Facebook Twitter

ას-258-554-04 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ-მა, გ. ც-მა, ვ. ჯ-ემ, ლ. ჩ-ამ, ს. კ-მა, ზ. ბ-მა, გ. ჩ-მა და ი. გ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „ს-ის“ ფილიალის „თ-ოს“ მიმართ და მიუთითეს, რომ ისინი «თ-ოს» ყოფილი მემანქანეები არიან და დანიშნული აქვთ სარჩო, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ დებულების მე-11 მუხლის თანახმად. მათ მოპასუხე ორგანიზაცია უნაზღაურებს ზიანს ყოველთვიური სარჩოს სახით, იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც აქვთ დაკარგული შრომის უნარის ხარისხი. 1999წ. 1 აგვისტოდან 2002წ. 1 თებერვლამდე მომუშავე მემანქანეებს ხელფასი სამჯერ გაეზარდათ. კერძოდ, 1999წ. 1 აგვისტოს 30%-ით, 2000წ. 1 მაისიდან 10%-ით და 2002წ. 1 იანვრიდან კი 15%-ით. მოპასუხე ორგანიზაციამ ხელფასის გაზრდასთან ერთად მათი სარჩოს გადაანგარიშება მოახდინა, მაგრამ არასწორად. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენიტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული წესების მე-12 მუხლის შესაბამისად, უკვე დანიშნულ სარჩოს პირდაპირ უნდა დამატებოდა შესაბამისად გაზრდილი ხელფასის 30%, 10% და 15% და ა.შ. მოპასუხე ორგანიზაციამ კი საათობრივ-სატარიფო განაკვეთის ზრდის შესაბამისად, საწარმოო ტრამვის გამო დანიშნული ყოველთვიური სარჩო გადაიანგარიშა ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულებით დამტკიცებული ზიანის ანაზღაურების წესების მე-11 მუხლისა, ანუ იმ წესით, როცა თავდაპირველად ენიშნებათ სარჩო. მოსარჩელეთა მოსაზრებით კი, გადაანგარიშება ამავე წესების მე-12 მუხლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო. მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ არასწორად დაბეგრა მათთვის დანიშნული სარჩო საშემოსავლო გადასახადებით და სარჩოდან უსწოროდ დაუქვითა 2%, სამედიცინო და სოციალური დახმარებისათვის, მაშინ როცა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შედეგად შრომის უუნარობის დაკარგვის, ანდა მარჩენალის დაკარგვის გამო ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული მატერიალური დახმარება და ერთჯერადი განაცემი, რაც მოპასუხემ არ გაითვალისწინა. მათივე მოსაზრებით, მოპასუხემ ა. გ-ს ასევე დააკლო და არ გადაუხადა 2000 წლიდან 2002 წლამდე დაზიანებასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე და მის მიერ გაწეული ხარჯი 742 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში ა. გ-ს სარჩოს უნდა დამატებოდა 20%, დამსახურებული მემანქანის წოდების 61 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე ორგანიზაციამ ასევე არ გაითვალისწინა.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს, რომ 1999წ. 1 აგვისტოდან 2002წ. მარტამდე გაანგარიშების თანახმად, მოპასუხე ა. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად გადასახდელად დაეკისროს 2321,55 ლარი, ყოველთვიურად კი 2002წ. 1 მარტიდან 417,45 ლარი, ვ. ჯ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 655,25 ლარი, ხოლო 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 328 ლარი და 87 თეთრი. მ. ც-ის სასარგებლოდ ერთდროულად 560 ლარი და 64 თეთრი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 293 ლარი და 83 თეთრი. ლ. ჩ-ას სასარგებლოდ ერთდროულად 287,52 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 229 ლარი და 89 თეთრი. ს. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 497,54 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან 250,09 ლარი, ზ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 949 ლარი და 84 თეთრი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 341 ლარი და 13 თეთრი, გ. ჩ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 1242 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 351 ლარი და 99 თეთრი, ი. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 532 ლარი და 41 თეთრი და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 254,65 ლარი.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის, გ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ას, ს. კ-ის, ზ. ბ-ის, გ. ჩ-ის და ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ს-ის» ფილიალის „თ-ოს“ დაეკისრა თანხების გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ შემდეგი ოდენობით: 1. ა. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 2307 ლარი და 30 თეთრი და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 416 ლარი და 69 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 2. ვ. ჯ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 655 ლარი და 25 თეთრი. 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 328 ლარი და 87 თეთრი. 3. გ. ც-ის სასარგებლოდ ერთდროულად 560 ლარი და 86 თეთრი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 293 ლარი და 83 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 4. ლ. ჩ-ას სასარგებლოდ ერთდროულად 287 ლარი და 26 თეთრი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 229 ლარი და 89 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 5. ს. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 497 ლარი და 69 თეთრი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 250 ლარი და 10 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 6. ზ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 341 ლარი და 13 თეთრი, მდგომარეობის შეცვლამდე. 7. გ. ჩ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 1247 ლარი და 54 თეთრი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 315 ლარი და 93 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 8. ი. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 532 ლარი და 50 თეთრი. 2001წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 254 ლარი და 65 თეთრი.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მოსარჩელეები არიან «თ-ოს» ყოფილი მემანქანეები, რომლებიც საწარმოო ტრამვის გამო ღებულობდნენ ზიანის ასანაზღაურებლად სარჩოს. დადგენილად ცნო ისიც, რომ მოპასუხესთან მომუშავე მემანქანეების ხელფასი სამჯერ გაიზარდა. 1999წ. 1 აგვისტოს 30%-ით, 2000წ. 1 მაისიდან 10%-ით და 2000წ. 1 იანვრიდან 15%-ით. მოსარჩელეების სარჩო იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, მათ უკავდებათ სამედიცინო და საპენსიო გადასახადი 2%-ით. მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია უკანონოდ უკავებს და მოსარჩელეებს ყოველთვიურად 1% სამედიცინო და 1% პენსიას, მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულების 24-ე მუხლით მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებულია დამატებითი ხარჯები აუნაზღაუროს მკურნალობაზე, მედიკამენტებზე და სხვა ხარჯები. ამასთან, ჩათვალა, რომ არაკანონიერია მოსარჩელეებისათვის საპენსიო 1% დაკავება, რადგან 1% უნდა დაეკავოს იმას, ვისაც არა აქვს სოციალური პენსია დანიშნული, მოსარჩელეები კი ყველა პენსიონერია.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ას“ ფილიალის „თ-ომ“.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილდებით დაკმაყოფილდა „ს-ას“ ფილიალის „თ-ოს“ სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ა. გ-ის, მ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ას, ს. კ-ის, ზ. ბ-ის, მ. ჩ-ის და ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ, სამედიცინო-სავალდებულო დაზღვევის 1%-ის ოდენობით უკანონოდ, დაბეგვრის გამო თანხის დაბრუნების ნაწილში. შპს „ს-ას“ ფილიალს „თ-ოს“ დაეკისრა უკანონოდ დაბეგრილი თანხების უკან დაბრუნება. ა. გ-ის სასარგებლოდ 4419 ლარის, მ. ც-ის სასარგებლოდ 33,42 ლარის, ვ. ჯ-ის სასარგებლოდ 37,38 ლარი, ლ. ჩ-ას სასარგებლოდ 26,95 ლარის, ს. კ-ის სასარგებლოდ 28,38 ლარის, ზ. ბ-ის სასარგებლოდ 43,42 ლარის, გ. ჩ-ის სასარგებლოდ 39,37 ლარის და ი. გ-ის სასარგებლოდ 27,78 ლარის.

სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სახელმწიფო ბაჟი 211 ლარის ოდენობით, შპს „ს-ის“ ფილიალის „თ-ოს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ: ა. გ-ს, მ. ც-ს, ვ. ჯ-ეს, ლ. ჩ-ას, ს. კ-ს, ზ. ბ-ს და ი. გ-ეს თითოეულს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ «ს-ზე» მომუშავე მემანქანეებს და მემანქანის თანაშემწეებს საათობრივი სატარიფო განაკვეთი გაეზარდათ შემდეგი ოდენობით: 1999წ. 1 აგვისტოდან 30%-ით, 2000წ. 1 მაისიდან 10%-ით, 2002წ. 1 იანვრიდან 15%-ით, თანახმად შპს „ს-ის“ გენერალური დირექტორის 1999წ. 24 ივლისის ¹6-897 ბრძანების, 2000წ. 21 აპრილის ¹8-487 მითითებებისა და 2001წ. 14 დეკემბრის ¹6-2428 ბრძანებისა; დადგენილად ცნო ასევე, რომ «თ-ოს» მიერ საათობრივი-სატარიფო განაკვეთის ზრდის შესაბამისად მოხდა საწარმოო ტრამვის გამო დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საგადასახადო შეღავათები ვრცელდება და საშემოსავლო გადასახადებით არ იბეგრება ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის შედეგად შრომისუუნარობის დაკარგვის გამო დანიშნული სარჩო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ფიზიკური პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: გრანტი, სახელმწიფო სტეპენდია და სახელმწიფო დახმარება, მათ შორის: დახმარება ორსულობისა და მშობიარობის გამო, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შედეგად შრომიუუნარობის დაკარგვის ანდა მარჩენალის დაკარგვის გამო, ანუ არ იბეგრება სახელმწიფო დახმარება და მათ შორის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული სარჩო. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებულ ორგანიზაციას, იგი არის კერძო სამართლოს სუბიექტი, რომლის მიერ გაცემულ სარჩოზე ეს შეღავათები არ გავრცელდება და იგი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს-მ უკანონოდ დაბეგრა მოსარჩელეები და გადაახდევინა სამედიცინო გადასახადის სახით მიღებულ სარჩოზე 1%-ით ოდენობით „სამედიცინო გადასახადის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით ჯანმრთელობის დაზიანების გამო ზარალის ანაზღაურება არ იბეგრება; რაც შეეხება სოციალური გადასახადებისაგან მოსარჩელეთა განთავისუფლებას, სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ დაბეგვრისაგან თავისუფლდება მხოლოდ შრომისუუნარობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდიდან მიღებული ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სოციალური დაზღვევის ფონდიდან დახმარებას არ იღებენ.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ა. გ-ის მოთხოვნა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. მიუთითა, რომ მართალია, ზიანის ანაზღაურების წესების 24-ე მუხლი ითვალისწინებს ამ ხარჯების ანაზღაურებას, მაგრამ ამავე ნორმატიული აქტის 52-ე მუხლი ითვალისწინებს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის კომისიის გავლის წესს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მკურნალობის საჭიროების თაობაზე დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის 103-ე მუხლზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ ა. გ-ს „საპატიო რკინიგზელის“ წოდებისათვის საწარმო 20%-იან დანამატს უხდის, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩოს გადაანგარიშების გამო თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

საკასაციო პალატამ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საწარმოში, რომელიც ზიანის ასანაზღაურებლად სარჩოს უხდის მოსარჩელეებს, გაიზარდა მემანქანეების მემანქანეთა თანაშემწის საათობრივი სატარიფო განაკვეთი შემდეგი ოდენობით: 1999წ. 1 აგვისტოდან 30%, 2000წ. 1 მაისიდან 10%, 2002წ. 1 იანვრიდან 15%. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-12 მუხლის საფუძველზე საწარმომ გადაიანგარიშა ყოველთვიური სარჩოს ოდენობა და იგი ამავე ნორმატიული აქტის მე-11 მუხლის მიხედვით განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ სარჩოს ოდენობის ამ წესით გადაანგარიშება სწორად მიიჩნია და სარჩელს ამ ნაწილში უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული მუხლის («წესების» მე-12 მუხლი) განმარტება არასწორია, რადგან ჯერ ერთი, თვით ეს ნორმა მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება უკვე დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება. მეორე, „წესების“ მე-11 მუხლით ხდება დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრა და ამ წესით არ უნდა მოხდეს უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებისა. პალატამ ჩათვალა, რომ ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებისას სარჩოს გაანგარიშება უნდა მოხდეს იმ წესით, რომ სარჩოს ოდენობის გაზრდა სრულ ზღვრამდე (მაგ. 30%) უნდა მოხდეს ხელფასის (ანაზღაურების) მომატების დროიდან არა მესამე თვეს, არამედ შრომის ანაზღაურების გაზრდის მომენტიდან.

ამასთან, საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორების მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის არასწორად განმარტების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა სწორად განმარტა, როცა მიუთითა, რომ საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება სახელმწიფო დახმარება, მათ შორის, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული სარჩო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩოს გადაანგარიშების გამო თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ს-ას“ ფილიალს „თ-ოს“ დაეკისრათ:

ა. გ-ის სასარგებლოდ 1150,44 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 347,87 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

ლ. ჩ-ას ერთდროულად 213,36 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 229, 89 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე;

ვ. ჯ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 572,61 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 328,87 ლარის გადახდა;

გ. ც-ის სასარგებლოდ ერთდროულად 481,44 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 293,83 ლარის გადახდა;

ს. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 426,89 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 250.09 ლარის გადახდა;

გ. ჩ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 1199,30 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 315,99 ლარის გადახდა;

ზ. ბ-ის უფლებამონაცვლის ლ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 605,19 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან 2003წ. 1 მარტამდე პერიოდის ყოველთვიური 341,13 ლარის გადახდა;

ი. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 461,51 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 254,65 ლარის გადახდა.

