Facebook Twitter

ას-265-561-04 5 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სახელფასო დავალიანება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ც-ემ, მ. მ-ე და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს „ს-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების თაობაზე, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ........ ინვალიდთა «ს-ის» თანამშრომლები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2000წ. 22 მარტის ¹46, ¹47, 2000წ. 12 მაისის ¹83/ო და 2000წ. 22 მაისის ¹85/ო ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ცენტრის რეორგანიზაცია და მის საფუძველზე სახელმწიფოს 100% მონაწილეობით დაფუძნდა შპს „ს-ი“.

მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოპასუხისაგან მოითხოვეს 1998წ. აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 1999წ. ივლისი-ნოემბრისა და 2000წ. იანვრის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ იგი არ არის სათანადო მხარე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ს-ს“ დაეკისრა მ. ც-ის სასარგებლოდ 1000 ლარის UGგადახდა, მ. მ-ის _ 800 ლარი, ნ. კ-ის _ 550 ლარი, მ. ც-ის _ 350 ლარი, ლ. ს-ის _ 300 ლარი, მ. კ-ის _ 210 ლარი, ნ. ხ-ის _ 300 ლარი, ი. ფ-ას _ 550 ლარი, ნ. თ-ის _ 550 ლარი, მ. ზ-ის _ 300 ლარი, ნ. ო-ის _ 400 ლარი, ზ. კ-ას _ 400 ლარი, მ. ბ-ის _ 400 ლარი, შ. გ-ის _ 500 ლარი, მ. ჭ-ის _ 550 ლარი, ლ. ქ-ის _ 650 ლარი, რ. ნ-ის _ 500 ლარი, რ. გ-ის _ 500 ლარი, ც. ნ-ის _ 250 ლარი, მ. რ-ის _ 350 ლარი, ნ. გ-ის _ 450 ლარი, ც. მ-ის _ 210 ლარი, დ. ჭ-ის _ 800 ლარი, მ. პ-ის _ 300 ლარი, შ. ბ-ის _ 400 ლარი, ნ. ნ-ის _ 375 ლარი, ვ. ს-ის _ 400 ლარისა და ც. ს-ის _ 300 ლარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება. აპელანტი სადავოს ხდიდა, როგორც მხარის (მოპასუხის) სათანადოობის საკითხს, ისე გადაწყვეტილების დასაბუთებულობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის «ს-ში».

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ შპს „ს-ი“ არ წარმოადგენს ზემომითითებულ ორგანიზაციის უფლებამონაცლეს, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით, დადგენილია უფლებამონაცვლეობა, რის გამოც იგი წარმოადგენს პირს, რომელზეც გადმოვიდა ყველა უფლება და ვალდებულება.

სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას აპელანტმა განმარტა, რომ იგი სადავოდ არ ხდის მოსარჩელეთა მიმართ არსებულ დავალიანებას და მის ოდენობას, მხოლოდ მიიჩნია, რომ გადახდა უნდა მოახდინოს სამინისტრომ, ვინაიდან გადასახდელი თანხის ოდენობა სადავო არ გამხდარა, ხოლო შკკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშაკს დათხოვნის დღეს უნდა მიეცეს ორგანიზაციისაგან კუთვნილი თანხა.

ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 85-ე, 244-ე, 249-ე (მე-3, მე-4 ნაწილები), 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტები და 394-ე მუხლები.

კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არასათანადოდ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, არასწორად განსაზღვრა სახელფასო დავალიანების გადახდაზე უფლებამონაცვლე, რადგან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა ის გარმოება, რომ სახელფასო დავალიანების ოდენობის, ნამდვილობის, დაფინანსების წყაროებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხი გადაწყვეტის პროცესშია და ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი კომისია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

კასატორი თვლის, რომ სახელფასო დავალიანების ოდენობა სასამართლომ არასწორად დაადგინა, კერძოდ, ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით). კასატორი მიუთითებს, რომ იგი არ არის მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხე, რადგან სახელფასო დავალიანება გააჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს ინვალიდთა დეპარტამენტს, პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის «ს-ის» სამართალმემკვიდრე არის მოპასუხე საწარმო. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დაადგინა სამეწარმეო რეესტრის მიხედვით. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ამ გარემოების დადგენასთან დაკავშირებით, იგი დაუსაბუთებელია. სამართალმამკვიდრებლის საკითხი შპს-ს დაფუძნებისას დადგინდა და, შესაბამისად, დაფიქსირდა კიდეც სამეწარმეო რეესტრში.

პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას დავალიანების ოდენობის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ (აპელანტმა), სასამართლოში საქმის განხილვისას, სადავო არ გახადა სახელფასო დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა. სსკ-ის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლომ ამ ნორმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია სახელფასო დავალიანების არსებობა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელეები მოითხოვდნენ და ამ ნაწილში არ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა. აღიარებით აპელანტმა სადავო არ გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა საჩივრის დაკმაყოფილების ამ ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მხოლოდ სამართალმემკვიდრეობის საკითხი (რასაც აპელანტი სადავოდ მიიჩნევდა) და დაადგინა საქმეზე შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისას საკასაციო საჩივარში მითითებული კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.