ას-285-590-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე,),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: კუთვნილი წილის დადგენა და კეთილსინდისიერი მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 აპრილს ე. ს.-მ, ა. ხ.-მ და თ. ა.-მ ს. ს.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს კუთვნილი წილის დადგენა და კეთილსინდისიერი მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელეები ე. ს.-ი და ა. ხ.-ი დედა-შვილია, ხოლო თ. ა.-ა ე. ს.-ის ყოფილი მეუღლე. მოპასუხე ს. ს.-ი არის ე. ს.-ის ძმა, ხოლო ა. ხ.-ის შვილი.
1992 წელს მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია.
მითითებული ბინა მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე აღირიცხა ს. ს.-ის სახელზე.
ბინის პრივატიზაციამდე ბინის დამქირავებელი იყო ა. ხ.-ი, რომელთანაც ცხოვრობდნენ თავისი ოჯახის წევრებით ე. ს.-ი თავისი ცოლ-შვილით.
„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეებს საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბინის 5\6 (თითოეულს 1\6).
ს. ს.-ი ასევე უკანონოდ ფლობს თ. ა.-ს კუთვნილ ბინის ფართთან ერთად მის კუთვნილ ნივთებსაც (მზითევი და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნივთები).
ს. ს.-ს შეპასუხება არ წარუდგენია, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე თ. ა.-ს სადავო ბინის ფართზე საერთოდ არ ჰქონდა მოპოვებული უფლება, ხოლო ე. ს.-ს და ა. ხ.-ს უფლება არ მოუპოვებიათ ბინის წილზე. ისინი ბინის თანამესაკუთრედ არ დარეგისტრირებულან, ბინის ძირითადი დამქირავებელი თვითონ იყო. ა. ხ.-მ და ე. ს.-მ მისცეს თანხმობა ბინის პრივატიზაციის და მის სახელზე აღრიცხვის შესახებ. ვინაიდან თ. ა.-ა არ წარმოადგენდა მისი ოჯახის წევრს (იგი ე. ს.-ის მეუღლე იყო და ბინაში რეგისტრირებული არ იყო), ბინის პრივატიზაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ამასთან, მათი მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 1992 წელს, სარჩელი კი შეტანილია 2002 წელს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა ხუთ პუნქტად:
1. დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
2. მოსარჩელეებს ე. ს.-ს, ა. ხ.-ს და თ. ა.-ს მისი არასრულწლოვანი შვილების _ გ. და ვ. ს.-ების წილების გათვალისწინებით დაუდგინდათ კუთვნილი წილი მოპასუხე ს. ს.-ის საკუთრებად აღრიცხულ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ..., 5\6 წილის ოდენობით თიოეულს 1\6 წილი.
3. მოპასუხე ს. ს.-ს აღეკვეთა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის ფართობით და თ. ა.-ს კუთვნილი ნივთებით _ მზითევითა და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებით მისი და მისი შვილების მიერ სარგებლობის ხელის შეშლა.
4. ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის და საჯარო რეესტრის სამსახურებს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დაევალათ, შეიტანონ ცვლილებები სადავო ბინის სააღრიცხვო მონაცემებში.
5. მოპასუხე ს.-ს გადასახდელად დაეკისრა სახ. ბაჟის სახით 30 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ე. ს.-ი, ა. ხ.-ი და ვ. ს.-ი ცნობილნი იქნენ ბინის 4\5-ის მესაკუთრედ. სარჩელს თ. ა.-სათვის წილის მიკუთვნების ნაწილში ეთქვა უარი.
დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹36-ში არსებული ბინა ირიცხება ს. ს.-ის სახელზე.
სადავო ბინის პრივატიზაცია მოხდა 1992წ. 12 აგვისტოს.
ბინის პრივატიზაციის დროს სადავო ბინაში ჩაწერილები იყვნენ ს. და ე. ს.-ები და ა. ხ.-ი.
ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას თანხმობა განაცხადეს როგორც ე. ს.-მ, ისე ა. ხ.-მ.
ე. ს.-ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა ს. ს.-მ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება თ. ა.-სა და ე. ს.-ის წილის ნაწილში, ხოლო დედის წილის ნაწილში ცნო სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნა თ. ა.-ასათვის წილის გამოყოფის ნაწილში უსაფუძვლო იყო, ვინაიდან ბინის პრივატიზაციის დროს თ. ა.-ა სადავო ბინაში არ იყო და პრივატიზაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
2004წ. 1 მარტს ს. ს.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.
იგი მიუთითებს, რომ ბინის პრივატიზაცია მოხდა ე. ს.-ისა და ა. ხ.-ის თანხმობით. საქმეში მოიპოვება მათი თანხმობანი იმის შესახებ, რომ ბინა აღირიცხოს მის საკუთრებაში, რაც განხორციელდა კიდეც, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და სკ-ის 170-ე მუხლებით.
სასამართლომ ბინა მიიჩნია თანასაკუთრების ობიექტად მაშინ, როცა იგი თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. მას არ უნდა დაკისრებოდა სახ. ბაჟის გადახდა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც კასატორს აეკრძალა თ. ა.-ს ნივთებით სარგებლობის ხელშეშლა, რაც იმას ნიშნავს, რომ თ. ა.-ს უფლება ეძლევა ამ ნივთებით ისარგებლოს როგორც მოესურვება, რაც, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ თ. ა.-მ ისარგებლოს ს. ს.-ის კუთვნილი ფართითაც, ამიტომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თ. ა.-მ თავისი ნივთები უნდა გაიტანოს.
კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნა ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ ე. ს.-ი, ა. ხ.-ი და ვ. ს.-ი ცნო სადავო ბინის 4\5 წილის მესაკუთრედ.
ამ გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს არ განუსაზღვრავს თითოეული მოდავის წილი. დაუდგენელია სადავო ბინიდან რა ოდენობის წილი გამოეყო ცალ-ცალკე ა. ს.-ს, ვ. ს.-ს, ს. ს.-სა და ა. ხ.-ს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ბინაში მესაკუთრეობის პრეტენზია გააჩნია ოთხ პირს. ასეთ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნოდა, მაშინ ე. ს.-ი, ვ. ს.-ი და ა. ხ.-ი უნდა ეცნო სადავო ბინის 3\4-ის მესაკუთრედ და არა 4\5-ისა, როგორც ეს მან განსაზღვრა თავისი გადაწყვეტილებით.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომლითაც ვ. ს.-ი, ე. ს.-ი და ა. ხ.-ი ცნობილნი იქნენ სადავო ბინის 4\5-ზე იმ თვალსაზრისითაც, რომ ბინის პრივატიზაცია მომხდარია 1992 წელს, ხოლო ვ. ს.-ი დაბადებულია 1994 წელს ანუ ბინის პრივატიზაციის დროს იგი ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო და, ცხადია, სადავო ბინის პრივატიზაციის პროცესში რაიმე ფორმით მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გ. ს.-ი ცნობილი არ იქნა სადავო ბინაში წილის მესაკუთრედ (მაშინ, როცა იგი დაბადებულია 1989 წელს ანუ ბინის პრივატიზაციაში შეეძლო მონაწილეობის მიღება) და არც უარი ეთქვა წილის მესაკუთრედ ცნობაზე.
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება სადავო ბინაში წილთა ოდენობისა და წილის მიმღებთა ვინაობის განსაზღვრის თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვულიანობის შემოწმება შეუძლია.
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს სწორად მიაჩნია კასატორის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაკისრების უკანონობის შესახებ.
სსკ-ის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე.
მოსარჩელეებმა თავიანთი სარჩელი მიიჩნიეს არაქონებრივად და დავის ღირებულება განსაზღვრეს 30 ლარით, რაც გადაიხადეს კიდეც სარჩელის შეტანის დროს, რაზეც სასამართლოს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
რაიონული სასამართლოს მიერ, ვინაიდან დაკმაყოფილდა სარჩელი, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა უნდა დაკისრებოდა მეორე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში ნაცვლად იმისა, რომ მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 30 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება დაკისრებოდა ს. ს.-ს, ამ უკანასკნელს 30 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდა დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც თავისთავად არასწორია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა ს. ს.-ის სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა შეეცვალა სასამართლო ხარჯების განაწილება, მითუმეტეს, ს. ს.-ს სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ჰქონდა თანხა და უცვლელად არ უნდა დაეტოვებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ს.-ისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარის დაკისრების შესახებ.
არასწორია კასატორის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმების შესახებ, რომლითაც მას აეკრძალა თ. ა.-ს კუთვნილ ნივთებზე სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. ასევე არასწორია მისი მოთხოვნა თ. ა.-სათვის მისი ნივთების სადავო ბინიდან გატანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
სსკ-ის 406-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში ს. ს.-ს კანონით დადგენილი წესით ქვემდგომ სასამართლოში არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი, მისი კუთვნილი ბინიდან თ. ა.-ს კუთვნილი ნივთების გატანის შესახებ მოთხოვნა თ. ა.-ას ნივთების გატანის შესახებ, შეგებებული სარჩელია, რომლის წარდგენა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია, ამიტომ ამ მოთხოვნას საკასაციო სასამართლოს ვერ განიხილავს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ს. ს.-ს აეკრძალოს თ. ა.-ს ნივთებზე ამ უკანასკნელისათვის სარგებლობის უფლების შეზღუდვა, კანონიერია, ვინაიდან სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ე. ს.-ი, ვ. ს.-ი და ა. ხ.-ი ცნობილი იქნენ სადავო ბინის 4\5-ის მესაკუთრედ და რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ს.-ისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად 30 ლარის დაკისრების შესახებ.
ე. ს.-ისათვის, ვ. ს.-ისათვის და ა. ხ.-ისათვის სადავო ბინის 4\5-ის გამოყოფის ნაწილში საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.