Facebook Twitter

ას-260-556-03 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 3 აპრილს თ. ქ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს გადახდის ბრძანების გაცემის შესახებ. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2001წ. 14 მაისს ა. გ.-სთან გააფორმა 8 680 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება 3 თვის ვადით. ამასთან, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში ... კორპუსში მდებარე ა. გ.-ის კუთვნილი ¹22 საცხოვრებელი ბინა. სესხის დაბრუნების ვადის გასვლის მიუხედავად, ა. გ.-ეს თანხა არ დაუბრუნებია.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადახდის ბრძანებით ა. გ.-ს დაეკისრა თ. ქ.-ის სასარგებლოდ 8680 აშშ დოლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 290 ლარის გადახდა. ა. გ.-ის შუამდგომლობით საქმის განხილვა დაინიშნა სასარჩელო წესით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ. ქ.-ისაგან თანხა ისესხა მისმა შვილიშვილმა – ა. რ.-მ, რომელსაც მისგან გააჩნდა მინდობილობა ქონების ყოველგვარი მართვის უფლებით, ხოლო რაც შეეხება სესხს, აღნიშნულის თაობაზე ა. გ.-ს არანაირი ნება არ გამოვლენია.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის ფაქტობრივი გადაცემა უნდა მომხდარიყო დამოუკიდებელი წერილობითი აქტით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა, ხოლო ა. რ.-ის საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარი განაცხადა.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის 2003წ. 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო პალატამ თ. ქ.-ის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ ამ უკანასკნელმა სესხის ხელშეკრულება დადო ა. გ.-ესთან, რომლის ძალით ასესხა 8680 აშშ დოლარი, უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა. გ.-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ... კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹22, თუმცა აღნიშნული გარიგებით რეალურად უფლება-მოვალეობანი წარმოეშვა ა. რ.-ს, რომელსაც ა. გ.-ისაგან მინიჭებული ჰქონდა მისი ქონების ყოველგვარი მართვის უფლება, თუმცა მისი სახელით სესხის აღების ნება ა. გ.-ს არ გამოუხატავს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს ა. რ.-ე და იხელმძღვანელა სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტით, 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ უნდა გამოიყენოს 85-ე მუხლი შესაბამისი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ა. გ.-ის წარმომადგენელმა გ. ხ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტი და 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, ვინაიდან ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, თ. ქ.-მ სარჩელი აღძრა ალ. გ.-ისა და არა ა. რ.-ის მიმართ. ამდენად, სასამართლო არ იყო ვალდებული, ეს უკანასკნელი მოეწვია საქმის განხილვისას, მით უფრო, რომ მოსარჩელემ ალ. რ.-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე უარი განაცხადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასევე მითითებულია, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა იხელმძღვანელოს სსკ-ის 85-ე მუხლით ანუ, თუ მოსარჩელე თანახმა იქნება, შეცვალოს არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით, წინააღმდეგ შემთხვევაში უარი თქვას სარჩელზე. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 377-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას თავად შეეძლო, ემსჯელა ა. გ.-ე წარმოადგენდა თუ არა არასათანადო მოპასუხეს და საჭირო იყო თუ არა მისი შეცვლა ა. რ.-ით. მხარემ აღნიშნა, რომ 2002წ. 25 იანვარს მოსარჩელე თ. ქ.-მ განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გადახდის ბრძანების გაცემა ა. რ.-ის მიმართ. გადახდის ბრძანება გასაჩივრდა და საქმეზე გაიხსნა სასარჩელო წარმოება (საქმე ¹2-708), რომელიც 2002წ. 17 მაისის განჩინებით (განჩინება ერთვის საქმეს) დარჩა განხილვის გარეშე. აღნიშნული განჩინება საქმის სხვა მასალებთან ერთად თ. ქ.-მ ჩაიბარა 2002წ. 3 ოქტომბერს, რაც დასტურდება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს ინფორმაციით. თ. ქ.-ს ამ განჩინების კერძო საჩივრის წესით გასაჩივრების ვადა გასული აქვს. ამასთანავე სკ-ის 140-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თ. ქ.-ს სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვის ვადაში ა. რ.-ის მიმართ ახალი სარჩელი არ დაუყენებია, ამიტომ მას ა. რ.-ის მიმართ მოთხოვნის უფლება იმავე საფუძვლით დაკარგული აქვს. ა. რ.-ე ვერც განსახილველ დავაში იქნება ჩართული მოპასუხედ, ვინაიდან სსკ-ის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ სსკ-ის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით მტკიცებულებად მიიღო და დაურთო საქმეს 12-708 საქმიდან 2003წ. 3 ოქტომბერს ამოღებული შესაგებელი, რომელიც თ. ქ.-ს შეეძლო, წარმოედგინა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას. ვინაიდან ეს მტკიცებულება აპელანტმა, უხეში გაუფრთხილებლობის გამო, არ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, დავის სააპელაციო წესით განხილვისას კასატორმა საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა იგი არ დართვოდა საქმეს, რაზეც ეთქვა უარი.

მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ცალსახად, მხოლოდ თ. ქ.-ის ახსნა-განმარტების მოსმენით, დადგენილად მიიჩნია ა. რ.-ზე ფულის სესხების ფაქტი, რა დროსაც უგულებელყო სკ-ის 625-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული ნორმა. თ. ქ.-მ ვერც პირველი ინსტანციისა და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ წარმოადგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წერილობითი აქტი ა. გ.-ისა თუ ა. რ.-ისათვის სადავო თანხის გადაცემის შესახებ, ხოლო მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ან თავად აპელანტის ზეპირი განცხადება თანხის გადაცემაზე მტკიცებულებას არ წარმოადგენს და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა ქ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დააკმაყოფილა იგი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლსა და 385-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება დაუსაბუთებელია.

სსკ-ის 385-ე მუხლი ადგენს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძვლებს, ამავე მუხლის მეორე ნაწილით აწესებს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნულ შესაძლებლობას განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, შეამოწმოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, ისარგებლოს კანონით დადგენილი ყველა იმ საპროცესო მექანიზმებით, რაც აუცილებელია ახალი გადაწყვეტილების მისაღებად.

ამდენად, სააპელაციო საჩივარში მითითებული დარღვევების არსებობისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პროცესის ეფექტურობის გათვალისწინებით მისი უფლებამოსილების ფარგლებში საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ.-ის წარმომადგენლის _ გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

კასატორი ა. გ.-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია «სახელმწოფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის «მ» პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.