გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1327-903(კ-05) 9 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საჯარო რეესტრში ჩანაწერის შესრულების დავალება..
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ნ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს 15.06.93წ. გადაწყვეტილებით ლ. თ-ე ცნობილ იქნა ...ის, ამჟამად ... 5/16-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. გადაწყვეტილება მოყვანილი იქნა სისრულეში და ლ. თ-ე 1997 წელს შესახლებულ იქნა ბინაში. ლ. თ-მ იმავე წელს მიმართა სასამართლოს სადავო ბინიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე, რაიონულმა სასამართლომ საქმე განსახილველად დაუბრუნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. ლ. თ-ე 27.08.2000წ. გარდაიცვალა. მოსარჩელე ა. ნ-მ მიუთითა, რომ აწ გარდაცვლილ ლ. თ-ეს მე-5 რიგის მემკვიდრემდე მემკვიდრე არ დარჩენია, მოსარჩელე არის გარდაცვლილის მე-5 რიგის მემკვიდრე. ლ. თ-ე სადავო ბინაში შესახლების მიუხედავად, სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის გამო, არ მომხდარა ლ. თ-ის მემკვიდრედ და მესაკუთრეთ რეგისტრაცია. მოსარჩელე ა. ნ-მ აღნიშნა, რომ ამჟამად საქმე შეჩერებულია სსკ-ის 279-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენამდე, რის გამო მიმართა სანოტარო ბიუროს ლ. თ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიმდრო მოწმობის გაცემის შესახებ, რაზედაც ნოტარიუსმა უარი განუცხადა იმის გამო, რომ სადავო ბინა არ ყოფილა აღრიცხული ლ. თ-ის სახელზე. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ტექინვენტარიზაციის ბიუროს, რომლითაც მოითხოვა სადავო ბინის აღრიცხვა აწგარდაცვლილ ლ. თ-ის სახელზე. მოსარჩელემ აღნიშნა აგრეთვე, რომ ლ. თ-ს მისი მეუღლის დანაშთ ქონებაზე მიღებული აქვს მემკვიდრეობა 1987წ. მაისში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფაქტობრივად მიღებული აქვს მემკვიდრეობა მთელ ქონებაზე, აღნიშნული დადასტურებულია საქალაქო სასამართლოს 15.06.93წ. გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.06.93წ. გადაწყვეტილების და სასკ-ის 23-ე მუხლის, 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოპასუხისათვის სადავო ბინის 5/16-ზე ლ. თ-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღრიცხვის დავალება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 05.07.03წ. გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 26.12.64წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე სასამართლოს 15.06.93წ. გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად, ვინაიდან ლ. თ-ს კანონით დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია ქონების საკუთრებაში აღრიცხვა. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ ქონება, რომლის საკუთრებაში აღრიცხვას ითხოვს მოსარჩელე სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ნ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ ადმინისტრაცული აქტის გამოცემის ნაცვლად მოითხოვა საჯარო რეესტრისათვის სადავო ბინის 5/16 ნაწილის ლ. თუთქერიძის სახელზე აღრიცხვის დავალება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.07.05წ. გადაწყვეტილებით ა. ნ-ის წარმომადგენლის ქ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რაიონული სასამართლოს 05.12.03წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა. რომ საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება ა. ნ-ის მიერ ლ. თ-ის მემკვიდრეობის მიღება, სსკ-ის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ, მხარეები განკარგავენ თავიანთ მატერიალურ და პროცესუალურ უფლებებს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა. ნ-ე წარმოადგენს ლ. თ-ის უფლებამონაცვლეს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ლ. თ-ის სახელზე სადავო ბინის 5/6-ის აღრიცხვის შესახებ ა.ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ი-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქის სასამართლოს 15.06.93წ. გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ლ. თ-მ სასამართლოების გამო ვერ მიიღო, აღმასრულებელი ფურცელი 1995 წლიდანაა სასამართლოს აღმასრულებლის წარმოებაში. აღმასრულებელმა 1997წ. ივნისის თვეში შეასახლა ლ. თ-ე სადავო ბინაში. გადაწყვეტილება აღსრულდა ნაწილობრივ, იმდროს მოქმედი სსკ-ის 360-ე მუხლის თანამად ხანდაზმულობა შეწყდა, შეწყვეტამდე გასული დრო ახალ ვადაში არ ჩაითვლება. ლ. თ-მ იმავე წელს მიმართა რაიონულ სასამართლოს სარჩელით სადავო ბინიდან რეალური წილის გამოყოფის შესახებ. სკ-ის 138-ე, 139.1 მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა გრძელდება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სკ-ის 142-ე მუხლის, «სააღსრულებო წარმოების შესახებ» კანონის 113-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ათ წელს შეადგენს, მაშინაც კი როდესაღც ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ახალი სკ-ის მოქმედების პერიოდში არის გადასული, რაც გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო სარჩელზე უარის თქმას. მიუხედავად ამისა პირველი ინსტანციის და სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ითქვა სააღსრულებო ფურცლის სისრულეში მოყვანის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გაშვების გამო.
კასატორი აღნიშნავს, რომ ვაკის რაიონული სასამართლოს 28.10.98წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. თ-ის სარჩელი რეალური წილის გამოყოფის შესახებ, ლ. თ-ს სადავო ბინიდან გამოეყო რეალური წილი. შემდგომში საოლქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს. საქმის განხილვის პერიოდში მოსარჩელე ლ. თ-ე გარდაიცვალა, რის გამო პრეტენზია განაცხადა გარდაცვლილის მე-5 რიგის მემკვიდრემ, რადგან მე-5 რიგის წრემდე მოსარჩელეს მემკვიდრე არ დარჩენია. ა. ნ-ე და ლ. თ-ე არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები, რაც დასტურდება ვაკის რაიონული სასამართლოს 05.04.01წ. გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტით. ა. ნ-მ განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს ლ. თუთქერიძის უფლებამონაცვლედ ჩართვის შესახებ, სასამართლოს 25.10.02წ. განჩინებით საქმის განხილვა შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე. ა. ნ-მ მემკვიდრეობის მისაღებად მიმართა ნოტარიუსს, ნოტარიუსმა უარი განუცხადა მემკვიდრედ ცნობაზე და სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ლ. თ-ის სახელზე სადავო ბინის წილის მესაკუთრედ და მემკვიდრედ აღრიცხვაზე უარი განცხადა აგრეთვე ტექბიუროს სამსახურმა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ სსკ-ის მე-3 მუხლის განმარტებით მაშინ, როდესაც მოსარჩელე სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა მოპასუხისათვის აწგარდაცვლილი ლ. თ-ის სახელზე სადავო ბინის 5/16 ნაწილის აღრიცხვის დავალებას, რაც მოსარჩელეს მისცემდა საშუალებას ვაკის რაიონის სასამართლოში წარედგინა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მე-5 რიგის მემკვიდრის უფლებამოსილების განსახორციელებლად. სააპელაციო პალატამ გაიმეორა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეცდომა და მიუთითა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 353-ე მუხლზე, რასაც არ აქვს კავშირი გადაწყვეტილების აღსრულების ვადასთან, სააპელაციო სასამართლო შეცდომით უთითებს თ. და ლ. მამიდაშვილ-ბიძაშვილობაზე მაშინ, როდესაც თ. არის ა-ის მამა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 05.12.03წ. გადაწყვეტილების და სააპელაციო სასამართლოს 06.07.05წ. გადწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, სარჩელის დაკმაყოფილებას, მოპასუხისათვის აწგარდაცვლილი ლ. თ-ის სახელზე საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებით სადავო ბინის 5/16-ის აღრიცხვის დავალდებულებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მესამე პირის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 391-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად მხარეების მიერ საკასაციო სასამრათლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 05.12.03წ. გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ ემყარება პროცესუალური კანონმდებლობის ნორმებს, მით უფრო, რომ სააპელაციო პალატის 06.07.05წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატის 06.07.05წ. გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, არ შეიცავს მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.06.93წ. გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გაცდენაზე, შესაბამისად საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები ხანდაზმულობის დინების შეწყვეტის შესახებ არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საქმის მასალებს არ ემყარება აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ გაიმეორა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მცდარი ჩანაწერი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, აგრეთვე თ. ნ-სა და ლ. თ-ს შორის მამიდაშვილ-ბიძაშვილური ნათესაური კავშირის შესახებ. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აღნიშნული მოტივები მოყვანილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც გაუქმებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანასკნელი არ შეიცავს აღნიშნულ მოტივაციას.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.93წ. გადაწყვეტილებით ლ. თ-ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე მე-4 ბინის 5/16-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ლ. თ-ე 27.08.2000წ. გარდაიცვალა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.01წ. გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული ფაქტი იმის შესახებ, რომ ა. ნ-ე და ლ. თ-ე არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ტექაღრიცხვის სამსახურის 27.08.03წ. ცნობის თანახმად ა. ნ-ს უარი ეთქვა ... მდებარე მე-4 ბინის 5/16-ზე მემკვიდრედ და მესაკუთრე დარეგისტრირებაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ნ-ის მოთხოვნა 15.06.93წ. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის და ლ. თ-ის სახელზე ქ. თბილისში, ... მდებარე ¹4 ბინის 5/16-ზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ დარეგისტრირების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება ვინაიდან მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სამემკვიდრეო მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა. ნ-ე არის აწ გარდაცვლილი ლ. თ-ის მე-5 რიგის მემკვიდრე. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.01წ. გადაწყვეტილებით ა. ნ-სა და ლ. თ-ს შორის ნათესაური კავშირის, კერძოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილობის დადგენა არ ადასტურებს მოსარჩელე ა. ნ-ის მემკვიდრეობას, მის უფლებამონაცვლეობას. ქ. თბილისის ნოტარიუსის ზ. რ-ის მიერ 10.04.03წ. დადგენილებით, სხვა გარემოებებთან ერთად, განმცხადებელს მიეთითა, რომ სკ-ის 1424-ე მუხლის მიხედვით სამკვიდრო მიღებული უნდა ყოფილიყო ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან, იუსტიციის მინისტრის 29.08.01წ. ¹321 ბრძანებით დამტკიცებული «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ინსტრუქციის 57-ე მუხლით სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ უბანში, რომელშიც გაიხსნა მემკვიდრეობა, ამ წესის დარღვევით გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილია. დადგენილების თანახმად ა. ნ-მ ვერ შეძლო ინსტრუქციის 58-ე მუხლით გათვალისწინებული სამკვიდრო მოწმობის გასაცემად სავალდებულო დოკუმენტების წარმოდგენა. სკ-ის 1424-ე მუხლის და ინსტრუქციის მე-6 მუხლის საფუძველზე ა. ნ-ს უარი ეთქვა აწ გარდაცვლილი ლ. თ-ის მემკვიდრედ ცნობაზე და სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. დადგენილებით განმცხადებელს განემარტა დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების წესი. ა. ნ-ს ნოტარიუსის დადგენილება არ გაუსაჩივრებია, მას არ მოუთხოვიასასამართლო წესით ლ. თ-ის მე-5 რიგის მემკვიდრედ ცნობა, რასაც არ უშლიდა სამკვიდროს მოწმობის უქონლობა, ა. ნ-ს არ მოუთხოვია სკ-ის 1426-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის სასამართლოს მიერ გაგრძელება. ერთადერთი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ვადის გადაცილების შემთხვევაში სსკ-ის 1426-ე მუხლის თანახმად ვადის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით. სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ა. ნ-მ ლ. თ-ის მემკვიდრედ ცნობის გარეშე აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ... 5/16-ის ლ. თ-ისსაკუთრებაში აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ა. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც, სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, იწვევს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.07.05წ. გადაწყვეტილება;
2. კასატორ ა. ნ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.