ას-26-329-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონოდ გასხვისებული ქონების დაბრუნება და არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 27 ივლისს მცხეთის რაიონის სამოხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ ქ. თბილისის ... ნაკეთობის ექსპერიმენტალური ქარხნის (შემდგომში სს “ლ.-ო”) წინააღმდეგ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან 1991წ. 31 მაისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამ ხელშეკრულებით გასხვისებული ქონების დაბრუნება და არასაცხოვრებელი ფართიდან მოპასუხის გამოსახლება შემდეგი საფუძვლით:
1993 წელს განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების გამო გაუქმდა მცხეთის მომხმარებელთა საზოგადოება, ჩამოყალიბდა რაიკავშირის მცხეთის სავაჭრო გაერთიანება და მათი ქონება, მათ შორის, მცხეთის სასაწყობო მეურნეობა, გახდა მოსარჩელის საკუთრება.
1991წ. 31 მაისს მცხეთის რაიკოოპკავშირის გამგეობასა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ქ. მცხეთაში ... მდებარე სასაწყობო მეურნეობის 450 კვ.მ შენობა, საბალანსო ღირებულებით 100000 მანეთად. ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს მისი ღირებულება უნდა ჩაერიცხა მცხეთის მრეწვმშელბანში გახსნილ რაიკოოპკავშირის ანგარიშზე.
1992 წელს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, მაგრამ მოსარჩელემ მითითებული ხელშეკრულება ბათილად მიიჩნია, რის თაობაზეც აცნობა მოპასუხეს, რასაც მოპასუხის მხრიდან რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მითითებული შენობა გასხვისებულია იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ:
1) ხელშეკრულებას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველად ნაცვლად ამ შენობის მესაკუთრე რაიკოპკავშირისა, დასახელებულია გამგეობის თავმჯდომარე მანჯგალაძე, ხელშეკრულებას კი ხელს აწერს მისი მოადგილე ც.-ი;
2) ქონების გადაცემაზე არ შედგენილა სათანადო აქტი ქონების ღირებულებისა და გადაცემული შენობის ფართის ჩვენებით;
3) სადავო შენობა ნაგებობის ფართი 900 კვ. მეტრია, რომელიც განთავსებულია 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს), მაშინ როცა ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს გადაეცა მხოლოდ 450 კვ.მ შენობა;
4) ქონების გასხვისებაზე არ უმსჯელია მომხმარებელთა საზოგადოების მეპაიეთა (რწმუნებულთა) კრებასა და რაიკავშირის გამგეობას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ც.-ი, რომელიც კომპეტენტური პირი იყო, ვინაიდან ცეკავშირის გამგეობის, სახელმწიფო ვაჭრობისა და სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის 1990წ. 19 ივლისის დადგენილების მე-4 პუნქტით (რომელიც უფლებას იძლეოდა ქონების გასხვისებაზე), ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალა თავმჯდომარის მოადგილეებს.
გარდა ამისა, გასულია სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, მიწის მესაკუთრე, რომელზეც სადავო შენობაა განთავსებული, არ არის მოსარჩელე. მას სასამართლოში არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2001წ. 2 მარტს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.
მან მოითხოვა ქ. თბილისის ... ნაწარმის ექსპერიმენტალური ქარხნის უფლებამონაცვლე სს “ლ.-სთან” 1991წ. 31 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლება შემდეგი საფუძვლით: 1991წ. 31 მაისის ხელშეკრულებაში არსად მითითებული არ არის, რომ მცხეთის რაიკოოპკავშირის გამგეობა საკუთრებაში გადასცემს შენობას, ხელშეკრულება დამოწმებული არ არის ნოტარიულად და არაა რეგისტრირებული ტექინვენტარიზაციის სამსახურში. ხელშეკრულება გაფორმებულია სხვის ნივთზე, ვინაიდან მითითებული შენობა 1991წ. 31 მაისისათვის წარმოადგენდა არა მცხეთის რაიკოოპკავშირის, არამედ მცხეთის მომხმარებელთა საზოგადოების საკუთრებას, გასხვისებისას დარღვეულია “სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში ქონების კერძო პირებზე, შრომით კოლექტივებზე კოოპერატივებსა და სხვა ორგანიზაციებზე მიყიდვის შესახებ” დებულების მოთხოვნები, ამასთან, ხელშეკრულება დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ იძულებით, რის თაობაზეც ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პირმა ც.-მ 1992წ. 21 ივლისს აცნობა მოპასუხეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიკოოპკავშირმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.
გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე, ხელახალი განხილის მიზნით, დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ლ.-მ”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს “ლ.-ს” საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა, რომ პალატა ვერ გაიზიარებდა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონი არ ადგენდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობას. სკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ანალოგიური წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნის არსებობის შესახებ. ამასთან, ამ ორგანოს კომპეტენციაში უნდა შედიოდეს სადავო საკითხის დარეგულირება. მოცემულ შემთხვევაში მხარეს პროკურატურისადმი მიმართვით შეეძლო, მოეგვარებინა მოცემული სადავო საკითხი, კერძოდ, იმ დროს (1996 წ.) მოქმედი სსკ-ის მე-4 მუხლის მეორე ნაწილით სამოქალაქო საქმის განხილვას სასამართლო შეუდგებოდა პროკურორის განცხადებით, ე.ი პროკურატურას შეეძლო განმცახდებლის მიმართვის საფუძველზე გადაეწყვიტა სასამართლოში სამოქალაქო დავის აღძვრის საკითხი ან უარი ეთქვა საქმის აღძვრაზე. ამ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მანამ, სანამ პროკურატურა უარს არ იტყოდა დავის სასამართლოში წარმართვაზე ან მის მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევიდოდა კანონიერ ძალაში. როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ განმცხადებლეს განუმარტა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა სასამართლოს ექვემდებარება და პროკურატურას აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა არ ჩაუტარებია. ასეთ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის შეჩერების ვადის დასადგენად სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, როდის მიმართა მხარემ პროკურატურას და რა ვადაში მიიღო მისგან პასუხი.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის გასარკვევად დამატებით უნდა გამოკვლეულიყო საქმის მასალები. მართალია, ახალი სამოქალაქო კოდექსი ადგენდა უძრავი ნივთების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნის ექვსწლიან ხანდაზმულობის ვადას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში გავრცელდებოდა, თუ ძველი კოდექსით დადგენილი ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1991წ. 31 მაისს. სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს სასამართლოსთვის შეეძლო, მიემართა 1997წ. 31 მაისამდე, მაგრამ სარჩელი აღიძრა 2000წ. 27 ივლისს.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, მოსარჩელემ 1996 წელს რაიპროკურატურას მიმართა განცხადებით, მაგრამ პროკურატურას ამ საკითხზე მოკვლევა არ უწარმოებია და არც სარჩელი აღუძრავს სასამართლოში, მან მხარეს განუმარტა, რომ საკითხის განხილვა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ პროკურატურაში მიმართვით ვერ დაიწყებოდა სკ-ის 139-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული პროცესი და ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეიძლება ჩაითვალოს შეწყვეტილად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მცხეთის რაიკოპკავშირის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად ჩათვალა და მიუთითა _ მოსარჩელემ თავისი უფლების დასაცავად 1994 წელს მიმართა პროკურატურას, რომელმაც მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით შემოწმება არ ჩაატარა და 1998 წელს აცნობა განმცხადებელს, რომ მიემართა სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1995წ. 24 აგვისტოს მიღებული ახალი კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურა გახდა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება და მას უფლება არ ჰქონდა, განმცხადებლის ინტერესების დასაცავად აღეძრა სამოქალაქო სარჩელი. აღნიშნული გარემოება ცნობილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელისათვის. 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გარცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნებოდა გასული ძველი სკ-ის 75-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ ამ ნორმის შესაბამისად, დაწესებული ხანდაზმულობის ვადა, ახალი კოდექსის მიღებამდე, უკვე გასული იყო.
2004წ. 5 იანვარს მცხეთის რაიკოოპკავშირმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მისი მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმული არ არის და ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 1998 წლიდან. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1995წ. 24 აგვისტოს, მაგრამ კონსტიტუციის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო წყობილების შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ძალაში რჩებოდა მანამდე მოქმედი კანონმდებლობა.
საქართველოს ახალი სსკ-ის 434-ე მუხლის შესაბამისად, ძველი სამოქალაქო პროცესი ძალადაკარგულად ჩაითვალა 1999წ. 15 მაისიდან, ე.ი ამ დრომდე პროკურატურას უფლება ჰქონდა, ძველი სკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეეტანა სარჩელი, ამიტომ 1993 (1993 წელს მიმართეს პროკურატურას) წლიდან 1998 წლამდე მოცემულ საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილი იყო. ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყო 1998წ. 9 სექტემბრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ სასაწყობო მეურნეობა გასხვისდა 1991წ. 31 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე.
ამ ხელშეკრულების თანახმად, გაიყიდა სასაწყობო მეურნეობის 450 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
დადგენილია, რომ მყიდველმა ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 450 კვ.მ-ისა, ფაქტობრივად დაიკავა 900 კვ. მეტრი. სს “ლ.-ს” მიერ ზედმეტადაა დაკავებული 450 კვ.მ, რომელიც მოსარჩელის ბალანსზეა.
ასევე დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხის მიერ უკანონოდ დაუფლებული ფართის გამოყოფის შესახებ მოსარჩელემ პროკურატურაში პრეტენზია წარადგინა 1994 წელს (სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 7 ნოემბრის განჩინება).
ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობა შეეხება 1991 წელს, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს ძველი სკ-ის (1964წ.) ნორმები.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის (1964წ.) შესაბამისად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციებს, კოლმეურნეობებსა და სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელისათვის – ერთი წლით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილეებს წარმოადგენდნენ, ერთის მხრივ, რაიკოოპკავშირი, ხოლო, მეორეს მხრივ, თბილისის ... ნაწარმის ექსპერიმენტალური ქარხანა მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გამო წარმოშობილი დავის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა ერთ წელს.
ამავე კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ თავისი უფლების დაცვის შესახებ პროკურატურის ორგანოებს მიმართა მხოლოდ 1994 წელს (სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება), ხოლო სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 1991წ. 31 მაისს, მოთხოვნა ხანდაზმულია.
სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებით სარჩელი ხანდაზმულია, თუნდაც მოსარჩელეს პროკურატურისათვის პრეტენზიით მიემართა 1993წ. 30 სექტემბერს (როგორც ეს კასატორმა საკასაციო საჩივრის განხილვის დროს განაცხადა და ამის შესახებ მტკიცებულება განთავსებულია ამავე საქმის ¹344 ფურცელზე), ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა ამოიწურა 1992წ. 31 მაისს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოცემული დავის ხანდაზმულობის ვადის გადასაწყვეტად გამოყენებული ვერ იქნება ახალი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 6 წლიანი ვადა, ვინაიდან ახალი სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ძველი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები ჯერ კიდევ არ გასულა ახალი სკ-ის ამოქმედებამდე.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა 1991წ. 31 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების დაბრუნების შესახებ.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე მუხლის (1964წ. რედაქცია) შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოითხოვოს თავისი ქონება უკანონო მფლობელისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს სასაწყობო მეურნეობის 900 კვ.მ-ს, რომლიდანაც 450 კვ.მ-ის მფლობელობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვის საკუთრებას წარმოადგენს სადავო სასაწყობო მეურნეობის 450 კვ.მ, რომელიც არ არის მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში და გადაწყვიტოს აქვს თუ არა უფლება მესაკუთრეს, გამოითხოვოს ქონება უკანონო მფლობელისგან.
მოცემული საკითხის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ ახალი სკ-ის 1507-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 167-ე მუხლით (უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით) გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993წ. 23 ივლისიდან საკუთრების უფლების შესახებ საქართველო რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410–ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინება სადავო სასაწყობო მეურნეობის 450 კვ.მ ფართის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.