დაეკისრა მოპასუხეს ა. გ-ის, გ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ას, ს. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. გ-ის და ზ. ბ-ის უფლებამონაცვლის ლ. ბ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 50 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 თებერვლის განჩინებით გასწორდა გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა უსწორობა, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ ლ. ჩ-ას სასარგებლოდ ერთდროულად 213,36 ლარი და 2002წ. 1 მარტიდან კი ყოველთვიურად 229,89 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი: მოპასუხემ სარჩოს გადაანგარიშება საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-12 მუხლის საფუძველზე მოახდინა, რომლითაც ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისას კი, მოპასუხე ამავე წესების მე-11 მუხლით ხელმძღვანელობდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დადგენილი წესების მე-11 მუხლით ხდება ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის თავდაპირველად განსაზღვრა და ამ წესით უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივროს მოსარჩელეებმა და შპს „ს-ას“ ფილიალის „თ-ომ“. კასატორებს (მოსარჩელეებს) მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შესწორდეს იმ მხრივ, რომ დამატებით თითოეულის სასარგებლოდ «თ-ოს» დაეკისროს ადვოკატზე გაწეული ხარჯის საზღაური ნაცვლად 50-50 ლარისა, 100-100 ლარი. ამასთან, მოეხსნათ სარჩოსა და სოციალური დაზღვევის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. შპს „ს-ას“ ფილიალ „თ-ო“ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დეპომ არასწორად დაიანგარიშა ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ცვლილებისას ყოველთვიური სარჩო. პალატის აზრით, მომატებული პროცენტი ხელფასს უნდა დამატებოდა გადაანგარიშების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება შპს „ს-ას“ გენერალური დირექტორის 1999წ. 24 ივლისის ¹6-897, 2000წ. 21 აპრილის ¹487 და 2001წ. 14 დეკემბრის ¹6-2428 ბრძანებებს, რომელთა საფუძველზეც გაიზარდა სალოკომოტივო ბრიგადები საათობრივი სატარიფო განაკვეთები 1999 წელს 30%-ით. 2000 წელს _ 10%-ით და 2001 წელს 15%-ით და არა ხელფასი, რომელშიც შედის საათობრივი სატარიფო ნაკვეთები და სხვა დანამატები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები და თვლის, რომ ა. გ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო შპს „ს-ის“ ფილიალის «თ-ოს“ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები არიან «თ-ოს» ყოფილი მემანქანეები, რომლებსაც მოპასუხე ორგანიზაციიდან დანიშნული აქვთ სარჩო შრომით მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესით. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში 1999 წლიდან 2002 წლამდე მემანქანეების და მემანქანის თანაშემწის საათობრივი სატარიფო განაკვეთი გაიზარდა სამჯერ. 1999წ. 1 აგვისტოდან 30%; 2000წ. 1 მაისიდან 10%-ით და 2002წ. 1 იანვრიდან 15-ით. აღნიშნულის გამო მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელეთა ყოველთვიური სარჩო გაზარდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-12 მუხლის საფუძველზე. ამავე ნორმატიული აქტის მე-11 მუხლის მიხედვით «ამავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი“.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორ შპს „ს-ის“ «თ-ოს» ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია. პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-12 მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად „ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება“. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს დამქირავებლის მიერ უკვე დადგენილი აქვთ ყოველთვიური სარჩოს ოდენობა, ამიტომ უნდა მოხდეს მისი გადაანგარიშება ხელფასის მომატებასთან ერთად და არ უნდა მოხდეს სარჩოს გადაანგარიშება აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-11 მუხლის თანახმად. მე-11 მუხლის შესაბამისად ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს რაოდენობა დგინდება, როცა ხდება დაზარალებულისათვის პირველად სარჩოს ოდენობის განსაზღვრა.

პალატა თვლის, რომ კასატორ ა. გ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში. ა. გ-ი და სხვები თავიანთ საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდიან მოპასუხის მიერ მათი სარჩოს დაბეგვრის წესს. პალატა თვლის, რომ სარჩოს და დაზღვევის საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მასზე პალატა ვერ იმსჯელებს. რაც შეეხება კასატორების მოთხოვნას ადვოკატის ხარჯების თითოეულის სასარგებლოდ 100-100 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში კასატორთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელეებს და ადვოკატს შორის გაფორმებული შეთანხმების ქვითრები, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა ადვოკატს ორჯერ გადაუხადეს ოთხას-ოთხასი ლარი, რაც მათ უნდა დაუბრუნდეთ სსკ-ის 53-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის თანახმად «იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მორე მხარეს».

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს „ს-ის“ ფილიალის „თ-ოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა. გ-ის, გ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ას, ს. კ-ის, ზ. ბ-ის, გ. ჩ-ის და ი. გ-ის საკასაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს მოპასუხისათვის ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მოპასუხე შპს „ს-ის“ ფილიალის „თ-ოს“ მოსარჩელეების ა. გ-ის, გ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ას, ს. კ-ის, ზ.ი ბ-ის, გ. ჩ-ის, ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატისათვის გადახდილი თანხა თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.