ას-253-548-04 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 27 ნოემბერს ბ. ი.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ფ.-ის მიმართ სესხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1999წ. 10 ნოემბერს მოპასუხეს ერთი წლის ვადით ასესხა 2500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.ფ.-ის კუთვნილი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ... მოსარჩელის განმარტებით, თანხის დროულად დაუბრუნებლობის გამო, მან განიცადა როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანი, რის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხისათვის სულ 4300 აშშ დოლარის დაკისრება.
ქ. ფ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბ.ი.-ისაგან სადავო თანხა ისესხა ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით, რაც უკანონოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს შეადგენს. მისი განმარტებით, მოსარჩელისათვის სულ გადახდილი ჰქონდა 3400 აშშ დოლარი, ამდენად, მისი ვალი გასტუმრებულად მიიჩნია.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ. ფ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხა _ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დარჩა დაუკმაყოფილებელი. სასამართლო კოლეგიამ მხარეთა შორის სადავო სესხის ხელშეკრულების არსებობა დადგენილად მიიჩნია, თუმცა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სათანადოდ დასაბუთებულად არ ჩათვალა. კოლეგიამ არ გაითვალისწინა მოპასუხის არგუმენტი 3400 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან ქ.ფ.-ის მიერ წარმოდგენილი ხელწერილს სასამართლომ მტკიცებულების ძალა არ მიანიჭა.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ქ.ფ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ქ.ფ.-ის გამოუცხადებლობის გამო, მის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აპელანტმა შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვა დანიშნა 2003წ. 21 ოქტომბერს, 12.00 საათზე. მითითებულ დღეს ქ. ფ.-ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც იგი გადაიდო ამავე წლის 7 ნოემბრის 11.00 საათისათვის, რის შესახებაც ქ.ფ.-ეს ეცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩამოერთვა ხელწერილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარე ბ. ი.-ი და მისი წარმომადგენელი კ. გ.-ი. საჩივრის ავტორის _ ქ. ფ.-ის ადვოკატმა ზ.ბ.-მ 2003წ. 5 ნოემბერს იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან იმავე დროს მონაწილება უნდა მიეღო სხვა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში. ამასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სხდომის გადადებისა და ქ. ფ.-ისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების უზრუნველყოფის თაობაზე, რაც პალატამ დააკმაყოფილა და სხდომა გადაიდო 18 ნოემბრის 12.00 საათისათვის. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილებიდან ირკვევა, რომ სასამართლო უწყება აღნიშნულის შესახებ ქ. ფ.-სა და მის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდათ, ამასთან, მხარეს განემარტა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გამოვიდოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გაფრთხილების მიუხედავად, საჩივრის ავტორი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სხდომაზე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 242-ე მუხლით და 2003წ. 18 ნოემბერს გამოიტანა მეორე დასწრებელი გადაწყვეტილება ქ. ფ.-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ქ. ფ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2004წ. 6 თებერვალს საფოსტო გზავნილი მეშვეობით. ქ. ფ.-მ აღნიშნა, რომ არანაირი შეტყობინება მისი სააპელაციო სასამართლოში მიწვევის შესახებ მხარეს არ მისვლია, ხოლო ხელწერილებზე დაფიქსირებული ხელმოწერები არც ერთ შემთხვევაში მას არ ეკუთვნის. აღნიშნული გაყალბება, მისი აზრით, ემსახურება მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დამალვას. კასატორმა გასაჩივრებული მეორე დასუწრებელი გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი გაუქმება, ხოლო საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ აქვს და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ:
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 28 მაისს, სასამართლო სხდომაზე აპელანტ ქ. ფ.-ის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც აპელანტმა გაასაჩივრა. სააპელაციო პალატამ დასაშვებად ცნო რა ქ. ფ.-ის საჩივარი 2003წ. 18 ნოემბერს დანიშნა საქმის განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ქ. ფ.-ე და მისი წარმომადგენელი კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნენ გაფრთხილებულნი სასამართლო სხდომის ჩატარების დროზე, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. სააპელაციო პალატამ იმსჯელა რა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობაზე, მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დატოვა ამავე საქმეზე მიღებული 2003წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა შეესაბამებოდა თუ არა მოდავე მხარეთა გაფრთხილება სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 233-ე და 242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით კანონიერად მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მისთვის და მისი წარმომადგენლისათვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის ჩატარების დრო, ხოლო სასამართლო უწყებაზე ხელმოწერა გაყალბებულია. კასატორს, გარდა თავისი განმარტებისა, ხელმოწერის სიყალბესთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასეთი გარემოების დამტკიცება კი სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 18 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
ქ. ფ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.