საქმე # 010142220700114284
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №18აგ-21 25 ივნისი, 2021 წელი
გ–ე ა., 18აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო ბაქაქური
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულ სს ,,საქართველოს .......... კორპორაციის“ გენერალური დირექტორის გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ა. გ–ს (დაბადებული 19.. წელს) წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი და ამ ნაწილში გამართლდა;
ა. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად მთლიანად შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და ა. გ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
ა. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. მოპასუხე ა. გ–ს დაეკისრა სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ სასარგებლოდ 5 023 979,88 ლარის გადახდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის განხილვა გაგრძელდა შეცვლილი ბრალდებით - საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით შეტანილი იქნა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრის განაჩენში:
ა. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
ა. გ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;
სამოქალაქო სარჩელი დარჩა ღიად და მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით უფლება აქვთ, იდავონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გურამ ოქრუაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება;
ა. გ–ე გამართლდა ბრალდების მეორე ეპიზოდში (2000 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების ეპიზოდი);
ა. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
ა. გ–ე,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;
განაჩენი სამოქალაქო სარჩელის და ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩა უცვლელი.
5. 2021 წლის 26 აპრილს დაზარალებულ სს ,,საქართველოს ................ის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გ. ბ–იმ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენის გაუქმება და ა. გ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.
დაზარალებულმა საჩივარში ასევე მიუთითა საქართველოს სსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც - ,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“. აღნიშნული რედაქცია კი დაზარალებულს აძლევს უფლებას შეიტანოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“.
2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესი ვრცელდება მიმდინარე სამართალწარმოების საქმეებზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის შემაჯამებელი გადაწყვეტილება ა. გ–ის ბრალდების საქმეზე საკასაციო სასამართლოში მხარეებმა არ გაასაჩივრეს, განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში და სამართალწარმოება აღნიშნულ საქმეზე დასრულდა.
3. აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურორ გურამ ოქრუაშვილის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მსჯავრდებულ ა. გ–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, სწორად განიხილა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლების მქონე პირთა წრეს საქართველოს მოქმედი სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ მიაკუთვნებს დაზარალებულს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე სს ,,საქართველოს „................ის“ გენერალური დირექტორი გ. ბ–ი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს მისი საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაზარალებულ სს ,,საქართველოს „..................ის“ გენერალური დირექტორის გ. ბ–ს საჩივარი არ იქნეს განხილული;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. ბაქაქური