Facebook Twitter

ას-269-569-04 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 13 ოქტომბერს ნ., ნა. და ი. გ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. ხ-ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, 1999წ. აპრილში მათ მიიღეს ანონიმური წერილი, რომელიც შეიცავდა მათი ოჯახის პატივისა და ღირსების შემლახველ, უსაფუძვლო ცნობებს. მიიტანეს რა ეჭვი მეზობელ გ. ხ-ეზე, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს რაიონის პროკურატურას, რის საფუძველზეც 1999წ. 20 ივლისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. ხ-ის მიმართ. გამოძიების მიერ დაინიშნული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ანონიმური წერილი მოპასუხის მიერ იყო შესრულებული. პროკურატურამ შეადგინა საბრალდებო დასკვნა და გ. ხ-ეს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქმე წარიმართა სასამართლოში, სადაც მხარემ შეიტანა განცხადება სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სისხლის სამართლის კოდექსში მომხდარი ცვლილებების თანახმად, ზემოხსენებული მუხლები ამოღებულ იქნა, რის გამოც ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 ოქტომბრის დადგენილებით, გ. ხ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში მხარეს განემარტა, რომ მიემართა სასამართლოსათვის სამოქალაქო სამართლებრივი წესით. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული ანონიმური წერილის გამო მიადგათ ძლიერი სულიერი ტანჯვა, შეილახა მათი ოჯახის პატივი და ღირსება, ამდენად, სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მოითხოვეს მოპასუხისათვის მორალური ზიანის _ 50000 ლარის დაკისრება.

გ. ხ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ანონიმური წერილი არ შეუდგენია, ამდენად, არც მორალური ზიანი გ-ების ოჯახისათვის არ მიუყენებია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა საქმეზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, სადავო წერილი შესრულებულია გ. ხ-ის მიერ, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, იხელმძღვანელა სკ-ის მე-18 მუხლით და მიიჩნია, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებაში იგულისხმება პრესაში, ტელევიზიით, რადიოთი ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით აღნიშნული ცნობების გავრცელება. მოცემულ შემთხვევაში, კი დადგენილია, რომ უსახელო წერილი ფოსტის საშუალებით მიიღო ნა. გ-მა და მისი შინაარსი გააცნო ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ საზოგადოებაში სადავო წერილის შინაარსის თავად მოსარჩელე მხარემ გაავრცელა.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება გ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნა. და ი. გ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გ. ხ-ეს დაეკირა მათ სასარგებლოდ თითოეულისათვის 1000 ლარის გადახდა, ხოლო ნ. გ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის ¹...... საქმეზე ჩატარებული 1999წ. 27 დეკემბრისა და მოცემულ საქმეზე 2003წ. 22 აპრილს ჩატარებული განმეორებითი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ანონიმური წერილი შესრულებულია გ. ხ-ის მიერ. პალატამ ასევე დაადგინა, რომ სადავო წერილში მითითებული გარემოებანი ეხება ნა. და ი. გ-ების პიროვნებებსა და მათ აღვირახსნილ საქციელს, რაც პატივისა და ღირსების შემლახველად უნდა ჩაითვალოს. აღნიშნული წერილის ადრესატი იყო ნა. გ-ის მეუღლე და ი. გ-ის მამა _ ნ. გ-ი, რომელმაც წერილი წაიკითხა და მის შინაარსს გაეცნო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს პოზიცია და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა იმ პირთა სიმრავლე, რომლებისთვისაც მიწოდებული გახდა პირის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, არამედ, პიროვნების სულიერი ტანჯვის ხარისხი, რომელიც მოჰყვა ამ ცნობების გავრცელებას, ვინაიდან, პალატის აზრით, სკ-ის მე-18 მუხლი მიმართულია არა იმდენად ობიექტური სიკეთის დაცვისაკენ, არამედ პიროვნებისათვის მორალური ტრავმის კომპანსირებისაკენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ხ-ეს არც უცდია სადავო წერილში მითითებული გარემოებების ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზების დასკვნების მიუხედავად, მიუთითებდა, რომ წერილი მისი დაწერილი არ იყო. პალატამ ი. და ნა. გ-ების პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი დადგენილად მიიჩნია, თუმცა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 50000 ლარი არამართლზომიერად დიდ თანხად ჩათვალა და მოპასუხეს დააკისრა თითოეულისათვის 1000 ლარის გადახდა. ნ. გ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან მის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა და წერილის ადრესატიც თავად იყო.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

ნ., ი. და ნა. გ-ებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორებმა მიუთითეს, რომ პალატამ არასწორად უთხრა სარჩელს უარი ნ. გ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან, ამ უკანასკნელს, როგორც ოჯახის უფროსს, სადავო წერილმა ძლიერი სულიერი ტრავმა მიაყენა, გაუუარესა ჯანმრთელობა. ამდენად, კასატორებმა იხელმძღვანელეს სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით და მიიჩნიეს, რომ გ.ხ-ე ცრუ და შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებისას განზრახ მოქმედებდა. მხარის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი, კერძოდ, პალატას უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 413-ე მუხლით და გაეთვალისწინებინა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დაბა წაღვერის საკრებულოს ცნობის თანახმად, შეესაბამებოდა მხარის მიერ მოთხოვნილ კომპენსაციას. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ეგზომ მცირე თანხის დაკისრებით, პალატა სტიმულს აძლევს გ. ხ-ეს გ-ების ოჯახის კვლავ შეურაცხყოფისათვის.

