Facebook Twitter

ას-263-559-04 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ჭ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ე.-ის” მიმართ და მიუთითა, რომ 1998წ. 12 ივნისს შპს „ს.-ის“ დირექტორისა და თბილისის “ე.-ის” დირექტორს გ.გ.-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას ეწარმოებინა დამაგრძელებელ გამანაწილებლისათვის სათანადო აღჭურვილობა, მოპასუხე მხარეს კი ევალებოდა „დამაგრძელებელ-გამანაწილებლის“ სათანადო ექსპლოატაცია და მისი რეალიზაცია. სს „ე.-მ“ 1996წ. 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით ივალდებულა შპს „ს.-სათვის“ გადაეხადა 14000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში. ხელშეკრულებითვე განსაზღვრა მისი გადახდის ვადა 1997წ. 30 მარტამდე. იმ მოტივით, რომ მოპასუხე მხარე არ ასრულებს ვალდებულებას, ვ. ჭ.-მ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის 11000 აშშ დოლარის დაკისრება.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „ე.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწფიო ბაჟის _ 521 ლარის გადახდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს საჩივრით მიმართა სს „ე.-მ“. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ე.-ს“ მოსარჩელე ვ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 521 ლარის გადახდა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს „ე.-მ“.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აპრილის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობათ მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენლებს, ხოლო თვით მხარეს _ სს „ე.-ს“ არ გაგზავნია უწყება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჭ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.

სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხარე 1997-2001 წლებში აღიარებდა ზემოხსენებულ დავალიანების არსებობას. დავალიანება სს „ე.-ს“ უნდა დაეფარა 1997წ. 30 მარტამდე. სასამართლომ ჩათვალა, რომ სს „ე.-ის“ მხრიდან დაიშვებოდა ვალდებულების პერიოდულად შესრულებაც. 1997წ. 30 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე _ 2002წ. 6 აგვისტომდე გასულია 5 წელზე მეტი.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს.-ის“ დირექტორმა ვ. ჭ.-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განჩინებით ვ.ჭ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1996წ. 10 ოქტომბერს სს „ე.-სა“ და შპს „ს.-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად სს „ე.-მა“ იკისრა ვალდებულება „ს.-ს“ გადაუხადოს 140000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. მე-2 პუნქტის თანახმად „ე.-ი“ ვალდებულია აღნიშნული თანხა გადაუხადოს საინჟინრო-კომერციულ ცენტრს არაუგვიანეს 1997წ. 30 მარტამდე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა უნდა წარმოშობოდა 1997წ. 30 მარტიდან. ამასთან, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2000წ. ბოლოდან, რადგან 2000წ. 10 თებერვლის წერილით მოპასუხე მხარემ აღიარა დავალიანება და მისი გასტუმრება ივალდებულა 2000წ. ბოლოსთვის.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს.-ის“ დირექტორმა ვ.ჭ.-მ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ შპს „ს.-ს“ მოთხოვნა წარმოეშვა 1997წ. 30 მარტს და 2000წ. 30 მარტის შემდგომ მოთხოვნა ხანდაზმული იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მოპასუხის მხრიდან 1998წ. 30 აპრილის და 2000წ. 10 თებერვლის წერილი მის მიერ ვალის არსებობის აღიარებისა და გადახდის დაპირებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად, რადგან წერილი, რომლითაც სს „ე.-მა“ მიმართა შპს „ს.-ის“ დირექტორის დვალიანების 2000წ.თვის გადახდის შესახებ ხელმოწერილია გენერალური დირექტორის ვ.გურულის მიერ, რომლის ხელწერაზეც არის სს „ე.-ის“ შტამპი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება რომ 1996წ. 10 ოქტომბერს სს „ე.-სა“ და შპს „ს.-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „ე.-მ“ იკისრა ვალდებულება “ს.-ს“ აღნიშნული თანხა გადაუხადოს 1997წ. 30 მარტამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა უნდა წარმოშობოდა 1997წ. 30 მარტამდე. ამდენად სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2000წ. ბოლოდან იქიდან გამომდინარე, რომ 2000წ. 10 თებერვლის წერილით მოპასუხე მხარემ აღიარა დავალიანება და მისი გასტუმრება ივალდებულა 2000წ. ბოლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან წერილი, რომლითაც მოპასუხემ დავალების გადახდა ივალდებულა, ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ (წერილს ხელს აწერს ვ.გურული, რომელიც რეესტრში არ არის რეგისტრირებული დირექტორად) იგი ვერ გახდება სკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი.

პალატა სააპელაციო სასამართლოს ასეთ მსჯელობას ვერ გაიზიარებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს დირექტორს გ.გეგენავას და არა ვ.გურულს, რომელიც ხელს აწერს წერილს. მაგრამ ასევე დადგენილია რომ ვ.გურულის ხელმოწერით მოსარჩელეს არაერთხელ გაეგზავნა წერილი 1998-2000 წლებში, ვალის დაფარვის დაპირებით, აღსანიშნავია რომ ეს წერილები დაბეჭდილია სს „ე.-ის“ ბლანკზე, დასმული აქვს სს „ე.-ის“ ბეჭდი, გატარებულია სს-ის კანცელარიაში და დასმული აქვს ნომერი. ასევე მოსარჩელის განმარტებით, რასაც მოპასუხე მხარეც დაეთანხმა, სს „ე.-ის“ ოფისში მუშაობდა ვ.გურული, იგი იჯდა კაბინეტში, რომლის კარზე იყო წარწერა „დირექტორი“. ასეთ პირობებში პალატა თვლის რომ სს „ე.-მ“ ისეთი გარემოებები შექმნა, რომ მოსარჩელეს კეთილსინდისიერად ეგონა რომ ვ.გურული იყო სააქციო საზოგადოების დირექტორი და უფლებამოსილება ჰქონდა საზოგადოების სახელით გამოსულიყო ურთიერთობებში.

სკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა რომ გარიგება მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა“.

მოცემულ შემთხვევაში სს „ე.-მ“ აღიარა ვალდებულების არსებობა მოსარჩელე მხარის მიმართ, აღნიშნული წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას.

ვალის აღიარების საფუძველზე სსკ-ის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ რომ სარჩელი ხანდაზმულია.

ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობის მოტივით და არ უმსჯელია მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და ამ მხრივ არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.