Facebook Twitter

ას-283-575-04 28 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინის მესაკუთრედ ცნობა და წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ო-მ 1998წ. 3 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ნ. მ-ის მიმართ პრივატიზებულ ბინაზე მესაკუთრედ ცნობისა და წილის განსაზღვრის თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1992წ. 28 ივლისს აწ. გარდაცვლილმა თ. დ-მ, მოსარჩელისა და მოპასუხის თანხმობით, თბილისში ... მდებარე ბინის პრივატიზება მოახდინა თავის სახელზე. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ აღნიშნული ბინის პრივატიზების დროს ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ასევე ცხოვრობდნენ თ. დ-ა, ნ. მ-ი და მოსარჩელე ფ. ო-ა.

მოსარჩელემ მოითხოვა მისი და მოპასუხე ნ. მ-ის ... მდებარე ბინის 1/2½იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ. ო-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა მესაკუთრედ თბილისში, ... მდებარე თ. დ-ს სახელზე რიცხული 20/662 კვ.მ ნაწილზე, ხოლო ნ. მ-ი იმავე ბინის 21/662 კვ.მ მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 5 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 11 აგვისტოს განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა საკუთრების უფლება სადავო ბინის 1/3-ზე. ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ, მისი აზრით, არასწორია სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ ფ. ო-ა სადავო ბინაში ფორმალურად არ ჩაწერილა. მას უფლება ფართზე მოპოვებული ჰქონდა და იყო ოჯახის წევრი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ იგი ჩაწერილი იყო სადავო ბინაში, მაგრამ სინამდვილეში იქ არ ცხოვრობდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ფ. ო-ს სარჩელი დაკმაყოფილდა _ იგი ცნობილი იქნა თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი 41 კვ.მ საცხოვრებელი ბინის 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ.

პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ 1991 წლიდან ფ. ო-ა ჩაწერილი იყო თბილისში, ... მდებარე თ. დ-ს სახელზე რიცხულ ბინაში. საქმის მასალებით დადგენილია, აგრეთვე, რომ პრივატიზების ხელშეკრულების დადების დროს, 1992წ. 28 ივლისს, თ. დ-ს სადავო ბინის თავის სახელზე საკუთრების უფლების გაფორმებისათვის დასჭირდა ფ. ო-სა და ნ. მ-ის თანხმობა. პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინის პრივატიზების დროს ჩაწერილები იყვნენ თ. დ-ა, ნ. მ-ი და ფ. ო-ა. ის ფაქტი, რომ ფ. ო-ა 1996 წლიდან ამოწერილი იყო სადავო ბინიდან, ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ 1992 წელს სადავო ბინის პრივატიზებაში ფ. ო-ს მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. აღნიშნულ დადგენილებაში მითითებული ნორმა ვრცელდებოდა ფ. ო-ზეც, რომელიც სადავო ბინის დამქირავებელმა თ. დ-მ მასთან მცხოვრები ნ. მ-ის თანხმობით ჩაისახლა. შესაბამისად, ფ. ო-მ იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შეიძინა ოჯახის ყველა წევრის თანაბარი უფლება. მათ შორის მინისტრთა კაბინეტის ზემოთმითითებული 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მიხედვით სადავო საცხოვრებელი ბინა მასაც უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

პალატა თვლის, რომ ფ. ო-მ სადავო ბინის 1/3-ზე თანაზიარი საკუთრების უფლება მოიპოვა კანონის საფუძველზე, სკ-ის 173-ე მუხლის I ნაწილის თანახმად.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.

კასატორი მიუთითებს, რომ მათ მიერ პროცესზე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რათა მთაწმინდა-კრწანისის საპასპორტო განყოფილებიდან გამოეთხოვათ თ. დ-სა და ნ. მ-ის განცხადება ფ. ო-ს ჩაწერის შესახებ. აღნიშნული განცხადების გაცნობით აშკარა გახდებოდა, რომ არავითარ მუდმივად ჩაწერაზე არ შეიძლება საუბარი და მხარის მიერ წარმოდგენილი ფორმა ¹1 ყალბია.

კასატორი მიუთითებს, რომ შენობა, რომელშიც მდებარეობს სადავო ბინა წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ცნობით. მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107-ე დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, ისტორიისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახლებში არსებული ბინების პრივატიზაცია დაიშვება ძეგლთა დაცვის ორგანოების თანხმობით და, ვინაიდან, ასეთი თანხმობა არ არსებობდა, ეჭვქვეშ დგება პრივატიზების კანონიერება.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თ. დ-მ ო-ა ჩაისახლა ბინაში, რადგან ფ. ო-ს ერთი დღეც არ უცხოვრია სადავო ბინაში.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბინის პრივატიზების დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები. დამქირავებლის ოჯახის წევრებად შეიძლება ცნობილ იქნენ სხვა ნათესავები, თუ ისინი მუდმივად ცხოვრობენ დამქირავებელთან და ეწევიან საერთო მეურნეობას მასთან ერთად.

საბინაო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების თანხმობით ჩაისახლოს თავისი მეუღლე, შვილები, სხვა ნათესავები სადგომში, რომელიც მას უკავია. ამ მუხლის თანახმად, საცხოვრებელ სადგომში ჩასახლებული პირები იძენენ ოჯახის ყველა დანარჩენი წევრის თანაბრად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. ამავე დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცემა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში.

სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ფართში მოსარჩელე არ ჩასახლებულა. სადავო ბინაში მოსარჩელის ჩაწერა დამქირავებლის მიერ მიზნად ისახავდა მუდმივად ერთად ცხოვრებას. როდესაც თ. დ-მ განახორციელა ბინის პრივატიზება, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და თ. დ-ს მიერ მოსარჩელე განხილული და მიჩნეული იყო ოჯახის სრულწლოვან წევრად, რომელსაც ჰქონდა პრივატიზებაში მონაწილეობის უფლება. პრივატიზების პროცესში ეს გარემოება სადავო არ გამხდარა არც თ. დ-ს და არც მოპასუხის მიერ. შესაბამისად, სწორია საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელეს მინისტრთა კაბინეტის ზემოთ მითითებული 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მიხედვით, სადავო საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

თუ მოპასუხეს მიაჩნდა, რომ სადავო ბინის პრივატიზება განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, მას უნდა გაესაჩივრებინა თავად პრივატიზების აქტი, მაგრამ მას ასეთი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 იანვრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.