გ. ხ-ის წარმომადგენელმა მ. ხ-ემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ ზერელედ განიხილა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რასაც ადასტურებს პალატის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-4 აბზაცში არსებული მითითება გ-ების მიერ გორის რაიონული სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, რაც არასწორია და აღნიშნულის ნაცვლად, კასატორის აზრით, უნდა მითითებულიყო ბორჯომის რაიონული სასამართლო, ასევე სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში აპელანტების მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებად ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაცვლად, უნდა მითითებულიყო ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მ. ხ-ის განმარტებით, სარჩელში მხარემ მოითხოვა საქმისათვის სისხლის სამართლის წარმოების მასალების დართვა, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, თუმცა პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სისხლის სამართლის საქმე ბორჯომის რაიონის პროკურატურაში აღიძრა ნ. გ-ის განცხადების საფუძველზე, თუმცა გაურკვეველია აღნიშნულის თარიღი. კასატორმა მიუთითა, რომ ნ.გ-მა თავდაპირველად განცხადება შეიტანა 1999წ. 24 აპრილს და წერილის ავტორად პოლიციის თანამშრომელი მიიჩნია, ხოლო 27 მაისს პირდაპირ მოითხოვა საქმის აღძვრა გ. და მ. ხ-ეების მიმართ. მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. გ-მა მიუთითა, რომ ისე მოიქცა, როგორც დაარიგეს. აღნიშნულის თანახმად, მ. ხ-ემ მიიჩნია, რომ გ-ებმა ხელოვნურად შექმნეს სადავო ურთიერთობა, რათა გ. ხ-ის ქონებას დაპატრონებოდნენ. მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, გადაწყვეტილება ძირითადად ააგო ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლებიც კანონიც თანახმად, სავალდებულო არ არის სასამართლოსათვის. მ. ხ-ის განმარტებით, მან იშუამდგომლა ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნაზე, ვინაიდან, საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზების შედეგები, ასევე მათი განხილვის ვადების გაჭიანურება საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მხარემ მიუთითა, რომ არ იზიარებს პალატის მოსაზრებას თითქოს გ. ხ-ეს არ უცდია თავისი უდანაშაულობის დამტკიცება, ვინაიდან, მ. ხ-ის აზრით, სასამართლომ არ მიუთითა, თუ რა ხერხით უნდა განეხორციელებინა აღნიშნული მოპასუხეს. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლომ არ დააკონკრეტა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გარდა პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების სხვა რა საშუალებაც გულისხმობდა, როდესაც იხელმძღვანელა სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. კასატორის მოსაზრებით, ნა. გ-მა თავად განმარტა, რომ სადავო წერილის შინაარსის გავრცელება მოსარჩელეებმა მოახდინეს. მ. ხ-ემ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით, ამდენად, მხარის აზრით, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო, უარეყო სარჩელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

საოლქო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: ანონიმური წერილი დაწერილია გ. ხ-ის მიერ. წერილში მოყვანილი ცნობები, რომლებიც ეხება ნა. და ი. გ-ების პიროვნებებს და მიუთითებს მათ აღვირახსნილ საქციელზე, პატივისა და ღირსების შემლახველად უნდა ჩაითვალოს. წერილის ადრესატი იყო ნა. გ-ის მეუღლე და ი. გ-ის მამა _ ნ. გ-ი, რომელმაც აღნიშნული წერილი წაიკითხა ანუ წერილში მითითებული ფაქტები მისთვის ცნობილი გახდა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება შესაძლებელია, როგორც მასობრივი, ასევე სხვა საშუალებებითაც.

სასამართლომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და შეფასება მისცეს იმ გარემოებას თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების ავტორად და გამავრცელებლად. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები დავის სკ-ის მე-18 მუხლით კვალიფიკაციისას. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილით პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.

ამდენად, პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფის დადგენისათვის აუცილებელია არსებობდეს ამ ნორმით დაცული რომელიმე სიკეთის ხელყოფა, რაც ხორციელდება პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახველი ცნობების გავრცელებით. აქედან გამომდინარე, არაქონებრივი უფლებების დარღვევის იურიდიული კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ბრალეული პირის ქმედება გამოხატული ცნობათა გავრცელებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არ არის.

სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში (ცნობების გავრცელებაში) მოპასუხის ბრალეულობა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ., ნა., ი. გ-ებისა და გ. ხ-ის წარმომადგენლის _ მ. ხ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.