Facebook Twitter

საქმე # 170100120003949809

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №130აპ-21 ქ. თბილისი

კ–ი ი., 130აპ-21 14 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. კ–ის დანიშნული გამოსაცდელი ვადის 1 წლამდე შემცირებას.

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ი. კ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნახევარი - 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე ი. კ–ს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე. მას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდა დაეწყო 2020 წლის 15 აგვისტოდან.

ი. კ–ს დაეკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ..........ს მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე მ–ების მფლობელობაში არსებულ სახლში, ი. კ–მ, დაზარალებულის მიერ არათავაზიანად შეპასუხების გამო, მარჯვენა ხელის თავის არეში სამჯერ დარტყმით, იცოდა რა მისი ასაკი, ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ა. მ–ე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სრულად პირობით მსჯავრად ჩათვლას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის, კერძოდ, გამოსაცდელი ვადის შემცირების თაობაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ ი. კ–ს ინდივიდუალური მახასიათებლების, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს - ი. კ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს სამი შვილი, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია. სასამართლო ითვალისწინებს ი. კ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივ ხასიათს, დაზარალებულის ასაკსა და მისთვის მიყენებული დაზიანების ხასიათს; სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19) და მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულ ი. კ–სათვის დანიშნული სასჯელის, კერძოდ: გამოსაცდელი ვადის შემცირება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე