Facebook Twitter

ას-267-567-04 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების შ. მ.-ისა და ნ. ლ.-ის მიმართ და აღნიშნა, რომ 1998წ. 15 აპრილს ნ. ლ.-მ მუქარით აიძულა მოსარჩელე ხელი მოეწერა სესხის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად ნ. ლ.-მა ასესხა თ. მ.-ს 22000 აშშ დოლარი ერთი თვით. ასევე, იძულებით 1998წ. 20 მაისს თ. მ.-სა და ნ. ლ.-ს შორის გაფორმდა თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. 1998წ. 22 აგვისტოს ნ. ლ.-მ თ. მ.-ის ყოფილი ბინა მიჰყიდა შ. მ.-ს სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ხელშეკრულების, როგორც იძულებით დადებული და ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც თვალთმაქცური გარიგებების ბათილად ცნობა.

საქმის განხილვის პროცესში თ. მ.-მ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 1998წ. 15 აპრილს ნ. ლ.-სა და თ. მ.-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. ლ.-მა ასესხა თ. მ.-ს 22.000 აშშ დოლარი 1 თვით. თავის დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში თ. მ.-ი ადასტურებს ამ ხელშეკრულების ნამდვილობას.

დადგენილია, აგრეთვე, რომ 1998წ. 20 მაისს თ. მ.-სა და ნ. ლ.-ს შორის გაფორმდა თ. მ.-ის ბინის, მდებარე თბილისში, ... ნასყიდობის ხელშეკრულება.

ამავე დღეს ნ. ლ.-მ დაწერა ხელწერილი, რომ 1998წ. ბოლომდე არ ექნებოდა პრეტენზია ზემოაღნიშნულ ბინაზე და თუ თ. მ.-ი აღნიშნულ ვადაში დაუბრუნებს ვალს, ბინა კვლავ გაფორმდება თ. მ.-ის სახელზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ. მ.-სა და ნ. ლ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულება.

სკ-ის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია გარემოება, რომელიც დადებულია, მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) ხოლო თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

ამასთან, სკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფლება ამ ნივთიდან (იპოთეკა).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შ. მ.-მა გაუსტუმრა ნ. ლ.-ს თ. მ.-ის ვალი, რის შედეგად მასზე გადავიდა როგორც თ. მ.-ისაგან თანხის მოთხოვნის უფლება, ისე იპოთეკა, რადგან სკ-ის 295-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა და მის საფუძველზე არსებული მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული, მოთხოვნის გაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 379-ე მუხლი, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას სკ-ის სპეციალური ნორმა, კერძოდ სკ-ის 302-ე მუხლი უნდა გამოეყენებინა, რომელიც კრძალავს იპოთეკით დატვირთულ ნივთზე კრედიტორისათვის საკუთრების უფლების პირდაპირ გადაცემას, თუკი იგი არ დაკმაყოფილდება ან დროულად ვერ დაკმაყოფილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შ. მ.-ს ჰქონდა მისი ბინის აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის უფლება.

თუკი უდავოა, რომ კრედიტორზე პირდაპირ არ გადადის საკუთრების უფლება იპოთეკით დატვირთულ ნივთზე, მაშინ არასწორია სასამართლოს მიერ სკ-ის 427-ე მუხლზე მითითება, რამეთუ ვალდებულება მის მიერ ახალი კრედიტორის – შ. მ.-ის მიმართ არ არის შესრულებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1998წ. 15 აპრილს ნ. ლ.-სა და თ. მ.-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. ლ.-მ ასესხა თ. მ.-ს 22.000 აშშ დოლარი 1998წ. 7 თებერვალს 1998წ. 25 მაისამდე. დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში თ. მ.-მა დაადასტურა ამ ხელშეკრულების ნამდვილობა.

1998წ. 20 მაისს თ. მ.-სა და ლ. ლ.-ს შორის გაფორმდა თბილისში, ... მდებარე თ. მ.-ის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. 1998წ. 22 აგვისტოს ნ. ლ.-მ თბილისში, ... მდებარე ბინა სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა შ. მ.-ს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო პალატას მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა თ.მ.-სა და ლ. ლ.-ს შორის დადებული გარიგება მოჩვენებით დადებულ გარიგებად სკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, რადგან საქმის მასალების ანალიზით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 1998წ. 20 მაისს დაიდო არა იპოთეკის ხელშეკრულება არამედ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შესრულდა სესხის ხელშეკრულებით თ. მ.-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება.

სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს თ. მ.-მა ვალდებულება შეასრულა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გვაროვნული ნივთით ფულადი თანხით, არამედ სხვა შესრულებით, კერძოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთით _ საცხოვრებელი ბინით.

სკ-ის 379-ე მუხლის მიხედვით კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ნორმა არ ავალდებულებს კრედიტორს მიიღოს სხვა შესრულება თუ ეს მას არ სურს, მაგრამ თუ იგი თანახმაა, არ უკრძალავს მიიღოს იგი.

სკ-ის 428-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად იღებს სხვა შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეთა შორის შეწყდა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ თ. მ.-სა და ნ. ლ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა მათ შორის სესხის ხელშეკრულება, ვინაიდან მითითებული მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება სანოტარო წესით გაფორმდა და მისი დაფარვა მხარეებს არ უცდიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ. ლ.-სა და თ. მ.-ს შორის 1998წ. 20 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სკ-ის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შ. მ.-ი არ შეიძლება ჩაითვალოს სადავო ბინის მესაკუთრედ, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ბინა ნასყიდობის მომენტისათვის იპოთეკით იყო დატვირთული, რადგან საქმის მასალების მიხედვით ბინა იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა.

სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 2 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინებით დადგენილია, რომ სადავო ბინა შ. მ.-მა შეიძინა ნ. ლ.-ისაგან და იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი ამდენად, აღნიშნულ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმის განხილვისას.

სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით მტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ვინაიდან შ. მ.-ი კეთილსინდისიერი შემძენია და მხარე თავისუფლდება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან 1998წ. 22 აგვისტოს შ. მ.-სა და ნ. ლ.-ს შორის გაფორმებული გარიგება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის იურიდიული საფუძველი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

განსახილველ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას და თ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411–ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

თ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.