ას-290-581-04 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. ცისკაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი, მ. სულხანიშვილი
დავის საგანი სარჩელში: სარდაფის გამოთავისუფლება, მისი იზოლირებულად გამიჯვნა.
შეგებებულ სარჩელში: არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ.-ე 1989 წლიდან ცხოვრობს ... მდებარე საცხოვრებელი სახლის II სართულის 1/2½ნაწილში, სახლის იმავე სართულზე ცხოვრობს ა. ჯ.-ი. მათი საცხოვრებელი ბინის ქვეშ განთავსებულია გაუმიჯნავი ნახევარსარდაფი. აღნიშნული სარდაფით უკანონოდ სარგებლობს ამავე დასახლებაში მცხოვრები ნ. ქ.-ე. ზ. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ნ. ქ.-ისა და ი. თ.-ის მიმართ და მოითხოვა სარდაფის გამოთავისუფლება, საერთო კარებიდან შესასვლელის და მისი წილი სარდაფის იზოლირებულად გამიჯვნა. ნ. ქ.-ის წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი შეიტანა მოპასუხე ა. ჯ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საცხოვრებელი ბინის ქვეშ მდებარე სარდაფზე მესაკუთრედ ცნობა.
მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ა. ჯ.-მა მოითხოვა ნ. ქ.-ის გამოსახლება სადავო სარდაფიდან, ამ სარდაფის გამიჯვნა და თავის წილზე მესაკუთრედ ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ.-ის სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო; ზ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ. მ.-ს განესაზღვრა მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესში ... მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ქვეშ მდებარე ნახევარსარდაფის 18,30 კვ.მ ფართობით სარგებლობა მცხეთის რაიონული ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით; ა. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. ჯ.-ს მიეკუთვნა მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესში ... მდებარე ნახევარსარდაფი 30.90 კვ.მ მცხეთის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს 2001წ. 5 დეკემბრის თარიღით შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ი. თ.-სა და ნ. ქ.-ს დაევალათ ნახევარსარდაფის დაკავებული ფართობის გამოთავისუფლება და გამოსახლებულ იქნენ. სარდაფის გამიჯვნის ხარჯები ზ.მ.-ესა და ა.ჯ.-ს დაეკისრათ თანაბრად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ.-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ზ. მ.-ემ სსკ-ის 102-103 მუხლების შესაბამისად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა ისარგებლოს სარდაფის საერთო შესასვლელით, როცა მან თვითონვე მოითხოვა სარდაფის იზოლირებულად გაყოფა. სასამართლომ მას განუსაზღვრა სარდაფის ფართი თავისი ბინის ქვეშ ცალკე შესასვლელის მოწყობით. სადავო სარდაფის გაყოფა და გამიჯვნა მოხდა მხარეებს შორის მათი წილების შესაბამისად, საინვენტარიზაციო გეგმის, ექსპერტის დასკვნისა და სკ-ის 208-ე მუხლის გათვალისწინებით.
ზ. მ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ზ. მ.-ის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ა. ჯ.-მ თვითნებურად ამოაშენა სარდაფის საერთო შესასვლელი და მას მოუსპო სარდაფის სარგებლობის უფლება, სასამართლომ არ გაითვალისწინა მცხეთა-თიანეთის მხარის მშენებლობისა და ურბანიზაციის დეპარტამენტის შპს “ე.-ის” წარმომადგენლის 2002წ. 11 მარტის აქტი, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ შენობას ხიფათი არ შეექმნას. სასამართლომ მხარეებს დააკისრა გაწეული ხარჯების თანაბრად გადახდა, მაგრამ არ მიუთითა თითოეულმა რამდენი ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან ხსენებეული აქტით სარდაფის შესასვლელის მოწყობას სჭირდება, ისე რომ შენობა არ ჩამოიქცეს 533 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ.მ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ. მ.-ეს და ა. ჯ.-ს განესაზღვრათ მათი საცხოვრებელი ბინების ქვეშ მდებარე ნახევარსარდაფის სარგებლობის წესი მცხეთის რაიონული ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001წ. 5 დეკემბრის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით. ზ. მ.-ე ზემოაღნიშნული გეგმის მიხედვით ნახევარსარდაფის გაყოფას არ დაეთანხმა რაიონულ სასამართლოში, მოითხოვა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რადგან მათი საცხოვრებელი სახლი ძველი ნაგებობაა, იგი აშენებულია ყორე ფლეთილი ქვით და ცალკე შესასვლელის გაჭრა შენობის დაზიანებას გამოიწვევს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზ. მ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.
ზ.მ.-ემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ არც მოსამზადებელ და არც მთავარ სხდომაზე არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მცხეთა-თიანეთის მხარის მშენებლობისა და ურბანიზაციის დეპარტამენტის მოთხოვნით შპს „ე.-ის“ წარმომადგენლის მიერ შედგენილი სათანადო აქტი. მან სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა ასევე მცხეთის რაიონული არქმშენინსპექციის, ტექბიუროს და კომუნალური სამსახურის წარმომადგენლების დაკითხვა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. მ.-მ წარმოადგინა ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რადგან სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ აპელანტის ბინის ქვეშ სარდაფში ცალკე შესასვლელის მოწყობით შენობის გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია თუ არა და კონკრეტულად რა ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს სარდაფის იზოლირებულად მხარეთა შორის გაყოფის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.