ას-272-566-04 2 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება; უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ს-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხე ნ. ს-ას გამოსახლება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა და ბინაში საცხოვრებლად დროებით შეუშვა ყოფილი რძალი, რომელიც აღარ ათავისუფლებს ბინას.
მოპასუხე ნ. ს-ამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრიდან და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ლ. ს-ა სადავო ბინის მესაკუთრეა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ას წარმომადგენელმა, ა. ს-მა, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტმა სააპელაციო პალატას დამატებით წარუდგინა მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიყენა მატერიალური სამართლის ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
აპელანტმა განმარტა, რომ ლ. ს-ა არის ბინის მესაკუთრე, რაც დასტურდება წარმოდგენილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად და რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ასევე რუსთავის ცენტრალური მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ შედგენილი აქტის თანახმად, დადგენილია, რომ სადავო ბინა ლ. ს-ამ 1998წ. 22 მაისს იყიდა ვალენტინა არხიპოვასაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ს-ას წარმომადგენლის- ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ლ. ს-ას სარჩელი და მოპასუხე ნ. ს-ა გამოსახლდა რუსთავში, ..... მდებარე ბინიდან.
სააპელაციო სასამართლომ ტექინვენტარიზაციის ბიუროდან წარმოდგენილი ცნობითა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო ბინის მესაკუთრე არის ლ. ს-ა და ნ. ს-ას ბინის მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე, მესაკუთრე უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნივთი უკანონო მფლობელობიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ამ და მისმა რწმუნებულმა პ. ჯ-ამ. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სადავო ბინა შეძენილია 1993წ. 22 მაისს ანუ იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა კასატორის ძმასთან, ზ. ს-ასთან, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე არის ამ ბინის თანამესაკუთრე. იგი წინააღმდეგია ბინიდან თავისი დის გამოსახლებისა და უფლებას აძლევს იცხოვროს სადავო ბინის იმ ნაწილში, რომელიც მას ეკუთვნის.
კასატორის წარმომადგენელი პ. ჯ-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ 2001წ. 20 თებერვალს ლ. ს-ამ და მისმა მეუღლემ მიიღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. ა. ს-ზე გაცემული რწმუნებულება კი თარიღდება 2002წ. 20 სექტემბრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი აზრით, ა. ს-ი, რომელმაც ლ. ს-ას სახელით შეიტანა სასარჩელო განცხადება, სააპელაციო საჩივარი და მისი სახელით გამოდიოდა ორივე ინსტანციის სასამართლოში, არ არის უფლებამოსილი პირი.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-4, 188-ე, 377-ე, 380-ე მუხლები, რის გამოც სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე, მესაკუთრე უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნივთი უკანონო მფლობელობიდან.
სააპელაციო სასამართლომ ტექინვენტარიზაციის ბიუროდან წარმოდგენილი ცნობითა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო ბინის მესაკუთრე არის ლ. ს-ა და ნ. ს-ას ბინის მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ 2001წ. 20 თებერვალს ლ. ს-ამ და მისმა მეუღლემ მიიღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, ა. ს-ზე გაცემული რწმუნებულება კი თარიღდება 2002წ. 20 სექტემბრით, რის გამოც ს-ი სარჩელის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირად უნდა ჩაითვალოს, პალატა განმარტავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მეოთხე თავით დადგენილი წესით. ასეთ გადაწყვეტილებაზე კასატორი ვერ მიუთითებს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სადავო ბინა შეძენილია 1993წ. 22 მაისს ანუ იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა კასატორის ძმასთან, ზ. ს-ასთან, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, არის ამ ბინის თანამესაკუთრე და იგი წინააღმდეგია ბინიდან თავისი დის გამოსახლებისა და უფლებას აძლევს იცხოვროს სადავო ბინის იმ ნაწილში, რომელიც მას ეკუთვნის, ვერ გახდება მოცემულ საქმეზე კასაციის დაკმაყოფილების საფუძველი. დავა მეუღლეთა შორის შეიძლება, გახდეს სხვა სასარჩელო განხილვის საგანი და თუ აღიარებული იქნება სადავო ბინაზე ზ. ს-ას საკუთრების უფლება, მას შეუძლია მისი კუთვნილი ნივთი გადასცეს ნებისმიერ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.