ას-288-586-04 17 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 18 ივლისს კომპანია „...-სა” და სს „თ.-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „...-ს” იურიდიული მომსახურება უნდა გაეწია სს „თ.-ისათვის“ სს „ს.-ის“ სარჩელზე არსებულ სამოქალაქო საქმეზე, რომლის სანაცვლოდ სს „თ.-ს“ უნდა გადაეხადა მისთვის მოგებული თანხის 10% დღგ-ს გარეშე. 2001წ. 27 აპრილს სს „ს.-ა“ დააზუსტა სარჩელი და მოთხოვნა გაზარდა 62430906 ლარამდე. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი 17967172 ლარის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 17 მაისის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული აღნიშნული გადაწყვეტილება.
2002წ. 24 მაისს სს „თ.-სა“ და კომპანია „...-ს” შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც სს „თ.-მ“ 2000წ. 12 ივლისის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე აღიარა 2007392,08 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
2002წ. 22 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ კომპანია „...-ს” სასარგებლოდ გაიცა გადახდის ბრძანება სს „ს.-ისათვის“ 2007392,08 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
ქ.თბილისის მთავრობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2002წ. 24 მაისის შედარების აქტის ბათილად ცნობა, რადგან, მისი აზრით, „თ.-მ“ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებაში ჩადო მხოლოდ ის შინაარსი, რომ იგი აანაზღაურებდა სს „ს.-ის“ თავდაპირველი სარჩელით მოთხოვილი თანხიდან მოგებული თანხის 10%-ს და არა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების დადებიდან 8 თვის შემდეგ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნიდან გადარჩენილი თანხის 10%-ს.
მოსარჩელის აზრით, კომპანია „...-მ”, როგორც იურიდიული მომსახურების განმხორციელებელმა პირმა, ბოროტად გამოიყენა ის გავლენა, რომელიც გააჩნდა სს „თ.-ის“ ხელმძღვანელ პირებზე, რადგან მათი ურთიერთობა ეფუძნებოდა განსაკუთრებულ ნდობას, რაც გარიგების ბათილობის საფუძველია სკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. კომპანია „...-ს” წარმომადგენლებმა გამოიყენეს მხარეთა შორის არსებული სრული ნდობა და დაარწმუნეს სს „თ.-ი“ იმაში, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 3.1. მუხლი ვრცელდებოდა გაზრდილ სარჩელზეც. ამ დარწმუნების შედეგი იყო ისიც, რომ სს „თ.-მ“ არ გაასაჩივრა გადახდის ბრძანება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მთავრობის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილ გარიგებად გამოცხადდა სს „თ.-სა” და კომპანია „...-ს” შორის 2002წ. 24 მაისის შედარების აქტი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკ-ის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. სასამართლო კოლეგიას ნდობის ბოროტად გამოყენების გარემოების დამადასტურებლად მიაჩნია კომპანია „...-ს” წარმომადგენლის წერილი, რომელიც სს „თ.-ის“ გენერალური დირექტორ ვ.ც.-ს კომპანიას ატყობინებს მის 2000წ. 18 ივლისის ხელშეკრულების კონტრაგენტს, რომ მან განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სს „ს.-ის“ 62430906,71 ლარის ფასის მქონე სარჩელზე გადაარჩინა 44463734,71 ლარი, მან კი უნდა გადაუხადოს ამ თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10%.
„...-მ” მიმართა სასამართლოს საჩივრით 2003წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 50-ე მუხლი. მცდარია სასამართლოს მოსაზრება, როცა მიუთითა, რომ შედარების აქტის დადება, სკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნდობის ბოროტად გამოყენებით მოხდა. მისი აზრით, ნდობის ბოროტად გამოყენება იმტომაც არ შეიძლება არსებობდეს, რომ შედარების აქტით „...-ს” სს „თ.-ის“ მიმართ არანაირი მოვალეობის განხორციელება აღარ ევალება. ამრიგად, სახეზეა სკ-ის 55-ე მუხლის არასწორი განმარტება.
საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
1. სს “თ.-ი” 2007392,08 აშშ დოლარისა და 5000 ლარის ნაცვლად “..-ს” მიერ მოთხოვნადათმობილ პირს _ “... Lტდ-ს” გადაუხდის 200000 (ორასი ათასი) ლარს;
2. კომპანია “ე.-დ” (“... Lტდ”) თანახმაა, სს “თ.-საგან”, ნაცვლად 2007392,08 აშშ დოლარისა და 5000 ლარისა, მიიღოს 200000 ლარი, რისთვისაც “... Lტდ” უარს აცხადებს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2003წ. 8 ივლისს მის სასარგებლოდ სს “თ.-ის” მიმართ გაცემული ¹2/ა-200-2002წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე და სანაცვლოდ სააღსრულებო სამსახურს აღსასრულებლად წარუდგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, რომელშიც “... Lტდ” სს “თ.-ის” მიმართ დასახელებული იქნება 200000 (ორასი ათასი) ლარის კრედიტორად, ხოლო სს “თ.-ი” კი აღნიშნული თანხის ფარგლებში დასახელებული იქნება როგორც ... Lტდ-ის მოვალე;
3. მორიგებაზე ხელმომწერ მხარეებს 2000წ. 18 ივლისს “...-სა” და სს “თ.-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ სხვა პრეტენზია არ გააჩნიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2004წ. 16 ნოემბრის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მესამე მუხლის მეორე ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე, 49-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) სს “თ.-ი” 2007392,08 აშშ დოლარისა და 5000 ლარის ნაცვლად ...-ს მიერ მოთხოვნადათმობილ პირს _ “... Lტდ-ს” გადაუხდის 200000 (ორასი ათასი) ლარს;
ბ) კომპანია “ე.-დ” (“... Lტდ”) თანახმაა სს “თ.-ისაგან”, ნაცვლად 2007392,08 აშშ დოლარისა და 5000 ლარისა, მიიღოს 200000 (ორასი ათასი) ლარი, რისთვისაც “... Lტდ” უარს აცხადებს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2003წ. 8 ივლისს მის სასარგებლოდ სს “თ.-ის” მიმართ გაცემული ¹2/ა-200-2002წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე და სანაცვლოდ სააღსრულებო სამსახურს აღსასრულებლად წარუდგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, რომელშიც “... Lტდ” სს “თ.-ის” მიმართ დასახელებული იქნება 200000 (ორასი ათასი) ლარის კრედიტორად, ხოლო სს “თ.-ი” კი აღნიშნული თანხის ფარგლებში დასახელებული იქნება როგორც “... Lტდ-ის” მოვალე;
გ) მორიგებაზე ხელმომწერ მხარეებს 2000წ. 18 ივლისს “...-სა” და სს “თ.-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ სხვა პრეტენზია არ გააჩნიათ.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
3. გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განჩინება.
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.