საქმე # 240100119003305941
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №107აპ-21 ქ. თბილისი
თ–ა რ., 107აპ-21 14 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი კოდუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით:
რ. თ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. თ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა მსჯავრდებულ რ. თ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო; აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ნებართვის გარეშე მასთან მიახლოების აკრძალვა, ასევე - დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.
რ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 ოქტომბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს შემაკავებელი ორდერით რ. თ–ს 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან (ქ. ს........ი, ..............ის ქუჩა N..) მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი, მისი მეუღლე მ. ლ–ა, ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან - მ. ლ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რ. თ–მ დაარღვია 2019 წლის 21 ოქტომბერს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, რ. თ–ა 2019 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, შევიდა შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილ მ. ლ–ს საცხოვრებელ სახლში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ მიიმალა. იმავე დღეს 2019 წლის 21 ოქტომბერს რ. თ–ა კვლავ შევიდა შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილ მ. ლ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი დააკავეს ბრალდებულის სახით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და შესაბამისად, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, დანარჩენ ნაწილში კი - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. დაზარალებულმა მ. ლ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს: იმ მოწმეების ჩვენებებით, რომლებმაც მხოლოდ სხვა პირთაგან გადმოცემით გაიგეს მ. ლ–ს მიმართ ძალადობის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სავარაუდოდ ჩამდენი პირის შესახებ, რ. თ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება შეუძლებელია.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
9. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენა.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. თ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
12. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ რ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა რ. თ–ამ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში.
13. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კოდუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე