Facebook Twitter

ას-281-582-04 6 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ნასესხები თანხის უკან დაბრუნება.

აღწერილობითი ნიწილი:

ვ. ს-ამ სარჩელით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. წ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან მის მიერ ნასესხები 3000 მანეთის უკან დაბრუნება.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ. წ-ას ვ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1714 ლარის გადახდა.

ვ. წ-ამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება. ვ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – ვ. წ-ას ვ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა ორმოცდაცამეტი ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ვ. წ-ამ ვ. ს-ასგან ისესხა 3000 მანეთი. ნასესხები თანხის ოდენობას მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოპასუხე ვ. წ-ა აღიარებს, რომ მოსარჩელემ ვ. ს-ასაგან ისესხა 3000 მანეთი და მისი განმარტებით, მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 413 ლარი, 360 ლარი უკვე გადაიხადა, გადასახდელი დარჩა 53 ლარი.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა სსკ-ის 131-ე მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

ვ. ს-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. წ-ამ ვ. ს-ასაგან ისესხა 3000 მანეთი. მოსარჩელის განმარტებით, თანხა მოპასუხე ვ. წ-ას ასესხა 1991წ. აპრილში, მან კი სადავოდ გახადა მოსარჩელისაგან ფულის სესხების თარიღი და მიუთითა, რომ თანხა 1992 წელს ისესხა. ნასესხები თანხის ოდენობას მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოპასუხე ვ. წ-ა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმში, სააპელაციო საჩივარსა და შესაგებელში, არაერთგზის აღიარებს, რომ ისესხა ვ. ს-ასაგან 3000 მანეთი. მისი განმარტებით, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 413 ლარი, 360 ლარი უკვე გადაიხადა და გადასახდელი აქვს 53 ლარი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 131-ე მუხლი, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვ. წ-ამ აღიარა გარემოება, კერძოდ, 3000 მანეთის სესხების ფაქტი, რაზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას, მაგრამ სასამართოლომ არასწორად მიუთითა, რომ მოპასუხემ აღიარა ვალდებულება 53 ლარის გადახდის ნაწილში.

მოპასუხემ განმარტა, რომ მის მიერ ნასესხები თანხა – 3000 მანეთი შეადგენს 413 ლარს და გადასახდელი დარჩა 53 ლარი, რაც არ ნიშნავს, რომ მან აღიარა ვალდებულება 53 ლარის ოდენობით. მხარეები დავობენ მოპასუხის მიერ აღიარებული თანხის, 3000 მანეთის, შესაბამისი ლარის ოდენობაზე ამ თანხის სესხების თარიღზე და არა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების ნამდვილობაზე, რაც მისი მოთხოვნის საფუძველია. სასამართლოს ჯერ უნდა დაედგინა, რადროს ისესხა მოპასუხემ ვ.ს-ასაგან 3000 მანეთი და შემდეგ უნდა ემსჯელა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობაზე.

პალატა მიუთითებს, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს, რა ოდენობის თანხას შეადგენს ლარის კურსით ვ. წ-ას მიერ ვ. ს-ასათვის გადაუხდელი თანხა და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.