საქმე # 020100120003749920
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №150აპ-21 ქ. თბილისი
შ–ა მ., 150აპ-21 18 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას; ასევე სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 9 მაისის ეპიზოდი) უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულ მ. შ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა ასევე მსჯავრდებულმა მ. შ–მ, თუმცა საჩივარში მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნიდან გამომდინარე (ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენი), იგი წარმოადგენს საკასაციო საჩივრის შესაგებელს. ამასთან, 2021 წლის 26 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ მ. შ–ს განცხადება, რომელშიც მ. შ–ა მიუთითებს, რომ მის მიერ გამოგზავნილი შევსებული ფორმა არის შესაგებელი პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარზე.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (4 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 დეკემბერს ზ..............ის რაიონის სოფელ ...ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. შ–მ მეუღლე ს. თ–ს გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში და წიხლი მიარტყა ფეხზე.
2019 წლის აგვისტოში, წ.............ის რაიონის სოფელ ........ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. შ–მ მეუღლე ს. თ–ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ს. თ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 6 აპრილს ზ............ში, ............ის ქუჩის №..-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. შ–მ მეუღლე ს. თ–ს ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ს. თ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 20 აპრილს ზ..........ში, .........ისქუჩის №..-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. შ–მ მეუღლე ს. თ–ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ს. თ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 9 მაისს ზ.......ში, .........ის ქუჩის №..-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლე ს. თ–ს მ. შ–მ 5 წლის გ. შ–ს თანდასწრებით ერთხელ დაარტყა სახის არეში გაშლილი ხელი, რაც დაინახა ლ. მ–მ.
ეს უკანასკნელი გამოესარჩლა ს. თ–ს. გაბრაზებულმა მ. შ–მ ლ. მ–ს ხელი მოუჭირა კისერზე და შუშაბანდს მიანარცხა, რის შედეგადაც ს. თ–მ და ლ. მ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განაჩენით:
მ. შ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 31 დეკემბრის ქმედება) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
მ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის აგვისტოს ქმედება) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 6 აპრილის ქმედება) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 20 აპრილის ქმედება) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ. შ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 მაისიდან.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მ. შ–ს დამნაშავედ ცნობას 2019 წლის 31 დეკემბრის ქმედებისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციით; ხოლო დაცვის მხარე - მ. შ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით 1 წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის - 2000 ლარის დაკისრებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. შ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 31 დეკემბრის ქმედება) წარდგენილ ბრალდებაში.
მ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. შ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 მაისიდან.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი - პროკურორი მაია ჯაბუა საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას; ასევე სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 9 მაისის ეპიზოდი) უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, თუმცა საკასაციო საჩივარში მსჯელობს მხოლოდ მ. შ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან მიმართებაში, მიიჩნევს მას უსამართლოდ და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს უნდა განსაზღვროდა უფრო მკაცრი სასჯელი. ამდენად, კასატორი არ ასაბუთებს, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვს მ. შ–ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ მ. შ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა მ. შ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე