ას-273-562-04 5 მაისი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ფართზე მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 19 ნოემბერს ვ. კ-ამ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
განმცხადებელმა მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე ლიტერ «ა” ერთსართულიანი სახლის ¹6,7,8 ოთახების ¹1,2,3,4,5 სარდაფების, ლიტერ «ბ”, «დ” და «ვ” სათავსების მესაკუთრედ ცნობა.
რაიონული სასამართლოს 1996წ. 26 ნოემბრის უდავო წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით ვ. კ-ას განცხადება დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ვ. ბ-ის განცხადების საფუძველზე. ვ. კ-ას განცხადება განხილულ იქნა სასაჩელო წარმოების წესით და ამავე რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. კ-ამ, ხოლო ვ. ბ-ემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისში, ... არის თანასაკუთრების ობიექტი, კერძოდ, სახლის 1/4 ირიცხება მამიკონიანის, ხოლო დანარჩენი – ვ. ბ-ის სახელზე. საზიარო უფლება თანამესაკუთრეთა შორის არ არის გაუქმებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ფართი, ვინაიდან მამკვიდრებლის სახელზე ირიცხებოდა სარგებლობის უფლებით, მემკვიდრეს, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს, ვ. კ-ას სკ-ის 1328-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება გადაცემოდა საკუთრების უფლებით.
2004წ. 19 თებერვალს ვ. კ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საკასაციო სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
1) სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრისა და 2002წ. 13 თებერვლის განჩინებების გაუქმების შესახებ.
2) სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1994წ. 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, კერძოდ, იმას, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ლ. ბ-მა შინაურული გარიგებით იყიდა ¹8 ოთახი და სახლზე არსებული მიშენებები აწარმოეს ლ. და ე. ბ-ებმა.
3) სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996წ. 13 თებერვლის ¹45 განკარგულება, რომლითაც დაკანონდა «კერძომფლობელობის” საცხოვრებელი ფართები და თბილისის ტექბიუროს სთხოვა შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
4) რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და გამგეობის 1996წ. 13 თებერვლის ¹45 განკაგულებით სადავო ფართის მესაკუთრედ მიჩნეულია მისი მამკვიდრებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შედეგ გარემოებათა გამო:
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა მისი საჩივარი რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრისა და 2002წ. 13 თებერვლის განჩინებების გაუქმების შესახებ.
2001წ. 12 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ჩაითვალა ვ. ბ-ის განცხადება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადების რაიონული სასამართლოს 1999წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო 2002წ. 13 თებერვლის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ეს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. კ-ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა ვ. კ-ას სარჩელი (კურენკოვამ სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2002წ. 27 მარტს ანუ მას შემდეგ, როცა ბათილად იქნა ცნობილი რაიონული სასამართლოს მიერ უდავო წესით მიღებული გადაწყვეტილება) თავისთავად განიხილა სარჩელი, მასზე მიღებული გადაწყვეტილება და არა კურენკოვას განცხადება, განცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და განჩინებები, ვინაიდან საქმის განხილვის ამ სტადიაზე განხილვის საგანს წარმოადგენდა ვ. კ-ას სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო 2002წ. 27 მარტს ანუ მას შემდეგ, როცა გამოტანილ იქნა სააპელაციო საჩივარში მითითებული განჩინებები და აქედან გამომდინარე, ცხადია, სასამართლო ვერ განიხილავდა და არც უნდა განეხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული განჩინებების კანონიერება.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება რაიონული სასამართლოს 1994წ. 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტლებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებას.
ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ვ. კ-ას მამკვიდრებელი სადავო ფართის მოსარგებლედ იქნა ცნობილი. აქედან გამომდინარე, ცხადია, მისი მემკვიდრე არ შეიძლება ამავე ფართზე ცნობილი ყოფილიყო მესაკუთრედ. მართალია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილია სადავო ფართის ¹8 ოთახის ლ. ბ-ის მიერ შინაურული ხელშეკრულებით შესყიდვის და მის მიერვე უნებართვო მიშენებების ფაქტი, მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს აწ გარდაცვლილი ლ. ბ-ისა და ე. ბ-ის მესაკუთრედ ცნობას, მითუმეტეს, მათი მემკვიდრის მესაკუთრედ ცნობას, ვინაიდან არც კასატორის მიერ მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტლებით და არც სხვა დოკუმენტით სადავო ფართზე მათი მესაკუთრეობა არ დგინდება.
ამ ფართზე მესაკუთრედ ცნობა დაუშვებელია ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996წ. 13 თებერვლის განკარგულებითაც. მოცემული განკარგულებით ბიუნატოვის განცხადების საფუძველზე დაკანონდა რაიონის სასამართლოს 1994წ. 18 ივნისის გადაწყვეტილების შედეგები და ეთხოვა ქალაქის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მოქალაქეთა სააღრიცხვო ბარათებში სათანადო ცვლილებების შეტანა.
ზემოთ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მამკვიდრებელს სადავო ფართზე სარგებლობის უფლება გადაეცა და არა საკუთრებისა.
სკ-ის 157-ე მუხლის შესაბამისად, მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო ფართი სამკვიდროს დამტოვებელთან მხოლოდ საგებლობის უფლებით აღირიცხებოდა, მემკვიდრეზე მფლობელობა შეიძლება გადავიდეს მხლოდ ამ უფლებით და არა საკუთრების უფლებით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს სწორად უთხრა უარი სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.