საქმე # 010100120003424031
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№30აპ-21 ქ. თბილისი
ხ–ე ხ., №30აპ-21 14 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ხ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არის უკანონო, ხოლო სასჯელის ნაწილში - აშკარად ლმობიერი; კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც საფუძვლად დაედო დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლას, რომ თითქოსდა, 10 თვის ბავშვი ვერ აღიქვამს მისივე ოჯახის წევრზე - დედაზე ძალადობას, არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან; კანონმდებლის ნება, ინკრიმინირებული ყოფილიყო ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არ არის დაკავშირებული არასრულწლოვნის (თუნდაც 10 თვის ბავშვის) აღქმაზე, მთავარია - დანაშაულის მისი თანდასწრებით ჩადენა, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანსაღ განვითარებას; ხ. ხ–სათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით, კასატორი მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით დადგენილმა პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზანი და ხ. ხ–მ კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ. ხ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. ბ...........ში, ...........ის გამზირის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ. ხ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე კამათისას, მეუღლეს - ნ. მ–ს, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ხ–ს თანდასწრებით, სახეში დაარტყა ხელი, რის შეეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ხ. ხ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით ხ. ხ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ხ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ხ. ხ–ს ქმედებაში გამოკვეთილი იყო მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ხ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ხ. ხ–ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, ნამდვილად შეეძლო თუ არა 10 თვის მცირეწლოვანს, რეალურად აღექვა ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ. ხ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია და არ არის გამოკვეთილი განაჩენის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები (იხ.: ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 იანვრის განჩინება საქმეზე №615-20).
11. რაც შეეხება ხ. ხ–სათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ხ. ხ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას), სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრება და მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით (შეურიგდა მსჯავრდებულს, ისინი განაგრძობენ ერთ ოჯახად ცხოვრებას და არ სურს ხ. ხ–ს მკაცრად დასჯა), საკასაციო სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად; საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშიებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ხვიჩა ხინკილაძე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რომელიც ახალი დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჰქონდა გაქარწყლებული და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ნასამართლობა სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების, მათ შორის - დამნაშავისათვის სასჯელის შერჩევის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ მიიღება.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი