Facebook Twitter

ას-248-528-04 27 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. რ-ის მიმართ და მოითხოვა ავტოავარიის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს-ის სარჩელი და თ. რ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2171 ლარის გადახდა.

2000წ. 29 აგვისტოს თ. რ-მა საჩივრით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

2000წ. 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ა. ს-ის სარჩელი და თ. რ-ს დაეკისრა 1904 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. რ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ნოემბრის და 2000წ. 29 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ თ. რ-ს ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1904 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. რ-მა, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ იგი სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ყოფილა მოწვეული სასამართლო სხდომაზე.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინებით თ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ თ. რ-ს კანონის სრული დაცვით გაეგზავნა სასამართლო უწყება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, მაგრამ იგი შეგნებულად არიდებს თავს ჩაიბაროს, როგორც სასამართლო უწყება, ისე სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, რათა უსაფუძვლოდ გააჭიანუროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. რ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვა თ. რ-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცვლელად იქნა დატოვებული ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ თ. რ-ი რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2003წ. 5 თებერვალს 12 საათზე მოწვეული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მას სასამართლო უწყება სხდომაზე მოწვევის თაობაზე გაეგზავნა სასამართლოსთვის ცნობილ ორივე მისამართზე, საიდანაც სასამართლოს მოუვიდა შეტყობინება, რომ ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს და კარები დაკეტილია. დადგენილად ცნო ისიც, რომ თ. რ-ი მის მიერ მითითებულ მისამართებზე დროებით აღარ ცხოვრობს და გადასული იყო საცხოვრებლად საგარეჯოში თავის ქალიშვილთან, რაც სასამართლოსთვის არ უცნობებია. მიიჩნია, რომ ყვარლის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე სწორად ცნო ჩაბარებულად თ. რ-ისათვის უკანასკნელ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყება, რადგან მან არ აცნობა სასამართლოს მისი საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის შეცვლის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. რ-მა, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, იგი სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მისი დაცვის უფლებები და როგორც ინვალიდს არ დაუნიშნა სახაზინო წესით ადვოკატი. ამასთან, იგი არის ყრუ-მუნჯი და არ იცოდა, რაზე ესაუბრებოდნენ მოსამართლეები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს-ის სარჩელი. თ. რ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2225 ლარის გადახდა. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად თ.რ-მა გაასაჩივრა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა რ-ის სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. ყვარლის რაიონულ სასამართლოში სხდომა რამოდენიმეჯერ გადაიდო მოპასუხე რ-ის გამოუცხადებლობის გამო და ბოლოს სხდომა დაინიშნა 2003წ. 5 თებერვალს, თ.რ-ს გაეგზავნა შეტყობინება სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მას უწყება გაეგზვნა სასამართლოსათვის ცნობილ ორივე მისამართზე. შეტყობინება დაბრუნდა, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს და ამიტომ რაიონულმა სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა თ.რ-ის სააპელაციო საჩივარი, რადგან სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, „მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავისი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს“.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი არის ყრუ-მუნჯი და არ იცოდა, რაზე ესაუბრებოდნენ მოსამართლეები. ასევე მოითხოვა ადვოკატი, რაც არ დაუკმაყოფილეს. საქმეში წარმოდგენილია თარჯიმანის ხელწერილი და სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ თ. რ-ს უთარგმნიდა მისთვის გასაგებ ენაზე შვილი _ რ. რ-ი. გარდა ამისა, იგი სხდომაზე არ უარყოფდა, რომ სასამართლოსთვის საცხოვრებლის შეცვლის შესახებ არ უცნობებია. ასევე მას სააპელაციო სასამართლოში არ მოუთხოვია ადვოკატის დანიშვნა.

აღწერილ ვითარებაში, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.