ას-257-553-04 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: სესხის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 19 ივნისს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. გ.-მ, მ. კ.-ის, თ. და თი. ჩ.-ების მიმართ სესხის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 19 მარტს მოპასუხეებმა მისგან ისესხეს 3840 აშშ დოლარი 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის 4992 დოლარის დაკისრება.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი _ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3840 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული ოთხი თვის პროცენტის _ 307 აშშ დოლარის გადახდა. ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია ვალის დაფარვის მიზნით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. მათი განმარტებით, სესხის რეალური თანხა შეადგენდა 3000 აშშ დოლარს. მათ მიერ გადახდილია 1050 აშშ დოლარი, ამდენად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 2190 აშშ დოლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. კ.-ის, თ. და თი. ჩ.-ების სააპელაციო საჩივარი. უცვლელად იქნა დატოვებული გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ სკ-ის 429-ე და 430-ე მუხლის შესაბამისად მხარემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას.
სააპელაციო საჩივარი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ.-მ, თ. და თი. ჩ.-ებმა და მოითხოვეს სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ განჩინებაში ნაწილობრივ ცვლილებების შეტანა, რათა გადასახდელად დაეკისროთ 2190 აშშ დოლარი.
მარი კ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო თ. და თი. ჩ.-ებს ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო მათი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ მ. კ.-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 2001 წლის 19 მარტს მ. კ.-მ, თი. და თ. ჩ.-ებმა ა. გ.-ისაგან ისესხეს 3840 აშშ დოლარი თვეში 2%-ის დარიცხვით ოთხი თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ... მდებარე ¹105 ბინა.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. გ.-ის სარჩელი. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3840 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული ოთხი თვის პროცენტის _ 307 აშშ დოლარის გადახდა, ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია ვალის დაფარვის მიზნით. ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის განჩინებით უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდნენ ვალის ნაწილობრივ გადახდის ფაქტს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ 2190 აშშ დოლარი, ვინაიდან 1050 აშშ დოლარი გადახდილია. სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებიათ.
სააპელაციო სასამართლომ სავსებით კანონიერად მიუთითა, რომ მხარემ სკ-ის 429-ე და 430-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას. აღნიშნულის დასადგენად მხოლოდ კასატორის ზეპირი განმარტება ვერ გამოდგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.