საქმე # 020142221700132534
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №10აგ-21 23 ივნისი, 2021 წელი
ლ–ა ი., 10აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ი. ლ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 30 იანვრიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
ი. ლ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დაზუსტებული შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ი. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჭ–მ, რომელმაც ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა და ი. ლ–ს ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დღეის მდგომარეობით მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება, ასევე მასზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით ი. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). დანარჩენ ნაწილში განაჩენი ი. ლ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჭ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი. ლ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირება კანონიერია.
4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ი. ლ–ს უკვე მოხდილი აქვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამასთან, გასულია სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, 3 წლით განსაზღვრული პირობით მსჯავრის გამოსაცდელი ვადა - 3 წელი (რომელიც დაუმთავრდა 2018 წლის 29 იანვარს და საქმის წარმოება შეწყდა). ამდენად, ი. ლ–ს მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვარის საქართველოს კანონი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე