Facebook Twitter

საქმე # 010100119003258962

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №162აპ-21 ქ. თბილისი

ს–ე თ., 162აპ-21 17 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, თ. ს–ს, გ. ს–სა და ჯ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

გამართლებულ ჯ. შ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ც–ე შესაგებლით ითხოვს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ს–ს, - დაბადებულს 2... წელს, თ. ს–ს, - დაბადებულს 2... წელს და ჯ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდათ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 15 სექტემბერს, ღამის საათებში, ჯ. შ–ე, გ. ს–სა და არასრულწლოვან თ. ს–სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ. ქ........ში, ............ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „...........ის“ ბენზინგასამართი სადგურის ოთახში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ვ. გ–სგან დაეუფლა ფულად თანხას - 289 ლარს და საწვავს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით:

გ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა გ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას პ. ს–ს (პ/ნ ..............) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ........ში, ........ის ქუჩა N.., ბინა N.. (ზონა - ქ..........ი .., სექტორი - ქ. ქ.........ი .., კვარტალი - .., ნაკვეთი - ..., კოდი - ....., საკადასტრო კოდი №.........) - 15000 ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

თ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა თ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

ჯ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

გამართლებულებს - გ. ს–ს, ჯ. შ–სა და თ. ს–ს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, თ. ს–ს, გ. ს–სა და ჯ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა თ. ს–ს, გ. ს–სა და ჯ. შ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არგუმენტირებულად იმსჯელა და მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რომლებმაც თ. ს–ს - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, გ. ს–ს - სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ჯ. შ–ს - სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში გამართლება გამოიწვია. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას თ. ს–ს, გ. ს–სა და ჯ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არც გამოძიების პროცესში და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მათ მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

8. მოწმის სახით დაკითხული ვ. გ–ს ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქ. ქ........ში, ......ის N..-ში მდებარე შპს „...........ის“ ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად. 2019 წლის 15 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ღამის, დაახლოებით, სამ საათზე კარზე დაუკაკუნეს - ბენზინის ჩასხმა გვინდა და კარი გაგვიღეო. კარის გაღებისთანავე ოთახში შევიდა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც მაშინვე ფული მოითხოვეს. ძალადობისთვის არ მიუმართავთ, "ცუდად არ მოქცეულან", სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებიათ გ–სთვის, არც დამუქრებიან, ხელშიც არაფერი სჭერიათ. არანაირი წინააღმდეგობა არც თავად გაუწევია, მაშინვე ფული ამოიღო ჯიბიდან, დაახლოებით 130 ლარი და ერთ-ერთს, როგორც შემდეგ ამოიცნო - შ–ს გადასცა, მეორე კი, უფრო ახალგაზრდა, რომელიც თ. ს–ე აღმოჩნდა, უჯრაში არსებულ ხურდას დაეუფლა. ამის შემდეგ გარეთ მდგარ თეთრი ფერის მანქანაში ბენზინის ჩასხმა მოსთხოვეს, ჩაუსხა დაახლოებით 60 ლიტრი. ორივე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, ხოლო თვითონ დარეკა პოლიციაში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. რაც შეეხება მესამე პირს, ივარაუდა, რომ მანქანაში შესაძლოა, სხვაც მჯდარიყო, თუმცა ის საერთოდ არ დაუნახავს. მიყენებულმა ზიანმა ჯამურად დაახლოებით 430 ლარი შეადგინა. გოგიტიძემ ასევე განმარტა, რომ შ–ე და ს–ე არ დაეუფლნენ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რომელიც იქვე ჰქონდა და კარგად დაინახეს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - მოწმე გ–ს ჩვენება, რომელშიც ის მიუთითებს ჯ. შ–სა და თ. ს–ს მიერ მისთვის ფულის წართმევის ფაქტზე; ხოლო რაც შეეხება მესამე პირს - გ. ს–ს, ის საერთოდ არ დაუნახავს შემთხვევის ადგილზე. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ პაატა ცეცხლაძის აპელირება, ჯ. შ–სა და თ. ს–ს ამოცნობის ოქმებზე, თ. და გ. ს–ეების აღიარებით ჩვენებებზე, რომლებიც გაიმეორეს საგამოძიებო ექსპერიმენტებისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა აღარ დაადასტურეს გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია. გ. ს–ს ჩვენება არ გამოკვლეულა, მან მხოლოდ ის განმარტა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, ხოლო თ. ს–მ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ასახული გარემოებების სისწორე. რაც შეეხება ჯ. შ–ს, იგი გამოძიების ეტაპიდანვე უარყოფდა რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას.

10. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ–ი და თ. ს–ეებთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში მხოლოდ მათი აღიარებითი ჩვენების გამეორება მოხდა. ის ფაქტი, რომ ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, არ წარმოადგენს სადავო გარემოებას არცერთი მხარისთვის, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი მონაცემი, დანაშაულთან დაკავშირებული რაიმე ნივთი, კვალი, რომელიც მტკიცებულებად იქნებოდა გამოყენებული ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გამოკლებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არ დაფიქსირებულა და არ აღმოჩენილა. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები შეიცავს მხოლოდ ბრალდებულების აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც მათ აღარ დაადასტურეს საქმის არსებითი განხილვისას, რის გამოც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტები ვერ იქნება გამოყენებული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად განსაზღვრულ მტკიცებულებათა საკმარისობისა და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს; ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლისა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე