Facebook Twitter

საქმე # 820100116001536835

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №124აპ-19 ქ. თბილისი

თ. ხ–ე, 124აპ-19 7 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. დ–ს, მსჯავრდებულების - თ. ხ–სა და კ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით: თ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედება: მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 365-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო კ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედება: მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა: 2015 წელს, თბილისის ......... სასამართლოს მოსამართლე გ. მ–მ .......ის .......... სასამართლოში განიხილა თ. ხ–ს ადმინისტრაციული საჩივარი და არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის გამო თ. ხ–ე მოსამართლეს სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის’’ მეშვეობით საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას.

2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბ.......ში, ............ს დასახლებაში, .................ის ქუჩა №..-ში არსებულ სასტუმრო ,,........ს’’ მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, გ. მ–ე იმყოფებოდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად. იქვე იმყოფებოდა თ. ხ–ე და მისი მეუღლე კ. ხ–ე შვილებთან ერთად. .........ის ........ სასამართლოში, თ. ხ–ს საჩივრის საფუძველზე განხილულ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით განაწყენებულმა თ. ხ–ემ და კ. ხ–ემ, ........ის ...........ო სასამართლოს თავმჯდომარეს გ. მ–ეს დაუწყეს ყვირილი და მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით, ასევე ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და მუქარასთან ერთად, თ. ხ–ე, კ. ხ–ე და მათი არასრულწლოვანი შვილი კ. ხ–ე ცდილობდნენ გ. მ–სთვის მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც კ. ხ–ემ გ. მ–ეზე ხელის დარტყმით ჩაიდინა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. ასევე, დაზარალებულს ხელი და ფეხი დაარტყა კ. ხ–მ. შემთხვევის განმუხტვა მოხერხდა იქ მყოფი გარეშე პირების მეშვეობით, რომლებიც თ. ხ–ს, კ. ხ–ს და კ. ხ–ეს არ აძლევდნენ დაზარალებულთან მიახლოების საშუალებას, რითაც ფიზიკური ანგარიშსწორებისაგან გადაარჩინეს დაზარალებული გ. მ–ე. მიუხედავად ამისა, თ. ხ–ე, კ. ხ–ე და მათი შვილი კ. ხ–ე, კვლავ აგრძელებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას, რის გამოც გ. მ–ე იძულებული გახდა დაეტოვებინა ზღვის სანაპირო და თავისი არასრულწლოვანი შვილები განერიდებინა აგრესიას.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით:

- თ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

თ. ხ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

თ. ხ–ს დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

- კ. ხ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

კ. ხ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

კ. ხ–ს დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა: თ. ხ–მ და კ. ხ–მ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბ...........ში, ..........ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო ,,.........ის“ მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, თ. ხ–ე და კ. ხ–ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არასრულწლოვან 13 წლის შვილთან ერთად თავს დაესხნენ დასასვენებლად მყოფ გ. მ–ეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად კ. ხ–ის და მისი 13 წლის შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა გ. მ–ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ხოლო თ. ხ–ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რითიც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს სანაპიროზე მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მართალია, შემთხვევის შემსწრე დამსვენებლები ცდილობდნენ გ. მ–ე დაეცვათ თავდასხმისგან, მაგრამ თ. ხ–ე აგრძელებდა მუქარას და გ. მ–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო კ. ხ–ე არასრულწლოვან 13 წლის შვილთან ერთად ფიზიკურ ძალადობას, რის გამოც გ. მ–ე ოჯახის წევრებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ზღვის სანაპირო.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ხ–ს ადვოკატმა პ. დ–მ, მსჯავრდებულების - თ. ხ–ს და კ. ხ–ის ადვოკატმა ს. კ–მ და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა.

6. თ. ხ–ს ადვოკატმა პ. დ–მ, ასევე, მსჯავრდებულების - კ. ხ–ის და თ. ხ–ს ადვოკატმა ს. კ–მ სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. ხ–სა და კ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა.

7. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ: მსჯავრდებულების საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. მსჯავრდებულ თ. ხ–ს ადვოკატმა პ. დ–მ, მსჯავრდებულების კ. ხ–ისა და თ. ხ–ს ადვოკატმა ს. კ–მ და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი.

10. დაცვის მხარემ ითხოვა მსჯავრდებულების გამართლება.

11. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით ხარძეიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ მსჯავრდებულ თ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო კ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და მათ მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის და დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

13. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

14. საკასაციო სასამართლო კასატორთა - დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.

15. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ზღვის სანაპიროზე ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნისას მიუახლოვდა თ. ხ–ე, შეაფურთხა და დაიწყო მისი ლანძღვა. იმავდროულად ზღვაში შევიდა თ. ხ–ს მეუღლე კ. ხ–ე, მალევე მათი არასრულწლოვანი შვილი, რომლებმაც ასევე დაიწყეს დაზარალებულის მისამართით ლანძღვა-გინება, ხელის კვრა და დარტყმა, ასევე ფეხის დარტყმა. სანაპიროზე მყოფი ხალხი ჩაერია ინციდენტში, ხოლო დაზარალებულის მეგობარი ვ. ბ–ე ჩადგა შუაში, რათა არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება. იგივე დაადასტურეს მოწმეებმა - მ. კ–მ და ვ. ბ–ემ.

16. მოწმე მ. მ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის აგვისტოში, დილის საათებში შემოესმა ხმაური, დაინახა, რომ ინციდენტის ადგილას ხალხი იყო თავმოყრილი. მისთვის უცნობი ქალი, მამაკაცი და ბავშვი იწევდნენ მელოტი მამაკაცისკენ და იქნევდნენ ხელებს. ადგილზე მყოფმა ტურისტებმა გააშველეს კონფლიქტის მონაწილეები, შესაბამისად აღარ მივიდა დეტალების გასარკვევად. სამაშველო კოშკში მყოფს, დაახლოებით 50 მეტრში ესმოდა შეზლონგზე მჯდომი ქალის ლანძღვა-გინება და მუქარა, ის მელოტ მამაკაცს ემუქრებოდა, რომ თუ სადმე შეხვდებოდა აჩეხავდა. სად იყო მუქარისას დაზარალებული არ ახსოვს.

17. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმეების - ლ. ა–ს, ა. გ–ს, ბ. ჭ–ს, ლ. გ–ს და ტ. ა–ს - გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე იმყოფებოდნენ ქ. ..............ში, .........ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო ,,..........ს’’ მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, რა დროსაც მოხდა ინციდენტი. კერძოდ, საცურაო კოსტუმში ჩაცმული ქალი, მამაკაცი და ბავშვი იქცეოდნენ აგრესიულად წყალში მყოფი მამაკაცის (გ. მ–ე) მიმართ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას - უქნევდნენ ხელებს. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი.

მოწმე ლ. ა–მ გამოკითხვისას ასევე განმარტა, რომ ქალთან ერთად მყოფმა მამაკაცმა წყალში მყოფ მამაკაცს დაარტყა ხელი. ხსენებული პირების ქმედებამ ლ. ა–ს შეუქმნა დისკომფორტი, რის გამოც გადავიდა სხვა ადგილზე.

18. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის თანახმად: ზღვაში მყოფ დაზარალებულს წინ ხვდება კ. ხ–ე და ხელების მოძრაობით იწყებს მასთან კონფლიქტს, ამავდროულად ზღვაში შედის კ. ხ–ის მეუღლე თ. ხ–ე და შ–ს მათი არასრულწლოვანი შვილი. სამივე პირი სხვადასხვა მხრიდან გ. მ–ეს დასარტყამად უქნევს ხელს, ისმის გინების და მუქარის ხმა. ზღვაში შერბიან მოქალაქეები გ. მ–ს დასაცავად და ცდილობენ შეაკავონ თ. ხ–ე და მისი არასრულწლოვანი შვილი.

მეორე ვიდეჩანაწერში ჩანს თ. ხ–ე, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს გ. მ–ს და ემუქრება დანით აჩეხვით. იქ მყოფი მოქალაქეები კი მოუწოდებენ დამშვიდებისკენ.

19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს და დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას თ. ხ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და კ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ.

21. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულის, მოწმეების: მ. კ–ს, ვ. ბ–ს, მ. მ–ს ჩვენებებით, მოწმეების - ლ. ა–ს, ა. გ–ს, ბ. ჭ–ს, ლ. გ–ს და ტ. ა–ს გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოჩანაწერით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. ხ–სა და კ. ხ–ის მიერ ხულიგნობის ჩადენა.

22. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაუსწრებელ მოწმეთა ჩვენებების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე შეიძლება გამოქვეყნდეს მოწმის გამოკითხვის ოქმი, თუ მოწმე საქართველოში არ იმყოფება და გამოკითხვა საქართველოს სსსკ-ის დადგენილი წესით ჩატარდა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოწმეების (ა. გ–ის, ლ. გ–ის, ლ. ა–ს, ბ. ჭ–ს, ტ. ა–ს, ზ. ჭ–ს) გამოკითხვა საქართველოს სსსკ-ის დადგენილი წესის დარღვევით განხორციელდა.

23. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს გონივრული ძალისხმევა აღნიშნული კატეგორიის მოწმეთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისა და მათი დაკითხვის უზრუნველყოფისათვის, თუმცა, მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა a priori არ იწვევს სასამართლო განხილვის უსამართლობას (იხ.: Schatschaschwili v. Germany, no 9154/10 §113, §105-107;15.12.2015). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთი მხრივ, დაუსწრებელ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე და დაცვის მხარეს ჰქონდა მათი შედავების შესაძლებლობა და მეორე მხრივ, აღნიშნული მტკიცებულებები - დაუსწრებელ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები - არ წარმოადგენდა თ. ხ–სა და კ. ხ–ის მსჯავრდების არც ერთადერთ და არც ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას. მსჯავრდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დაზარალებულისა და მისი ახლობლების ჩვენების გარდა, დასტურდება ნეიტრალური მოწმის მ. მ-ს ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით.

24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაუსწრებელი მოწმეების გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმები თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოს არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის დაზარალებულის, მოწმეების: მ. კ–ს, ვ. ბ–ს, მ. მ–ის ჩვენებებთან და სასამართლოზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერებთან.

25. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თ. ხ–ემ და კ. ხ–ემ ვერ მიიღეს მონაწილეობა რიგ სასამართლო პროცესებში, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. სასამართლო ერთი მხრივ, ითვალისწინებს პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას დაიცვან წესრიგი სასამართლო განხილვისას და სათანადო საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მიერ პროცესის მონაწილეთა მიმართ საქართველოს სსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების გამოყენების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, დაცვის უფლების უზრუნველყოფის ვალდებულებას სასამართლო სხდომიდან მსჯავრდებულთა გაძევების შემთხვევაშიც.

26. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 22 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე (თ. ხ–ე და კ. ხ–ე დისტანციურად ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას სასამართლო სხდომებზე) წესრიგის დარღვევის გამო მოსამართლემ 14:53:10 საათზე გააფრთხილა თ. ხ–ე. ვინაიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად თ. ხ–ემ გააგრძელა სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევა და ხელს უშლიდა მოწმის დაკითხვას, 14:54:29 საათზე მოსამართლემ საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან (დისტანციური ჩართვა).

მოსამართლემ კ. ხ–ის მიმართაც გამოიყენა გაფრთხილება (14:54:41 საათი), ვინაიდან სასამართლო სხდომიდან გაძევების მიუხედავად თ. ხ–ე აგრძელებდა წესრიგის დარღვევას, რითიც ხელს უშლიდა სხდომის მიმდინარეობას. 15:58:40 საათზე მოსამართლემ კვლავ გააფრთხილა კ. ხ–ე წესრიგის დარღვევის გამო, ხოლო 15:59:00 საათზე გააძევა სასამართლო სხდომიდან (დისტანციური ჩართვა), რადგან მან არ შეწყვიტა წესრიგის დარღვევა.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულთა გაძევების შემდეგ ადვოკატებს - ს. კ–ს და პ. დ–ს ჰქონდათ დაკითხვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და არაერთი შეკითხვა დაუსვეს მოწმეებს. შესაბამისად, მსჯავრდებულების ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილი იქნა მათ მიერ მოწვეული ადვოკატების საშუალებით. ამასთან, არ დასტურდება, რომ გაძევების შემდეგ მსჯავრდებულებს შეეზღუდათ თავიანთ ადვოკატებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა (სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა მაგალითად: პროცესზე შესვენების გამოცხადების თაობაზე გაძევებულ მსჯავრდებულთან პოზიციის დაზუსტების მიზნით). ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი დათვალიერდა კ. ხ–ის დისტანციური მონაწილეობით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას დაცვის მხარესთან მიმართებით შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.

27. სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვიდეოჩანაწერის მოპოვების უკანონობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის გამოთხოვა, საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თუ დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა ვიდეოჩანაწერში ასახული გარემოებების სარწმუნოობას, მას ჰქონდა ჩანაწერის გამოკვლევის და საქართველოს სსსკ-ის საფუძველზე ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

28. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება).

29. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად მყოფი ოჯახის წევრები არ შეიძლება წარმოადგენდნენ წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფს, თ. ხ–ს წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ სანაპიროზე დაინახავდა გ. მ–ს.

30. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განაჩენი №114აპ-17). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულები დანაშაულის დაწყების მომენტიდანვე ერთობლივად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რაც ადასტურებს, მათ მიერ წინასწარ შეთანხმებას. მათ შორის, თვითმხილველი მოწმის მ. კ–ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული ბავშვებთან ერთად იყო წყალში, როდესაც ქალი და მამაკაცი საუბრობდნენ და ხელის გაშვერით უთითებდნენ დაზარალებულზე. ისინი შევიდნენ წყალში და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიუახლოვდნენ მის მეუღლეს; ხოლო დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მსჯავრდებულები თითქმის ერთდროულად მივიდნენ მასთან.

31. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

32. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

34. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. დ–ს, ასევე მსჯავრდებულების - თ. ხ–სა და კ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე