საქმე # 330100120003918028
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №230აპ-21 ქ. თბილისი
ფ-ი ჰ 230აპ-21 9 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
ვლადიმერ კაკაბაძე, ალექსანდრე წულაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხივლვის კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:
1.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ. ხ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
მ. ხ-ი, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 14 დღით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, მ. ხ-ს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა - 58,679 აშშ დოლარი, 34 533.69 ლარი, 2 880 ევრო, 111 000 რუბლი, 10 კანადური დოლარი, 810 დირჰამი, 81 გრივნა, 2 დინარი, 50 ფუნტი და 4 900 000 რეალი. სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ივლისიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;
1.2. ჰ. ფ-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ივლისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
2.1. ჰ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჰ. ფ-ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
3.1. ჰ. ფ-ა ჩაიდინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.2. საქართველოში მცხოვრებმა ი-ს ი-ი რესპუბლიკის მოქალაქემ ჰ. ფ-ა 2015 წლის ივნისში განიზრახა უკანონო სამეწარმეო საქმიანობით, ს-ს ტერიტორიიდან ი-ს ი-ი რესპუბლიკის საბანკო სისტემაში შიდა გადარიცხვების განხორციელებით, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მომსახურებას, რომლის განხორციელების უფლება, კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აქვს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, ან კომერციულ ბანკს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. „სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული მოსაკრებელი შეადგენს 5 000 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ჰ. ფ-ი არ იყო რეგისტრირებული საგადასახადო მომსახურების პროვაიდერად, მან თ-ი გახსნა ოფისი, სადაც 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის 10 ოქტომბრამდე ს-ს ტერიტორიიდან ი-ს ი-ი რესპუბლიკის საბანკო სისტემაში განახორციელა შიდა გადარიცხვები, კერძოდ, ჰ. ფ-ი ი-ს ი-რ რესპუბლიკაში საბანკო ანგარიშზე რიცხავდა კლიენტის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან ირანულ ფულად ერთეულში, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს ს-ი ხელზე აძლევდა გადარიცხული თანხის ეკვივალენტურ აშშ დოლარს, გაზრდილი კურსითა და მომსახურების პროცენტის გათვალისწინებით; ასევე ის კლიენტებისგან ხელზე იღებდა თანხას აშშ დოლარში, რის შემდეგაც აღნიშნული თანხის ეკვივალენტ ირანულ ფულად ერთეულს რიცხავდა კლიენტის მიერ მითითებულ, ი-ს ი-რ რესპუბლიკაში არსებულ საბანკო ანგარიშზე, ირანულ ფულად ერთეულ რეალში, გაზრდილი კურსითა და მომსახურების პროცენტის გათვალისწინებით. აღნიშნული საქმიანობით მითითებულ პერიოდში ჰ. ფ-ა მიიღო 183490 ლარის დიდი ოდენობით შემოსავალი, ასევე 5000 - ლარიანი მოსაკრებლის გადახდისაგან თავის არიდებამ სახელმწიფოს მიაყენა მნიშნელოვანი ზიანი.
4. კასატორი - პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დანაშაულის ჩასადენად გამიზნული და დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების: 101 218 აშშ დოლარის, 5850 ევროს, 32140 ლარის, 65900 რუბლის, 360 აზერბაიჯანული მანათის, 3500 უნგრული ფორინტის, 2065 თურქული ლირის, 50 უკრაინული გრივნის, 10 არაბული დირჰამის, 60 სტერლინგის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ-ი, პ-ს გამზირის N...-ში მდებარე ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა სწორედ ჰ. ფ-ს ეკუთვნოდა და წარმოადგენდა დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ და დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას. მოწმეების: მ. გ-ს, მ. ც-ა და გ. გ-ს ჩვენებები, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ამოღებული თანხებიდან 90 000 აშშ დოლარი არის მათი ოჯახების დანაზოგი, ხოლო დანარჩენი თანხა კი განკუთვნილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობისათვის, რეალობასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება; მოწმეები ცდილობენ, რომ დანაშაულის გზით მოპოვებული და დანაშაულის საქმიანობისათვის განკუთვნილი თანხები, თავიანთ საკუთრებად წარმოაჩინონ.
5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ჰ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ხ-მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5.1. შესაგებელში ადვოკატი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე წლებია მიმდინარეობს გამოძიება და ვერ დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები სადავო თანხის კუთვნილებაზე. აღნიშნული საკითხი სამოქალაქო დავის საგანს განეკუთვნება. ამ შემთხვევაში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, რომ არ არსებობდა მტკიცებულება სადავო თანხების მსჯავრდებულ ჰ. ფ-ს მიერ დანაშაულებრივად გამოყენებასა და მოპოვებაზე. ის სადავო თანხები, რაც ამოღებულია ჰ. ფ-ს საქმეზე, მისი ოფისის ჩხრეკის შედეგად, ბრალდების მხარემ არ მიუთითა თავის მტკიცებულებათა გაცვლის ოქმსა და სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 52-ე საფუძველზე, ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
6.3. სასჯელის სამართლიანობა:
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს მხოლოდ სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის ჩასადენად გამიზნული და დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის დანარჩენ ნაწილებში თანმიმდევრულადაა განმარტებული თითოეული ტერმინის შინაარსი; სასჯელთან მიმართებით, მე-4 ნაწილი კი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, ,,დანიშნულ სასჯელში“ უპირობოდ მოიაზრება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სახის სასჯელები.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევა მოიცავს სამ, კონკრეტულ შემთხვევას:
1) დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, 2) დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და 3) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების არსებობას (მოცემულ საქმეში კასატორი აპელირებს ბოლო ორ შემთხვევაზე).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ზოგადი მოთხოვნების გათვალისწინებით, სადავო ნორმა (იგულისხმება საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სასჯელის შეფარდებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, თუ ვისგან მოდის განზრახვა, ვინ იყენებს ნივთებს ასეთი მიზნისთვის. სადავო ნორმის მიხედვით, ასეთი განზრახვა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისგან მომდინარეობს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების სტადიაზე კონკრეტული ადგილიდან/პირისგან ნივთის ამოღება თავისთავად არ მიანიშნებს მისი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების მიზანსა და დანაშაულებრივ წარმომავლობაზე; მოცემულ შემთხვევაში, ნივთის მესაკუთრის/კანონიერ მფლობელთან ერთად, მნიშვნელოვანია, უტყუარად დასტურდებოდეს ფაქტი, რომ სწორედ ეს ნივთი იყო გამიზნული დანაშაულის ჩასადენად ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. როდესაც აღნიშნული გარემოება ბადებს გარკვეული სახის ეჭვებს და აღნიშნულის საპირისპიროდ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ხსენებულ ეჭვებს ობიექტურად გააქარწყლებდა, დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა ვერ იქნება გამართლებული.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიუთითოს, თუ რომელი მტკიცებულებები ადასტურებს ან პირიქით, უარყოფს ფაქტს, რომ ნივთი გამიზნულია დანაშაულის ჩასადენად და რომ ქონება დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, მართალია, მსჯავრდებული აცხადებს, რომ მითითებული თანხები არის მისი საკუთრება, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება მოწმეების: მ. ც-ს, მ. გ-ა და გ. გ-ს ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ოფისიდან ამოღებული თანხები არის მათი ოჯახის საკუთრება. კერძოდ, მოწმე მ. ც-მ განაცხადა, რომ 2013 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა თ-ი, პ-ს N...-ში მდებარე სავალუტო პუნქტში და ეწეოდა სავალუტო საქმიანობას ინდ.მეწარმე მ. გ-ს სახელით. 2017 წელს ფართის ნაწილში განთავსდა ჰ. ფ-ს ოფისი. 2018 წლის 10 ოქტომბერს უშიშროების თანამშრომელები შევიდნენ ჰ-ს ოთახში, სადაც ჩატარდა ჩხრეკა; შემდეგ შევიდნენ მოწმის ოთახში და უჯრიდან ამოიღეს თანხა. 90 000 დოლარი იყო მისი შვილების, ხოლო დანარჩენი თანხები - სავალუტო ჯიხურის. თავის მხრივ, მოწმის შვილებმა: მ. გ-ა და გ. გ-ა დაადასტურეს ოფისში არსებული მათი კუთვნილი თანხების შესახებ.
შესაბამისად, ჩხრეკის შედეგად ოფისიდან ამოღებული ათი სხვადასხვა ფულის ერთეულის (რომლის ჩამორთმევასაც პროკურორი ითხოვს) კუთვნილება და წარმომავლობა უტყუარად არ არის დასაბუთებული. ამასთან, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკუთრების კანონიერი ფლობის ფაქტის დადგენა, ცალკე აღებული, არ არის საკმარისი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები მიუთითებენ, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით უნდა იყოს მოპოვებული ან/და უნდა დასტურდებოდეს, რომ ნივთი დანაშაულის ჩასადენად იყო გამიზნული.
დამატებით აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით (ტ. V, ს.ფ. 234-235) მოცემული საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან იკვეთებოდა სხვა პირების შესაძლო მონაწილეობა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ოფისიდან ამოღებული თანხის ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით.
6.4. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
6.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ა. წულაძე