Facebook Twitter

ბს-1326-902(კ-05) 7 დეკემბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. მ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შს სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. 13 აპრილიდან მუშაობდა შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს ეპიზოოტიებთან ბრძოლის სამმართველოში, კახეთის ჯგუფის უფროსი ...ის თანამდებობაზე, წოდებით პოლიციის ლეიტენანტი. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 90 ლარს.

2003წ. 16 ივნისს პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურში მუშაობის პერიოდში მისმა სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 1049,37 ლარი, ხოლო შს ორგანოებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით გასაცემი 5 თვის დახმარება 229 ლარს შეადგენდა. ითხოვდა მიუღებელი ხელფასისა და დახმარების _ 1278 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 200 ლარის ანაზღაურებას.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. მ-ის სარჩელი _ შს სამინისტროს დაეკისრა ზ. მ-ის სასარგებლოდ 1278 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლი ადგენდა პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის გარანტიებს, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც შს ორგანოებიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლების გარეშე (უარყოფითი მოტივით დათხოვნის გარდა) ეძლევა გამოსასვლელი დახმარება 5 თვის ხელფასის ოდენობით. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის 2004წ. 3 ივნისის ¹9/2-1298 ცნობით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიუღებელი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1049.37 ლარს, ხოლო გასაცემი 5 თვის დახმარება _ 229 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ის სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შს სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ 2001წ. იანვარში შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერანიის დეპარტამენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება .,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს ეპიზოოტიებთან ბრძოლის სამმართველოს შენახვაზე, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს ყოველწლიურად უნდა ჩაერიცხა თანხები შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშზე წარდგენილ ყოველწლიურ ხარჯთა ნუსხის გათვალისწინებით, ეპიზოოტიებთან ბრძოლის სამმართველოს საშტატო ერთეულების შენახვისათვის, რასაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი არ ახორციელებდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა თანამშრომლებზე ხელფასის გაცემა. ითხოვდა საქმეში მოპასუხედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, ხოლო მესამე პირად ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ჩართვას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. მ-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2001წ. იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე და მიუთითა, რომ მოსარჩელე ზ. მ-ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შს სამინისტროსთან, რის შედეგადაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა შს სამინისტროს.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შს სამინისტრომ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორს მიაჩნია, რომ შს სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა, რადგან 2001წ. იანვარში შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს ეკისრებოდა ყოველწლიური ხარჯების ანაზღაურება ეპიზოოტიებთან ბრძოლის სამმართველოს საშტატო ერთეულების შენახვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინება.

სსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ზ. მ-ი 2001წ. 13 აპრილიდან მუშაობდა შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს კახეთის ჯგუფის უფროსი ...ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა პირადი პატაკის საფუძველზე შს მინისტრის 2003წ. 30 ივნისის ¹363 პ/შ ბრძანებით.

შს სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის 03.06.2004წ. ¹9/2-1298 ცნობის თანახმად, ზ მ-ის სახელფასო დავალიანება 2001წ.ათვის შეადგენდა 708,08 ლარს, 2002წ.ათვის _ 341,29 ლარს, სულ გაუცემელი ხელფასის ოდენობა შეადგენს 1049,37 ლარს, ხოლო შს ორგანოებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით გასაცემი 5 თვის დახმარება _ 229 ლარს.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და სსკ-ის 85-ე მუხლის დარღვევით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია.

შს სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების თაობაზე, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი მტკიცებულება არ გამოიკვლია სასამართლომ და რომელი შეაფასა არასწორად. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოს 07.10.2005წ. განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მიეცა ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად, კასატორმა მაინც არ დააკონკრეტა, თუ რაში გამოიხატება სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასრულყოფილად შეფასება და ზოგადი ხასიათის განცხადებით შემოიფარგლა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და სათანადოდ არის შეფასებული.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 85-ე მუხლი შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას შს სამინისტრო არასათანადო მოპასუხედ მიიჩნია, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მითითებული ნორმის დარღვევის შესახებ, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სათანადო მოპასუხედ მიიჩნია შს სამინისტრო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ზ. მ-ი შრომით ურთიერთობაში სწორედ ამ უკანასკნელთან იმყოფებოდა და, შესაბამისად, მას ეკისრებოდა მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შს სამინისტროს სათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე სწორია და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. მ-ი მუშაობდა საქართველოს შსს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს ეპიზოოტიებთან ბრძოლის სამმართველოს კახეთის ჯგუფის უფროსი ...ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა შს მინისტრის 30.06.2003წ. ¹363 პ/შ ბრძანებით. “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს. ამავე მუხლის მე-14 ქვეპუნქტის თანახმად, შს სამინისტროს თანამშრომლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და “საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულებით, რომლის 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს. ის გარემოება, რომ ზ. მ-ი შს სამინისტროს თანამშრომელი იყო, კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, რის გამოც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზ. მ-ისათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება ამ უკანასკნელს ეკისრება.

საკასაციო პალატა განმარტავს, ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს შორის 2001წ. 5 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს ეპიზოოტებთან ბრძოლის სამმართველოს შენახვაზე”, არ ათავისუფლებს კასატორს “პოლიციის შესახებ” კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. “შრომის კანონთა’’ კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას ორგანიზაციიდან კუთვნილი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. შს სამინისტროს მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ზ. მ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა და ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს შს სამინისტრო ვალდებულია აუნაზღაუროს ზ. მ-ს პოლიციაში მუშაობის პერიოდში აუნაზღაურებელი სახელფასო დავალიანება და “საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლით გათვალისწინებული გასასვლელი დახმარება 5 თვის ხელფასის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 53-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს შს სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 31 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.