Facebook Twitter

ას-262-558-04 6 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: საწარმოო ტრავმის შედეგად გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 24 აპრილს ე. ო-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს „კ. პ.“ მიმართ და მოითხოვა საწარმოო ტრავმის შედეგად გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: იგი 1986 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება „კ. პ.“ საამქროს ... თანამდებობაზე. 1986წ. 13 თებერვალს, შრომითი მოვალეობის შესრულების დროს, მიიღო საწარმოო ტრავმა და 1986 წლიდან დაენიშნა პენსია 86 მანეთის ოდენობით. 1993 წლიდან მას პენსია არ მიუღია და მოითხოვს სხვაობის ანაზღაურების გადახდას 1986 წლიდან 1996 წლამდე, ხოლო 1997 წლიდან კი – ანაზღაურებას.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ე. ო-ს უარი ეთქვა 1986 წლიდან 1996 წლამდე ანაზღაურების სხვაობის მოთხოვნაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო; სს „კ. პ.“ დაეკისრა მოსარჩელისათვის 2003წ. ივლისამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ო-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განჩინებით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სკ-ის 75-ე მუხლით, რადგან მოსარჩელეს არანაირი პრეტენზია 1993 წლიდან პენსიის მიუღებლობის თაობაზე არ წამოუყენებია და გაუშვა მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი სამწლიანი ვადა.

ასევე სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოსარჩელეს კი მის მიერ მითითებული ხელფასის დამადასტურებელი ცნობა არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ასევე უარი უთხრა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

ე. ო-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: მისი მოთხოვნა 1993-1997 წლებში პენსიის მიღების თაობაზე არ არის ხანდაზმული, რადგან ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო უფლებების დარღვევის შესახებ. მან კი სასამართლოს მიმართა მაშინ, როცა მისთვის ცნობილი გახდა მისი უფლებების უკანონოდ დარღვევის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ო-ი 1986 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, კომბინირებული საკვების საამქროში, .... მუშად. ე. ო-მა 1986 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და 1986 წლიდან დაენიშნა პენსია 86 მანეთის ოდენობით. 1993 წლიდან ე. ო-ს პენსია არ მიუღია. მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლიდან იგი ყოველთვიურად იღებდა პენსიის 42 ლარის ოდენობით.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მისი მოთხოვნა 1993-97 წლებში პენსიის მიღების თაობაზე არ არის ხანდაზმული. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი და მოთხოვნა ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო სასარჩელო ვადა იმ პირის უფლების დაცვისა, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდახმულობა), განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის 87-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომლებზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ე. ო-ის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს. ამდენად, მასზე უნდა გავრცელდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას ყოველთვიურად უნდა აუნაზღაურდეს 130 ლარი, ვინაიდან საწარმოში მისი თანრიგის მუშის ხელფასი 260 ლარია, ხოლო მის მეუღლეს შრომის უნარი 50%-ით აქვს დაკარგული.

სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, მოსარჩელეს კი მის მიერ მითითებული საჩივრის დამადასტურებელი ცნობა არ წარმოუდგენია.

სს „კ. პ.“ გენერალური დირექტორის მიმართვაში მითითებულია, რომ კომბინირებული საამქროს მტვირთავი მუშის ხელფასი საშტატო განრიგით შეადგენს 85 ლარს. ამის მიუხედავად, პენსიის დარიცხვა ხდება მტვირთავი მუშის სრულად ნამუშევარი ხელფასიდან _ 105 ლარიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.

საქმის მასალებში არსებული მტკიცებულების მიხედვით ე. ო-მა პროფესიული შრომისუნარი დაკარგა 40%-ით.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზიანი ანაზღაურდება ერთსა და იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომისუნარის ხარისხი.

ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დადგენილი წესის მიხედვით, ე. ო-ს სწორად განესაზღვრა მისაღები პენსია 42 ლარის (105 ლარის 40%) ოდენობით.

კასატორს ასევე სწორად ეთქვა უარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის გადიდება სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნულზე თანხმობას განაცხადებს ან სასამართლო ჩათვლის მას მიზანშეწონილად. მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნა რაიონულ სასამართლოში არ ჰქონია, მოწინააღმდეგე მხარეს კი თანხმობა არ განუცხადებია მოთხოვნის გაზრდაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.