Facebook Twitter

ას-261-557-04 1 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ. და ნ. თ-ების მიმართ და მოითხოვა სესხის სახით მიცემული თანხის და პროცენტის _ 1070 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. თ-ს დაეკისრა გადასახდელად ე. ი-ის სასარგებლოდ 970 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ვ. თ-ს დაეკისრა ე. ი-ის სასარგებლოდ 100 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

ნ. და ვ. თ-ებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ნ. თ-ს დაეკისრა 470 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა, ხოლო ვ. თ-ს დაეკისრა ე. ი-ის სასარგებლოდ 600 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო პროცესზე მიცემული ახსნა-განმარტება შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად. ნ. თ-მა სხდომაზე აღიარა ვალის არსებობა, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ვ. თ-ს არ უღიარებია ვალის არსებობა, რადგან ნ. თ-ი არის ვ. თ-ის წარმომადგენელი და შეეძლო მისი სახელით მიეცა სასამართლოსათვის ახსნა-განმარტება. ე. ი-ემ სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ ნ. თ-ს ვ. თ-ის მეშვეობით ასესხა 600 აშშ დოლარი, რაც ნ. თ-მაც აღიარა.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-მა. მან მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის შემდეგი საფუძვლებით:

ვ. თ-ს არასწორად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მან ისესხა ე. ი-ისაგან 600 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 131-ე მუხლი, რადგან ამ ნორმის თანახმად ვალის აღიარება თვითონ მხარეს უნდა გაეკეთებინა, რაც ვ. თ-ს არ გაუკეთებია. მას სარჩელი არ უცვნია. ვ. თ-ს არასწორად მიაჩნია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ ნ. თ-ი უფლებამოსილი იყო შვილის სახელით სასამართლოსთვის მიეცა ახსნა-განმარტება ამის თაობაზე. სააპელაციო პალატა ვალდებული იყო გაერკვია სინამდვილეში რა თანხა გადასცა ე. ი-ემ ვ. თ-ს, პალატა ასევე ვალდებული იყო გაერკვია რატომ ითხოვდა ე. ი-ე ნ. თ-ისაგან ვალის დაბრუნებას, თუ თანხა გადასცა ვ. თ-ს; პალატის სხდომაზე ვ. თ-ს მონაწილეობა არ მიუღია და მას არ მიუცია ახსნა-განმარტება აღნიშნულის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ ვ. თ-ი საქმეში ჩართულია მესამე პირად და იგი პროცესზე არ გამოცხადდა ნ. თ-ს კი არ ჰქონდა კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობა ვ. თ-ისგან; საქმეში მოცემულია ვ. თ-ის მინდობილობა ნ. თ-ის სახელზე, რომელიც ძალაში იყო 2003წ. 24 ოქტომბრის ჩათვლით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ვ. თ-ს, როგორც მოპასუხეს ისე დაეკისრა ე. ი-ის სასარგებლოდ 600 აშშ დოლარის გადახდა, რომ სასამართლო პროცესზე ვ. თ-ს მონაწილეობა არ მიუღია და ამის თაობაზე მას არც განმარტება მიუცია. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. თ-ისათვის ცნობილი იყო 2003წ. 19 დეკემბრის სხდომის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ 600 აშშ დოლარი წაიღო ვ. თ-მა, რადგან დაურეკა დედამისმა და თხოვა ფული; 500 აშშ დოლარი დაუბრუნა ნ. თ-მა.

სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება ვ. თ-ისათვის 600 აშშ დოლარის ე. ი-ის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.