Facebook Twitter

¹ბს-1325-901(კ-05) 22 თებერვალი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ მ. თ.-ი, წარმომადგენლები: გ. გ.-ი და გ. ყ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე: ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები: 1. თ. ზ.-ე

2. მ. ბ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო განკარგულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 3 დეკემბერს მ. თ.-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის _ თ. ზ.-ის მიმართ და იძულებითი აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002 წლის 16 სექტემბერს გამართულ აუქციონზე გაიყიდა ქ. რუსთავში, ...-ის ქ. ¹5-107-ში მდებარე, მის სახელზე რიცხული ერთოთახიანი ბინა. აუქციონი ჩატარდა ისე, რომ მესაკუთრისათვის არ უცნობებიათ იძულებითი აუქციონის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე აღმასრულებელს იგი არ გაუფრთხილებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მ. თ.-ი არ ეთანხმებოდა ბინის 800 ლარად შეფასებას და განმარტავდა, რომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე მოხდა სადავო ბინის 800 ლარად შეფასება. მისი თქმით, აღმასრულებელს ბინა არც კი უნახავს, ისე მოახდინა მისი შეფასება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. თ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნითYდასტურდებოდა, რომ აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარებას მ. თ.-ი თავისი ხელმოწერით მოწმობდა და მისთვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების დრო და თარიღი. სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოსარჩელის განმარტება აღმასრულებლის მიერ ბინის არასწორად შეფასებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქმეში მოიპოვებოდა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ბინის შეფასების თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილებაში მოხმობილი ექსპერტიზის დასკვნა არ იყო სრულყოფილი, მასში მხოლოდ სავარაუდო პასუხი იყო მოცემული. მ. თ.-ის მოსაზრებით, სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თავად უნდა გამოეკვლია გარემოებები და საქმეზე დაენიშნა კომისიური ექსპერტიზა. აპელანტის განმარტებით, აღმასრულებელმა დაარღვია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლი, კერძოდ, სადავო ბინა, რომელიც 800 აშშ დოლარად შეფასდა, აღმასრულებელმა საწყის ფასად 600 აშშ დოლარი განსაზღვრა, ანუ შეამცირა ბინის ფასი.

მ. თ.-ის სააპელაციო საჩივარზე მესამე პირმა _ თ. ზ.-ემ შესაგებელი წარადგინა, უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივარი და მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 თებერვლის განჩინებით მ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. თ.-ს თ. ზ.-ის სასარგებლოდ 580 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იგი აღსასრულებლად აღმასრულებელს გადაეცა.

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ 2002 წლის 5 აგვისტოს მ. თ.-ის ბინა დააყადაღა, რომელიც აუდიტორის მიერ შეფასდა 800 აშშ დოლარად. აღნიშნულ ბინაზე განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 2002 წლის 16 სექტემბერს, რაზედაც გაკეთდა განცხადება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აუქციონი ჩატარდა 2002 წლის 16 სექტემბერს, რა დროსაც ბინა შეიძინა თ. ზ.-ემ 630 ლარად. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონი ჩატარდა ,,სააღსრულებო წამოებათა შესახებ" კანონის 77-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი აუქციონის ხარჯებს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებასა და კრედიტორის მოთხოვნების დასაფარავად მაინც უნდა ყოფილიყო საკმარისი. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაცული იყო.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი აუქციონზე ბინის გაყიდვის შესახებ არ გაუფრთხილებიათ და მიუთითა საფოსტო განყოფილების შეკვეთილ გზავნილზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მას აუქციონის შესახებ ეცნობა. საქმეზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვითაც საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე ხელისმოწერა, სავარაუდოდ, მ. თ.-ის მიერ იყო შესრულებული. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეზე მიღებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განმარტა, რომ იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. თ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და, საბოლოოდ, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:

საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ თ. ზ.-ის მიერ აუქციონზე შეძენილი ბინა 2004 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გასხვისებულ იქნა მ. ბ.-ეზე (ს.ფ. 225-229). სასამართლოს კი განსახილველი ადმინისტრაციული პროცესის შესახებ მ. ბ.-ისათვის არ უცნობებია და იგი საქმეში მესამე პირად არ ჩაურთავს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ბინის ახალი მესაკუთრის - მ. ბ.-ის ინტერესებს შეეხებოდა, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი საქმეში მესამე პირად უნდა ყოფილიყო ჩაბმული.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ 2002 წლის 16 სექტემბერს განმეორებითი აუქციონი გაიმართა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის" 77-ე მუხლის საფუძველზე, აღმასრულებელს უფლება ჰქონდა, განმეორებით გამართულ აუქციონზე შეემცირებინა ბინის ფასი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არ ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი არ იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი ოქმები პირველი და განმეორებითი აუქციონის შესახებ. სასამართლოს ასევე არ გაურკვევია, იყო თუ არა გამოქვეყნებული იძულებითი აუქციონის თაობაზე მიღებული განკარგულებები კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და გამოქვეყნების შემთხვევაში, რა სახის აუქციონი იყო მითითებული _ პირველი თუ განმეორებითი, ასევე არ დაუდგენია გამოქვეყნებული ფასის ოდენობა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებელმა პირველი აუქციონის ჩატარების შესახებ განკარგულება მიიღო 2002 წლის 21 აგვისტოს, რა დროსაც აუქციონი დაინიშნა 29 აგვისტოსათვის, ხოლო განკარგულებაში დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული ფასის, 800 აშშ დოლარის ნაცვლად, 600 აშშ დოლარის მითითება მექანიკური შეცდომა იყო. აღნიშნული მტკიცება საკასაციო პალატამ ვერ გაიზიარა იმ მოტივით, რომ 2002 წლის 21 აგვისტოსათვის, ანუ განკარგულების გამოცემის დროისათვის, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა არ არსებობდა, ასეთი დასკვნა გაიცა 2002 წლის 22 აგვისტოს. განკარგულების გამოცემის დროისათვის აღმასრულებელს დამოუკიდებელი აუდიტორის წინაშე გასაყიდი ქონების შეფასების თაობაზე მოთხოვნაც კი არ ჰქონდა წარდგენილი. აღმასრულებლის მოთხოვნა ქონების შეფასების თაობაზე დათარიღებული იყო 2002 წლის 22 აგვისტოს რიცხვით.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინებაში მითითებული გარემოებები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად მ. ბ.-ე იქნა ჩაბმული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის ახალი გადაწყვეტილებით მ. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები და სააღსრულებო განკარგულება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. თ.-ს თ. ზ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 580 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის შესაბამისად გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად აღმასრულებელს გადაეცა (ს.ფ. 21). საფოსტო განყოფილების შეკვეთილი გზავნილით მ. თ.-ს ეცნობა აუქციონის ჩატარების შესახებ. საქმეზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის მიხედვით საფოსტო გზავნილზე ჩაბარების ხელმოწერა, სავარაუდოდ,Oმ. თ.-ს ეკუთვნოდა (ს.ფ. 119-120). თ. ზ.-ემ მის მიერ აუქციონზე შეძენილ ბინაში გადაიხადა 635.60 ლარი (ს.ფ. 33). თ. ზ.-ემ მის მიერ აუქციონზე შეძენილი სადავო ბინა 2004 წლის 10 თებერვალს გაასხვისა მ. ბ.-ეზე (ს.ფ. 225-229).

სასამართლომ მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიურომ, საქმის დაკარგვის გამო, ხსენებული სააღსრულებო წარმოების მასალების წარმოდგენა ვერ შეძლო (ს.ფ. 209).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ აღმასრულებელმა დაიცვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, შეადგინა ოქმები პირველი და განმეორებითი აუქციონის შესახებ. საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, ნამდვილად იყო თუ არა პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია პირველი და განმეორებითი აუქციონის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებობდა სასამართლო აღმასრულებლის მიმართვის ასლი გაზეთ «სიტყვა და საქმის» მიმართ, სადაც 2002 წლის 16 სექტემბერს განმეორებითი აუქციონის ჩატარებაზეა საუბარი, ხოლო პირველადი აუქციონის ჩატარებაზე მიმართვა არსად ფიქსირდებოდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ აუქციონის გამოცხადებული იყო 2002 წლის 16 სექტემბერს, ბინა შეფასებული იყო აუდიტორის მიერ შეფასდა 800 აშშ დოლარად. სადავო ბინა იმავე დღეს გაიყიდა 635 ლარად. სასამართლოს განმარტებით, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 47-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება ბინა სააღსრულებო განკარგულებაში მითითებული საწყისი ფასის _ 800 აშშ დოლარზე ნაკლებად გაეყიდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სააღსრულებო ბიურომ პირველი აუქციონის ჩატარების შესახებ განკარგულება 2002 წლის 21 აგვისტოს მიიღო, რომლის თანახმად, აუქციონი დაინიშნა 29 აგვისტოს. აღნიშნული განკარგულების თანახმად, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბინის ფასად განისაზღვრა 600 აშშ დოლარად, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 2002 წლის 22 აგვისტოს აუდიტორული დასკვნა სადავო ბინის 800 აშშ დოლარად შეფასების შესახებ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ 2002 წლის 21 აგვისტოს, განკარგულების გამოცემისას, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საერთოდ არ არსებობდა. ამ დროისათვის აღმასრულებელს ქონების შეფასების თაობაზე მოთხოვნაც კი არ ჰქონდა წარდგენილი აუდიტორთან. ხსენებული მიმართვა დათარიღებულია 2002 წლის 22 აგვისტოთი (ს.ფ. 30).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, საპირისპიროს დამტკიცებამდე, სადავო ბინის შემძენი მ. ბ.-ე კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა. მოცემული დავის საგანს კი მხოლოდ აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო განკარგულების ბათილად ცნობა შეადგენდა, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გასცდენოდა სარჩელის ფარგლებს.

ხსენებული გადაწყვეტილება მ. თ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:

სააპელაციო სასამართლომ, მართალია, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დააკმაყოფილა მისი სარჩელი და ბათილად ცნო აუქციონის შედეგები და სააღსრულებო განკარგულება, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მესამე პირი _ მ. ბ.-ე სადავო ბინის კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა საქმის მასალებს, ვინაიდან, მიიჩნია რა ბათილად სადავო აუქციონის შედეგები, ბინა კვლავ სხვა პირის _ მ. ბ.-ის საკუთრებაში დატოვა, იგი კი, მიუხედავად სარჩელის დაკმაყოფილებისა, კვლავ უბინაოდ დარჩა. კასატორის თქმით, მისი ბინის გასხვისება საქმის განხილვის მიმდინარეოებისას მოხდა ისე, რომ მისთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლოს არც მოსარჩელის კომპენსაციის მიღების უფლებაზე უმსჯელია.

მ. თ.-მა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც სადავო ბინა კვლავ მის სახელზე აღირიცხებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. თ.-ს თ. ზ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 580 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის შესაბამისად გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად აღმასრულებელს გადაეცა (ს.ფ. 21). საფოსტო განყოფილების შეკვეთილი გზავნილით მ. თ.-ს ეცნობა აუქციონის ჩატარების შესახებ. საქმეზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის მიხედვით საფოსტო გზავნილზე ჩაბარების ხელმოწერა, სავარაუდოდ,Oმ. თ.-ს ეკუთვნოდა (ს.ფ. 119-120). თ. ზ.-ემ მის მიერ აუქციონზე შეძენილ ბინაში გადაიხადა 635.60 ლარი (ს.ფ. 33), რომელიც 2004 წლის 10 თებერვალს მ. ბ.-ეზე გაასხვისა (ს.ფ. 225-229). საქმეში არსებობს სასამართლო აღმასრულებლის მიმართვის ასლი გაზეთ «...-ის» მიმართ, სადაც 2002 წლის 16 სექტემბერს განმეორებითი აუქციონის ჩატარებაზეა საუბარი, ხოლო პირველადი აუქციონის ჩატარებაზე მიმართვა არსად ფიქსირდება. აუქციონი გამოცხადებული იყო 2002 წლის 16 სექტემბერს, ბინა აუდიტორის მიერ შეფასდა 800 აშშ დოლარად. სადავო ბინა იმავე დღეს 635 ლარად, ანუ სააღსრულებო განკარგულებაში მითითებული საწყისი ფასის _ 800 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასად გაიყიდა. სააღსრულებო ბიურომ პირველი აუქციონის ჩატარების შესახებ განკარგულება 2002 წლის 21 აგვისტოს მიიღო, რომლის თანახმად, აუქციონი დაინიშნა 29 აგვისტოს. აღნიშნული განკარგულების თანახმად, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბინის ფასად 600 აშშ დოლარი განისაზღვრა, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 2002 წლის 22 აგვისტოს აუდიტორული დასკვნა სადავო ბინის 800 აშშ დოლარად შეფასების შესახებ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 21 აგვისტოს, განკარგულების გამოცემისას, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საერთოდ არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინის მყიდველი მ. ბ.-ე, საპირისპიროს დამტკიცებამდე, კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია, რადგან მასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა.

ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორსა და სხვა მონაწილე პირებს აბარებს. მათ უწყება უნდა ჩაჰბარდეთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ხსენებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი.

ამავე კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში. ამ კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მოიცავდეს უძრავი ქონების საწყისს ფასს, რაც ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებულ ფასს წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება ხდება საჯაროდ, სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით.

ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი ნიშნავს განმეორებით აუქციონს, რომელიც ცხადდება იმავე ფორმით, რაც პირველადი აუქციონისთვის იყო განსაზღვრული.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს ხსენებული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, მხარეებს უფლება აქვთ აღმასრულებლის მიერ აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედებები გაასაჩივრონ კანონით დადგენილი წესით. აღმასრულებლის მიერ გამოცემული განკარგულება თ. ზ.-ისათვისBსადავო ბინის გადაცემის თაობაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ვინაიდან გასაჩივრებულია აღმასრულებლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აღმასრულებელს, როგორც სადავო განკარგულების გამომცემ მხარეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ბიურომ ვერ შეძლო წარმოედგინა სადავო ბინის აუქციონის შესახებ წარმოებული სააღსრულებო საქმე იმ მოტივით, რომ იგი დაკარგული იყო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ ხსენებული საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერაც იყო გამოთხოვილი, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული არ შეუსრულებია, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად განმარტავენ, იმ დროისათვის საქმე ჯერ დაკარგული არ იყო და სააღსრულებო ბიუროში იმყოფებოდა.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სააღსრულებო ბიურომ ვერც სხვა სახით შეძლო დაედასტურებინა, რომ მან სააღსრულებო საქმისწარმოება კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა პირველი აუქციონის დანიშვნის შესახებ საჯაროდ გამოცხადების მტკიცებულება, რომლის ვალდებულებაც მას «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად ჰქონდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ, მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, სასამართლო აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებების თაობაზე ოქმები არ შეუდგენია და ისე მოახდინა ქონების აუქციონის წესით გასხვისება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აუდიტორის მიერ დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ 2002 წლის 22 აგვისტოს გაცემული დასკვნის შესაბამისად, სადავო ბინის საბაზრო ღირებულება 800 აშშ დოლარად განისაზღვრა (ს.ფ. 26). საქმეში წარმოდგენილია სასამართლო აღმასრულებლის 2002 წლის 16 სექტემბრის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ, რომლის მიხედვითაც სადავო ბინის საწყის ფასად 800 ლარია მითითებული, ხოლო ეს უკანასკნელი აუქციონის წესით თ. ზ.-ის მიერ 635 ლარად იქნა შეძენილი (ს.ფ. 35). ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სასამართლო აღმასრულებლის 2002 წლის 21 აგვისტოს განკარგულებაში მითითებული დასკვნა, რომლითაც სადავო ბინა დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შეფასებულია 600 აშშ დოლარად (ს.ფ. 25), საქმეში არ მოიპოვება და წარმოდგენილია მხოლოდ შემდეგი დღით, 22 აგვისტოთი დათარიღებული აუდიტის დასკვნა, სადაც ბინა 600 აშშ დოლარის ნაცვლად, 800 აშშ დოლარადაა შეფასებული.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავში, ...-ის ქ. ¹5-107-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასხვისება აუქციონის წესით მოხდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონით დადგენილი წესების უხეში დარღვევით, რაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მესამე პირის _ მ. ბ.-ის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. თ.-ის სასარჩელო მოთხოვნას აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და სასამართლო აღმასრულების განკარგულების გაუქმება წარმოადგენდა, მოსარჩელეს მ. ბ.-ესთან სადავო ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა რა მოუთხოვია(ს.ფ. 2).

საკასაციო სასამართლოში მ. თ.-მა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და სადავო ბინის კვლავ მის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, მას არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის მიხედვით, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, სადავო ბინის კვლავ მ. თ.-ის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნაზე იმსჯელოს, ვინაიდან აღნიშნული დავის საგანი არ ყოფილა. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილია მესამე პირის _ მ. ბ.-ის შემდგომ სადავო ბინის სხვა პირებზე გასხვისების სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებებიც.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.