Facebook Twitter

საქმე # 330100120003748872

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №132აპ-21 ქ. თბილისი

რ–ი ლ., 132აპ-21 15 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ლ. რ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 160 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2. 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ლ. რ–ს მსჯავრი დაედო:

- სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

საერთაშორისო გამოცემა ,.............. მედიის“ ჟურნალისტმა დ. ფ–მ 2020 წლის 17 მაისს, ,,ოჯახის სიწმინდის“ და ,,ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოამზადა სიუჟეტი და 18 მაისს ატვირთა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკში“, სადაც მიუთითა თავისი, როგორც ავტორის, პერსონალური მონაცემები. სოციალური ქსელის მომხმარებელმა - ლ. რ–მ სიუჟეტში ნახა კადრი, სადაც თვითონაც ჩანდა, რის გამოც დაემუქრა დ. ფ–ას, რომ ,,შუაზე გაგლეჯდა“, ,,გველივით გააძრობდა ტყავს“ და ,,ააგებდა ხანჯალზე“. დ. ფ–მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ–მ და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა.

მსჯავრდებულ ლ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ–მ ითხოვა ლ. რ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და წარდგენილ მსჯავრდებაში გამართლება.

პროკურორმა მარიამ გიგაურმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. რ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ–მ. ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და ლ. რ–ს გამართლებას.

6. მსჯავრდებულ ლ. რ–ს პირადი საქმე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 11 თებერვალს.

7. 2021 წლის 24 თებერვალს მსჯავრდებულ ლ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ–მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი დ. ფ–ა იმყოფება საზღვარგარეთ და ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება. 2021 წლის 26 თებერვლის განცხადებაში კი მიუთითა, რომ დაზარალებული დ. ფ–ა არ არის თანახმა, რომ ლ. რ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

11. საქმის მასალებით არ დგინდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი.

12. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

14. სასამართლო ასევე შეამოწმებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საკითხს ლ. რ–ს მიმართ.

15. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

16. 2021 წლის 26 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ლ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ს განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ დაზარალებული დ. ფ–ა არ არის თანახმა, რომ მსჯავრდებულ ლ. რ–ს მიმართ გამოყენებული იქნას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება გაავრცელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ლ. რ–სათვის დანიშნულ სასჯელზე.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე