Facebook Twitter

ას-259-555-04 4 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჟ. ბ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: მ. და ვ. ა-ების მიმართ და მიუთითა, რომ 1998წ. 9 დეკემბერს მოპასუხეების დედამ გ. ა-მა მისგან ისესხა 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულზე მათ შორის გაფორმდა ხელწერილი. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, გ. ა-ს მისთვის თანხა და ხელწერილით გათვალისწინებული პროცენტი არ გადაუხდია.

2001წ. აპრილში გ. ა-ი ისე გარდაიცვალა, რომ ვალი არ დაუბრუნებია.

გ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს: მ. და ვ. ა-ებს მათ საკუთრებაში არსებული ქონება სათანადო წესით არ გაუფორმებიათ, თუმცა მის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობენ გ. ა-ის კუთვნილ ბინაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სკ-ის 1421-ე მუხლის შესაბამისად, ისინი ფაქტობრივად ფლობენ სამკვიდროს, სამკვიდრო მიიღეს და უნდა ჩაითვალოს, რომ ისინი გ. ა-ის უფლებამონაცვლეები არიან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 1000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და ვალის დროულად გადაუხდელობისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა, ხოლო სასამართლო პროცესზე შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ 1000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

ვ. და მ. ა-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. აპელანტები აღნიშნულს ასაბუთებენ შემდეგი გარემოებებით: ხელწერილის მიხედვით, გ. ა-მა აიღო ვალდებულება, ყოველთვიურად ეხადა ჟ. ბ-ასათვის ძირითადი თანხის 20%, ანუ გ. ა-ი ვალდებული იყო, 1999წ. 9 იანვარს გადაეხადა 200 აშშ დოლარი, რაც არ შეუსრულებია. ეს კი ითვლება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად. მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევა იწვევს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების წარმოშობას, ხოლო თუ რა მოთხოვნას წაუყენებს კრედიტორი მოვალეს, მთლიანად კრედიტორის გადასაწყვეტია. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. როდესაც გ. ა-მა ვერ შეძლო პროცენტის გადახდა, ჟ. ბ-ას 1999წ. 10 იანვრიდან უკვე წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. სარჩელი კი აღძრულია 2002წ. 23 აგვისტოს, როდესაც ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო.

სკ-ის 143-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენას არ წყვეტს ის გარემოება, რომ ვ. და მ. ა-ები არიან გ. ა-ის უფლებამონაცვლეები, ხოლო ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი (ან მისი უფლებამონაცვლე) უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განჩინებით მ. და ვ. ა-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება. განჩინების გამოტანისას სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. 9 დეკემბერს ჟ. ბ-ამ აწ გარდაცვლილ გ. ა-ს ასესხა 1000 აშშ დოლარი. მათ შორის დადებული ხელწერილით გათვალისწინებული იყო ყოველთვიურად 20%-ის გადახდა. გ. ა-ს თავის სიცოცხლეში ვალი არ დაუბრუნებია. პალატამ სასარჩელო მოთხოვნა არ მიიჩნია ხანდაზმულად, ვინაიდან ჟ. ბ-ას სარჩელით არ მოუთხოვია გადაუხდელი პროცენტის დაკისრება, მან მოითხოვა მხოლოდ ძირითადი თანხის დაკისრება. ძირითადი თანხის _ 1000 აშშ დოლარის _ დაბრუნების ვადა კი განსაზღვრული არ არის. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 626-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ კასატორს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია, მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში დააბრუნოს ვალი.

საკასაციო საჩივრით მ. და ვ. ა-ები მოითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ხელწერილი, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მტკიცებულებად, რადგან მისი შინაარსი ბუნდოვანია და მისი შექმნისას დარღვეულია კანონით დადგენილი პირობები: დარღვეულია სკ-ის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, მასზე არ არის ჟ.ბ-ას ხელმოწერა, ასევე _ ამავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორები, სსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვენ საქმეზე გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მ. და ვ. ა-ები თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრებისას სააპელაციო საჩივარში ეჭვქვეშ აყენებდნენ ჟ. ბ-ას ხელმოწერას. ამიტომ სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და მიეცა სათანადო შეფასება. სააპელაციო სასამართლოს მოქმედება, რაც გამოიხატა დიდუბე-ჩუღურეთის საპასპორტო განყოფილებიდან პასპორტის მიღების შესახებ ჟ.ბ-ას მიერ შესრულებული განაცხადის გამოთხოვაში, მიმართული იყო სწორედ სააპელაციო საჩივარში დაყენებული, ზემოთ მითითებული გარემოების შესამოწმებლად, სასამართლომ კი რატომღაც გვერდი აუარა გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებას. აღნიშნულის თაობაზე გამოთხოვილი დოკუმენტის მიღების შემდეგ პალატას არ უმსჯელია არც სასამართლოს სხდომაზე და არც განჩინებაში.

სსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოების გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივარში ეჭვქვეშ აყენებდა ხელმოწერის ნამდვილობას, სასამართლო მითითებული ნორმის საფუძველზე უფლებამოსილი იყო, თვითონ დაენიშნა გრაფიკული ექსპერტიზა ზემოთ მითითებული გარემოების დასადგენად, რაც არ გაუკეთებია.

სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო ნორმის დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმ შემთხვევაში, თუ არ დადგინდება ჟ. ბ-ას ხელმოწერის ნამდვილობა, შეუძლებელია სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ჩაითვალოს სწორად. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის შემდეგ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ ემყარება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს სადავო ხელწერილზე ჟ. ბ-ას ხელმოწერის ნამდვილობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. და ვ. ა-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.