Facebook Twitter

¹ას-250-571-04 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 22 იანვარს შპს „ჯ-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს აჭარის ა/რ სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის „ა-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 300385 აშშ დოლარის ეკვივალენტის _ 660847 ლარისა და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების სადავო თანხის 4%-ის დაკისრება. მოსარჩელე აღნიშნულ მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ 1998წ. 15 ოქტომბერს უკრაინის ფირმა „პ-სა“ და შპს „ჯ-ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „პ-ი“ იღებდა ვალდებულებას, შპს „ჯ-ისათვის“ მიეწოდებინა 320 ტონა შაქარი. შაქრის ღირებულება უნდა გადახდილიყო პროდუქციის მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში. შპს „ჯ-მა“ 320 ტონა შაქრიდან, რომელიც განთავსებული იყო 20 კონტეინერში, 16 კონტეინერი გადმოზიდა ქ. ბათუმში. 4 კონტეინერი დატოვებულ იქნა შაქრის შენახვისა და მომსახურების ხარჯების დაფარვის გარანტად. მოგვიანებით, გარკვეული ხარჯების გაწევის შემდეგ, 4 შაქრის კონტეინერი გადაიზიდა ქ. ბათუმში.

მოსარჩელის მითითებით, შპს „პ-ის“ დირექტორ თ. ჩ-ესთან შეთანხმებით გადაწყდა შაქრის რეალიზაცია 1999წ. სექტემბრისათვის, რის გამოც 5057 ტონა შაქარი შესანახად განთავსდა შპს „ბ-ში“. შაქრის რეალიზაციისათვის დათქმული დროისათვის შპს „ჯ-მა“ შპს „ბ-ის“ ხელმძღვანელობას მოსთხოვა მიბარებული შაქარი, რაზედაც უპასუხეს, რომ ბაზაში შაქარი აღარ არსებობდა. ბაზის ხელმძღვანელობასთან არაერთხელ შედგა მოლაპარაკება, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, მათ შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა ვერც შაქრისა და ვერც მისი ღირებულების დაბრუნებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელე განმარტავს, ბოლო მოლაპარაკება შედგა 2002წ. 7 თებერვალს, მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ მოხერხდა. 2002წ. ივნისში შპს „პ-ის“ დირექტორმა საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში ო. ბერიძის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა თანხების მითვისება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა გარემოებამ მას დაანახა, რომ თანხის დაბრუნებას არავინ აპირებდა და სარჩელით მიმართა სასამართლოს.

შპს „ჯ-ი“ მიიჩნევს, რომ სკ-ის 785-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული შაქრის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მის მიერ მიბარებული 5057 ტომარა შაქრის ღირებულება შეადგენდა 136539 აშშ დოლარს. სკ-ის 403-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის 3%-ის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 4096 აშშ დოლარს, ხოლო 40 თვის განმავლობაში 163840 აშშ დოლარს ანუ 660847 ლარს.

აჭარის ა/რ სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ჯ-ის“ შუამდგომლობა და ყადაღა დაედო „ა-ის“ სახელზე რიცხულ უძრავ-მოძრავ ქონებას. ამავე კოლეგიის 2003წ. 5 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო შპს „ბ-ა“ და, შესაბამისად, ყადაღა დაედო მის უძრავ-მოძრავ ქონებას.

სასამართლოს 2003წ. 13 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა „ა-ის“ წარმომადგენლის, რ. ფ-ის შუამდგომლობა და „ა-ი“, როგორც არასათანადო მხარე, ამოირიცხა საქმიდან. 2003წ. 14 მარტის სასამართლოს განჩინებით მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მოიხსნა ყადაღა. 2003წ. 12 სექტემბრის განჩინებით „ა-ი“ ჩართულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 5057 ტომარა შაქრის ღირებულებისა, მოითხოვა 4396 ტომარა შაქრის ღირებულება 153860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ასევე 4 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის სახით 161000 აშშ დოლარის დაკისრება, მაგრამ რადგან სასარჩელო მოთხოვნა თავიდანვე იყო 300385 აშშ დოლარი, სასარჩელო მოთხოვნა აღარ გაზრდილა და მოითხოვა ამ თანხისა და მისთვის გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ბ-ას“ დაეკისრა 153 860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, მასვე დაეკისრა 6154 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების სახით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო მიბარების ხელშეკრულება. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებისა და თ. ჩ-ის განცხადების საფუძველზე სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი შაქრის „ბ-ისათვის“ მიბარების თაობაზე. ასევე მოწმეთა ჩვენებებისა და ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა მიბარებული შაქრის ოდენობაც. მოპასუხის არგუმენტი რ. ხ-ის არაუფლებამოსილების თაობაზე და ასევე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მითითებაზე გაზიარებული არ იქნა და სასამართლომ სკ-ის 785-ე მუხლის საფუძველზე მიმბარებელს აუნაზღაურა როგორც შაქრის ღირებულება, ასევე ზიანიც, მასვე დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები.

ამავე სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით ყადაღა მოეხსნა შპს „ბ-ის“ ლიტერ „ს“ ერთსართულიან შენობას იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სადავო ქონების ღირებულება გაცილებით მეტია მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხაზე.

შპს „ბ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ კანონის დარღვევით მიიღო სარჩელი წარმოებაში. ამასთან, მხარის მოთხოვნის გარეშე დაედო ყადაღა მათ ქონებას. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით იგი არ იქნა ამორიცხული, როგორც მოპასუხე. ასევე სასამართლომ არ დაასაბუთა, გაფორმდა თუ არა მიბარების ხელშეკრულება მხარეთა შორის, არ შეაფასა მტკიცებულებები 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 317-ე და 188-ე მუხლები, არ იმსჯელა საქმეში არსებულ 1999წ. 17 მარტის აქტზე და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები და არ იმსჯელა თ. ჩ-ის საქმეში მხარედ ჩაბმაზე. კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა ემსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე. ამასთან, არასწორია სასამართლოს მსჯელობა ზიანის ანაზღაურებისა და შაქრის ფასთან მიმართებაში. არასწორადაა განმარტებული სსკ-ის 53-ე მუხლი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჯ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ თავის დროზე სასამართლომ უკვე იმსჯელა შპს „ბ-ის“ ქონების დაყადაღებაზე, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით. კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა უზენაეს სასამართლოში. შპს „ჯ-ი“ მიიჩნევს, რომ მითითებულ საკითხზე არ შეიძლებოდა ახალი განჩინების მიღება, რადგან არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. ამასთან, სასამართლოს არ შეეძლო, ემსჯელა ქონების ღირებულებაზე, რადგან სასამართლოსათვის არაა ცნობილი დაყადაღებული ქონების ღირებულება. მათი ინფორმაციით კი დაყადაღებული ქონებიდან ყველაზე ღირებული არის ლიტერ „ს“ ერთსართულიანი შენობა, რომელსაც მოეხსნა ყადაღა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია.

მოცემულ შემთხვევაში შპს „ბ-ა“ საქმის განხილვისას აყენებდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს. მართალია, სასამართლო მსჯელობს აღნიშნული საკითხის თაობაზე, მაგრამ დასაბუთება არასრულია. კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ შაქრის ბაზიდან გატანის თაობაზე შეიტყო 1999წ. სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ მხარეთა შორის აღნიშნულის თაობაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება. სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სასამართლოს დასკვნა გამოაქვს მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ უთითებს, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის მიდიოდა მოლაპარაკება. ამასთან, 2002წ. ივნისში თ. ჩ-ის მიერ განცხადების შეტანა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ათვლის წერტილად, რადგან მხარემ, როგორც ეს თვით გადაწყვეტილებაშია მითითებული, ბაზიდან შაქრის გატანის თაობაზე შეიტყო 1999წ. სექტემბერში, ამიტომ ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს ამ მომენტიდან, თუ არ არსებობს სკ-ის 138-ე მუხლში მითითებული პირობები. სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, სარჩელი კი შეტანილია 2003წ. 22 იანვარს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი შეფასებით იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის საკითხზე, რადგან აღნიშნულ გარემოებას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცეს საქმის გადასაწყვეტად.

პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების უგულებელყოფით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას მტკიცებულებათა შეფასების დროს, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული არ არის მოსამართლის მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რატომ გაიზიარა მოწმეების _ ს-ის, თ. დ-ის, ზ. თ-ის და სხვათა ჩვენებები. ამასთან, არადამაჯერებლადაა დასაბუთებული ბაზაში მიბარებული შაქრის რაოდენობაც და, საერთოდ, შაქრის მიბარების ფაქტი.

სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ის გარემოება, თუ ვინ იყო ბაზის ხელმძღვანელი, შეიძლება დადასტურდეს სამეწარმეო რეესტრის საფუძველზე. მითითებული ნორმის საფუძველზე აღნიშნულის თაობაზე მოწმეთა ჩვენება ან ბრძანების წიგნი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.

პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული სკ-ის 785-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, შემნახველი პასუხისმგებელია გადაცემული საქონლის დაკარგვით ან დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის. მოცემულ მუხლში ლაპარაკია მხოლოდ მიყენებული ზიანისა და არა პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებაზე. ზიანის ანაზღაურება, სკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, თვითონ მოიცავს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას.

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულება, ვინ იყო მიმბარებელი, რა რაოდენობის შაქარი იქნა მიბარებული და, აქედან გამომდინარე, ვინ შეიძლება პასუხი აგოს მოსარჩელის მიმართ არსებულ ვალდებულებებზე ანუ ვინ არის სათანადო მოპასუხე. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.

ამასთან, პალატა თვლის, რომ შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მიერ 2003წ. 5 მარტის განჩინება ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებას. სასამართლოს მიერ სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, დაეტოვებინა ყადაღა იმ ქონებაზე, რაც აუცილებელია მითითებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ყადაღამოხსნილი ქონება უფრო მეტად ღირებულია, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. მხარეს კი არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლიტერ „ს“-ს ღირებულების საკითხს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილულ იქნეს იმავე სასამართლოს მიერ, ხოლო შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ბ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

შპს «ჯ-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 დეკემბრის განჩინება.

სასამართლოს ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.