Facebook Twitter

ას-278-584-04 4 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-ე 1967 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ¹11 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ...ად (მოპასუხე). სკოლის დირექტორის 2002წ. 11 იანვრის ბრძანებით იგი გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან საქართველოს შკკ-ის 34-ე მუხლის I ნაწილის «გ”ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

2003წ. ივლისში გ. გ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით რომ მას შრომითი დისციპლინა არ დაურღვევია. გათავისუფლების საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული პროფკავშირულ ორგანიზაციასთან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გ. გ-ე I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სამუშაოდან დაითხოვეს შკკ-ის 37-ე მუხლის დარღვევით. გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმებული დამოუკიდებელ პროფკავშირულ გაერთიანება «ს-სთან”. სასამართლომ არასწორად გამოიყენა შკკ-ის 34-ე მუხლის I ნაწილის àგ” ქვეპუნქტი, რადგან შრომის შინაგანაწესის სისტემატურ შეუსრულებლობას ან არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენას ადგილი არ ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნას უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ქუთაისის ¹11 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორის 2002წ. 11 იანვრის ¹85 ბრძანებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობებს. იგი სისტემატურად არ ატარებდა ტარიფიკაციით გათვალისწინებულ გაკვეთილებს, რის გამოც არაერთხელ იქნა დასჯილი დისციპლინური წესით. სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის 2001წ. 29 ოქტომბრის და 13 ნოემბრის ბრძანებებით მას გამოეცხადა საყვედური, ხოლო 2001წ. 28 დეკემბრის ბრძანებით _ სასტიკი საყვედური.

გ. გ-ე უარს აცხადებდა დარღვევებთან დაკავშირებულ ახსნა-განმარტებების მიცემაზე და არ იბარებდა დისციპლინური სასჯელების შესახებ გამოცემულ ბრძანებების ასლებს. ეს ბრძანებები გამოკრული იყო სამასწავლებლოში სპეციალურ სტენდზე. კასატორის განმარტების თანახმად, იგი არ შედიოდა სამასწავლებლოში და ამიტომ არ გაცნობია ბრძანებებს.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირულ ორგანიზაცია «ს-სთან”, რომლის წევრსაც ის წარმოადგენს. საქართველოს შკკ-ის 37-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისა.

კანონის შესაბამისად, გ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლება შეთანხმებული იქნა სკოლაში არსებულ პროფკავშირულ ორგანიზაციასთან.

უსაფუძვლოა გ. გ-ის პრეტენზია იმის შესახებ, რომ შრომის კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, ორი თვით ადრე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. კანონის აღნიშნული ნორმა ვრცელდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების გამო სამუშაოდან განთავისუფლებისას.

სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზი.

გ. გ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.