “რ.-ის” გენერალური დირექტორი ვ. კ.-ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დარეგისტრირებული იქნა მხოლოდ 2001წ. დეკემბრის თვეში და ამდენად, ურთიერთშედარების აქტი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და 2000წ. 17 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული დავის საგანს წარმოადგენს შპს “ს.”-სა და შპს “...-ს” შორის 2000წ. 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ და ს/ს “რ.-სა” და შპს “...-ს” შორის 2001წ. 25 იანვარს შედგენილი ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტი. დასახელებულ შეთანხმებათა ბათილობა მოთხოვნილია “საწარმოთა მართვის სააგენტოსა” და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელებით, რომლებზედაც მოპასუხეებად დასახელებულნი არიან შპს “ს.” და ს/ს “გ.-ა”.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა რა სსკ-ის 180-ე მუხლზე დაასკვნა, რომ მოსარჩელეებმა ვერ განმარტეს, თუ რატომ უნდა განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო გარიგებების ბათილად გამოცხადება და რა იურიდიული ინტერესი გააჩნიათ მათ, რის გამოც სარჩელები პროცესუალურად დაუშვებელი ხასიათის მატარებლებიც არიან. კოლეგიის მოსაზრებით, აღნიშნული სარჩელებზე უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოტანილად მიჩნევისა და მისი გაუქმების საფუძველია. კერძოდ:
სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
ხსენებული ნორმით აშკარად არის გამოკვეთილი, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის აუცილებელია კანონით დადგენილი სავალდებულო წინაპირობის – მოსარჩელის დავის საგნისადმი იურიდიული ინტერესების არსებობა, რაც დასაბუთებული და ასახული უნდა იქნეს სარჩელში. აღიარებითი სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებისათვის სავალდებულოა სსკ-ის 186-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის უფლების წინაპირობებთან ერთად იურიდიული ინტერესის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უარი უნდა თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ან უკვე მიღებული სარჩელი უნდა დატოვოს განუხილველი. იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ სადავო შეთანხმებათა ბათილად ცნობას ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მათი იურიდიული ინტერესი. ასევე გაურკვეველია, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეთა რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი მოყვება მათთვის, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა გამოიკვლიოს კონკრეტულად რა უფლებაში ეცილებიან საქმეში მოპასუხეებად ჩართული პირები მოსარჩელეს და მოსარჩელეთა რომელი უფლების დარღვევის საშიშროება არსებობს. ამასთან, ამავე მიმართებით უნდა დადგინდეს სარჩელის დაკმაყოფილების და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში რამდენად აღსრულებადი იქნება გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც სადავო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე მხოლოდ მესამე პირადაა ჩართული.
სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას საკმარისად არ გამოუკვლევია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, სასამართლო სარჩელზე უარის თქმის და დირექტორის კეთილსინდისიერების მამტკიცებლად მიუთითებს მესამე პირის მიერ წარმოდგენილ შპს “ს.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილ შინაგანაწესზე, რომლის უტყუარობა დადასტურებული არ არის.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გაარკვიოს საქმეში წარმოდგენილი შინაგანაწესის დედანთან და მისი მიღების პროცედურის კანონთან შესაბამისობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საწარმოთა მართვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სასამართლო ხარჯების საბოლოო განსაზღვრა მოხდეს საქმის განხილვის დამთავრებისას.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.