საქმე # 330100120003889447
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №640აპ-21 ქ. თბილისი
მ-ე ბ 640აპ-21 9 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენზე ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის - ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილ ბრალდებათა არსი:
1.1. ბ. მ-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ. მ-ე ცხოვრობდა დედასთან - მ. გ-ნ და მეუღლესთან - ნ. გ-ნ ერთად თ-ი, ი-ს ქუჩის №..-ში, ბინა №...-ში. მათთან ერთად ცხოვრობდნენ ბ. მ-ა და ნ. გ-ს არასრულწლოვანი შვილები, 2006 წელს დაბადებული ც. მ-ე და 2005 წელს დაბადებული მ. მ-ე. 2019 წლის ივლისიდან ბ. მ-ე, სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზის გამო, მათ შორის ფინანსური საკითხების, სისტემატურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე - მ. გ-ე, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვიროდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც მ. გ-ი განიცდიდა ტანჯვას. აღნიშნულს კი ესწრებოდნენ და მორალური ზიანი ადგებოდათ ც. და მ. მ-ს.
1.2. მასვე ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის ივნისის ბოლოს, თ-ი, ი-ს ქუჩის №.-ში, ბინა №...-ში ბ. მ-მ დედაზე - მ. გ-ე იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელში, რის შემდეგაც დაარტყა მარცხენა მხარში, რა დროსაც მ. გ-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. მასვე ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 16 ივლისს, დილით, თ-ი, ი-ს ქუჩის №...-ში, ბინა №...-ში, ბ. მ-ე დედას, მ. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა. აღნიშნულის შედეგად მ. გ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით:
2.1. ბ. მ-ე, - დაბადებული..... წლის .... თებერვალს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ბ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ბ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით:
3.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილე ნიკოლოზ დგებუაძე ითხოვს ბ. მ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივარში პროკურორი უთითებს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასათანადოდ შეაფასა. კასატორი მოიხმობს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ,,სტამბოლის კონვენციაში“ ასახულ მიდგომებს. დაზარალებულებს კი არ უარუყვიათ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გამოკითხვის ოქმებში უთითებდნენ, არამედ გადაწყვიტეს, რომ ბრალდებულისათვის ეპატიებინათ ის ძალადობა, რაც წლების განმავლობაში გადაიტანეს. პროკურორი ბრალდების დამადასტურებლად აგრეთვე მიიჩნევს მოწმე ი. ჯ-ს გამოკითხვის ოქმსა და დათვალიერების ოქმს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.2. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
5.3. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ბ. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მიმოხილული მტკიცებულებები, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უტყუარად არ ადასტურებს ბ. მ-ს მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ბრალდების სამივე ეპიზოდში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ბაზას ცალ-ცალკე მიმოიხილავს და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
5.3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ):
დაზარალებულმა მ. გ-ა გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ; აღნიშნული უფლებით აგრეთვე ისარგებლეს მოწმეებმა - მ. მ-მ, ც. მ-მ (შვილებმა) და ნ. გ-ა (მეუღლემ) და არ მისცეს ჩვენება ბ. მ-ს წინააღმდეგ.
სხვა მტკიცებულებები, რომლებსაც საჩივარში პროკურორი შეეხება, არის ი. ჯ-ს გამოკითხვის ოქმი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, კერძოდ:
მოწმე ი. ჯ-ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 16 ივლისს იმყოფებოდა სტუმრად დასთან - მ. გ-ნ. დაახლოებით 09:00 საათზე ბ. მ-მ დედას, მ. გ-ს საყოფაცხოვრებო საკითხებზე დაუწყო ჩხუბი, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აგინებდა. შემდეგ მ. გ-ი წავიდა სამსახურში. ბ-ი ძალიან განერვიულებული იყო. უცებ დაიწყო ლანძღვა, გინება, სახლში ავეჯის დამსხვრევა. მოწმემ მ. გ-ნ შეიტყო, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, ბ. მ-ე დედას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეჩხუბებოდა.
2020 წლის 16 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საცხოვრებელ ბინაში გარკვეული ნივთები იყო დაზიანებული.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2020 წლის 16 ივლისს 112-ში დანაშაულის შეტყობინების შინაარსზე, რომელშიც მხოლოდ ზოგადი ფორმით არის მითითება ოჯახური კონფლიქტის თაობაზე, სხვა ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს სისტემატური შეურაცხყოფის ნაწილში რეალურად შესაფასებელი აქვს მხოლოდ ერთი მტკიცებულება - მოწმე ი. ჯ-ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თავად ამ ერთი მტკიცებულების შინაარსიც ვერ ადასტურებს ისეთი მნიშვნელოვანი სახის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის არის აუცილებელი, კერძოდ:
1) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მოწმე უშუალოდ შეესწრო მხოლოდ 2020 წლის 16 ივლისს მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას; ამ შემთხვევაში ფაქტის ერთჯერადად დადასტურება თავისთავად ვერ დააკმაყოფილებს ,,სისტემატურობის” კომპონენტს; ხოლო ის, რომ ბ. მ-ე დედას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეჩხუბებოდა, ი. ჯ-მ თავად მ. გ-ნ შეიტყო, 2) გამოკითხვის ოქმში არსადაა აღნიშნული, რომ ამ ფაქტს ესწრებოდნენ ოჯახის არასრულწლოვანი წევრები, და 3) მოწმის გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ბრალდების ამ ეპიზოდისათვის სრულიად არარელევანტურია, ვინაიდან ნივთები დაზიანდა მას შემდეგ, რაც დაზარალებული უკვე სამსახურში იყო წასული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
5.3.2. სსსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა):
როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა მ. გ-ა, აგრეთვე მოწმეებმა - მ. მ-მ, ც. მ-მ და ნ. გ-ა გამოიყენეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმე ი. ჯ-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2020 წლის 16 ივლისს ბ. მ-ს მხრიდან დედის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტის შესახებ არ გაუგია. ბ. მ-ე დედას მხოლოდ უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მაშასადამე, ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის, თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, შეეფასებინა მისი შინაარსი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტის ფარგლებში; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ბრალდების ამ ეპიზოდშიც სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება და იზიარებს.
5.3.3. სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (ფიზიკური შეურაცხყოფა):
კასატორს ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილშიც არ მიუთითებია სხვა მტკიცებულებაზე, გარდა მოწმე ი. ჯ-ს გამოკითხვის ოქმისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა. აღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსი კი, ირიბადაც არ მიანიშნებს ბ. მ-ს მიერ მ. გ-ე 2020 წლის ივნისის ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (,,სტამბოლის კონვენციას“) თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულთა გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. ამავე კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული (Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 280). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ. გ-ა, მოწმეებმა - მ. მ-მ, ც. მ-მ და ნ. გ-ა გამოიყენეს საქართველოს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო სხვა, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი წარმოდგენილი არ ყოფილა, ბრალდების ამ ეპიზოდშიც პროკურორის მითითებული არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
5.4. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის - ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი