საქმე # 170100119003334372
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №173აპ-21 ქ. თბილისი
ვ–ი დ., 173აპ-21 18 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ვ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 9 ნოემბერს დ. ვ–მ ჩათვალა, რომ ლ. წ–ს თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ ჰქონდა შემოღობილი. მან თერთმეტი ერთეული ხის ბოძის მიწიდან ამოძრობით მოახდინა მესრის დემონტაჟი, რითაც დაზარალებულს ხელი შეეშალა თავისი კუთვნილი 237 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, რომლის ღირებულებაა 5925 ლარი, ხოლო ღობის დაზიანებით მიყენებულმა ზიანის ღირებულებამ(ოდენობამ) შეადგინა 120 ლარი.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
დ. ვ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.
გამართლებულ დ. ვ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლიდან გამომდინარე მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. ვ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, დ. ვ–ის დამნაშავედ ცნობას და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მოსაზრებით: საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ვ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარზე დ. ვ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. მ–მა წარმოადგინა შესაგებელი.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
8. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების ვალდებულებისაგან. ამიტომ საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თვითნებობისას, პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როდესაც პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით და იმავდროულად, აცნობიერებს, რომ თავის/თავისად დაგულებულ უფლებას კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ახორციელებს. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება.
10. მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ლ. წ–ს სახელზე. მართალია, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ლ. წ–ს საკუთრების უფლება გაუქმებული იყო, მაგრამ გადაწყვეტილებები 2017 წლის 9 ნოემბერს არ იყო შესული კანონიერ ძალაში, გასაჩივრებული იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 15 მარტს). ამავე მიზეზით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სადავო მიწის ნაკვეთი არ აღრიცხა არც დ. ვ–ისა და არც შ. ვ–ს სახელზე(დ. ვ–ის მამა). აღნიშნულის მიუხედავად, დ. ვ–მ ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე (რაც დროში ემთხვევა მის მიერ განხორციელებულ დემონტაჟს) სადავო მიწის ნაკვეთი თავისად დაიგულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ იგი თავისად დაგულებული უფლებით სარგებლობდა. დ. ვ–მ ჩათვალა, რა რომ ლ. წ–ს მიწის ნაკვეთი უკანონოდ ჰქონდა შემოღობილი 11 ხის ბოძის მიწიდან ამოძრობით მოახდინა მესრის დემონტაჟი (დასტურდება: ლ. წ–ს, ნ. წ–ს, ხ. რ–ს, ნ. თ–ის, ვ. ჩ–ს და თავად დ. ვ–ის ჩვენებებით).
11. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია - ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი. საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ღობის დემონტაჟით დაზარალებულისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 120 ლარი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის განხილვა სასამართლოში ხორციელდება დ. ვ–ისათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დგინდება დ. ვ–ის ქმედებამ მიაყენა თუ არა დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება რომ ღობის მოხსნით დაზარალებულს ხელი შეეშალა კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ასევე ვერ დგინდება 120 ლარი - რომელიც ღობის აღდგენას დასჭირდა - წარმოადგენდა თუ არა დაზარალებულისთვის მნიშვნელოვან ზიანს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N2149აპ-07). შესაბამისად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება დ. ვ–ის ქმედებით დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გასაჩივრებული განაჩენით ეჭვი სწორად იქნა გადაწყვეტილი დ. ვ–ის სასარგებლოდ და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე