Facebook Twitter

ას-27-328-04 27 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ძირითად სარჩელში: დელიქტით (ხანძრით) მიყენებული ზიანის ანაზღაურება

შეგებებულ სარჩელში: კედლის აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:

ი. გ-მა სარჩელი აღძრა ჟ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის ბინაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას ჩამოვიდა წყალი, რამაც დააზიანა მისი საცხოვრებელი ბინა. ზიანი განისაზღვრა 967 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით ბინაში ხანძარი გაჩნდა მოპასუხის ბრალით, კერძოდ, მოსარჩელემ თავის ბინაში მოხსნა საყრდენი კედელი, რამაც გამოიწვია მისი ბინის იატაკის დაწევა და ბუხარში ბზარის გაჩენა. ხანძარი ბუხრის ბზარიდან გამოსულმა ალმა გამოიწვია, ამიტომ მოპასუხეს არ მიაჩნია, რომ მან ზიანი უნდა აანაზღაუროს. ამასთან, მან შეგებებული სარჩელით მოითხოვა კედლის აღდგენა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: ჟ. ა-ეს დაევალა, აღედგინა ი. გ-ის ბინა პირვანდელ მდგომარეობაში, ანდა გადაეხადა აღდგენისათვის საჭირო 1860 ლარი, ხოლო ი. გ-ს დაევალა, ა-ის ბინაში, იატაკის ქვეშ აღადგინოს 15 სმ. სისქის ტიხარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. გ-ს დაევალა 15 სმ სისქის ტიხრის აღდგენა ჟ. ა-ის ბინის იატაკის ქვეშ და ამ ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ჟ. ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

2001წ. 31 ოქტომბერს თბილისში, არლონდ ... მდებარე ჟ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ბუხარში გაჩნდა ხანძარი, რომლის მიზეზი იყო საკვამლე არხის გაუმართაობა. ხანძრის გავრცელებას ხელი შეუწყო სხვენის ხის კონსტრუქციამ. დადგენილია, რომ ი. გ-ის ბინაში ხანძრის ჩაქრობისას გამოყენებულმა წყალმა დააზიანა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა, რომლის აღსადგენად საჭიროა 1860 ლარის ღირებულების სამუშაოს ჩატარება.

პალატამ არ გაიზიარა ჟ. ა-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბინაში ხანძარი ი. გ-ის ბრალით მოხდა. დადგენილია, რომ ი. გ-ის კუთვნილი ¹1-2 და ¹1-3 საცხოვრებელ ოთახებს შორის გადიდებულ იქნა ღიობი, მაგრამ ღიობის გადიდებას კედლის მზიდების შესუსტება არ გამოუწვევია. რეკონსტრუქცია ჩატარდა ტიხარზე და არა მზიდ კედელზე, ამასთან, ტიხარი არ გადის ჟ. ა-ის ბინაში მდებარე ბუხრის ქვეშ.

პალატამ მიუთითა, გ-ის ბინაში ტიხრის ღიობის გადიდებასაც რომ გამოეწვია ჟ. ა-ის ბინის იატაკის დაწევა, სარჩელი მაინც უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იატაკის დაწევამ გამოიწვია ბუხრის საკვამური მილის მთლიანობის დარღვევა და მისი გაუმართაობა, რამაც შემდეგ ხანძარი გამოიწვია.

პალატამ არ გაიზიარა თბილისის მერიის შპს „თ-ის“ დასკვნა იმის თაობაზე, რომ ი. გ-ის მიერ კარის ღიობის გადიდებამ გამოიწვია აღნიშნული კედლის შესუსტება, რამაც სავარაუდოდ ჟ. ა-ის ბინაში გამოიწვია კედლის მთელ სიგრძეზე იატაკის ჩაღუნვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2002წ. 28 ივნისის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ი. გ-ის საცხოვრებელ ბინაში საყრდენი კედლების სიმტკიცე ხელოვნურად შესუსტებული არ არის.

დადგენილია, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც მხარეები ცხოვრობენ, ავარიულია და აშენებულია მე-19 საუკუნეში, სახლზე არსებული ბზარები გადიდებულია, ჭერი ჩამოშლილია, კედლები და ტიხრები ერთმანეთს დაშორებულია, იატაკი დამჯდარია, რაც იმის დამადასტურებელია, რომ იატაკის დაწევა შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სახლის სიძველით, მიწისძვრით, რაც თვით ჟ. ა-ემაც დაადასტურა.

პალატამ არ გაიზიარა ჟ. ა-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზიანის ოდენობა არასწორად იქნა დადგენილი. სასამართლომ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით დაადგინა, რომ ხანძრის შედეგად დაზიანდა ორი 47 კვ.მ ოთახის ჭერი და 15 კვ.მ შუშაბანდი, კედლები და იატაკი.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 992-ე, 1001-ე მუხლებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ა-ემ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობად 1860 ლარი არასწორად იქნა დადგენილი. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარეოებანი იმის თაობაზე, რომ ხანძრის გაჩენაში ი. გ-ის ბრალი გამოირიცხა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი, რომლებითაც დასტურდება, რომ ხანძარი გამოწვეულია ი. გ-ის ქმედებით.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. გ-მა შეამცირა მოთხოვნა და ზიანის ას-ღაურებლად მოითხოვა 1500 ლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით). სასამართლო საქმეზე ფაქტობრივი გარემოებებს ადგენს წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით და სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს, როგორც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ისე იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები. მიუთითებს ასევე იმ მოსაზრებებზე, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც არ დადასტურდა ი. გ-ის ბრალეული ქმედება, კერძოდ, ის რომ, ტიხრის აღებას შედეგად მოჰყვა ბუხრის მილის დაზიანება, რამაც თავის მხრივ, ხანძარი გამოიწვია.

სასამართლო მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას საპროცესო ნორმებით დადგენილი წესები არ დაურღვევია და აღნიშნულზე არც კასატორი მიუთითებს. კასატორის მიერ მარტოოდენ იმ მტკიცებულებებზე მითითება, რომელიც მან წარუდგინა სასამართლოს და იგი არ იქნა გაზიარებული, არ წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რადგან კასატორი არ მიუთითებს კონკრეტული საპროცესო ნორმის დარღვევის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია.

პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, რადგან მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) შეამცირა დავის საგანი და იგი საბოლოოდ მოპასუხისაგან (კასატორისაგან) მოითხოვს 1500 ლარის გადახდას. პალატა იზიარებს მხარის ამ მოთხოვნას, რადგან მოსარჩელეს, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეუძლია შეამციროს დავის საგანი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, იგი გამომდინარეობს სკ-ის 982-ე მუხლის მოთხოვნიდან. გადაწყვეტილების დასაბუთებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე საკასაციო სასამართლო იზიარებს და ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რადგან საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ჟ. ა-ეს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.