Facebook Twitter

საქმე # 050100120003734385

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №149აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ე მ., 149აპ-21 15 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის განსაზღვრას მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე.

მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ფ–ა შესაგებლით ითხოვს ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ბ–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელიდან სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 მაისიდან.

მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ბ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - 5,6 მმ კალიბრიანი „ТОЗ“ მოდელის №.... კუსტარულად გადაკეთებული შაშხანა მჭიდით და საბრძოლო მასალა - ამავე შაშხანისთვის განკუთვნილი 5,6 მმ კალიბრიანი რგოლური აალების 2 ცალი ვაზნა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 2020 წლის 13 მარტამდე ო...........ის მუნიციპალიტეტის მერიის თემის სოფელ ...........ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსში.

მ. ბ–ემ დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა 5,98 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა ო............ის მუნიციპალიტეტის მერიის თემის სოფელ ...........ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსში 2020 წლის 13 მარტამდე პერიოდში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შს ო............ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2020 წლის 13 მარტს ამოიღეს მ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსის ჩხრეკის დროს.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ბ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

8. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს, მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ მ. ბ–ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა მ. ბ–ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, პირველადაა სამართალში.

11. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ მ. ბ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი არ თავისუფლდება სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მოხდისაგან.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე