ას-291-574-04 30 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: პრივატიზებული ბინიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 10 ნოემბერს ვ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ო. მ-ისა და მ. კ-ის წინააღმდეგ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, იდეალური წილის განსაზღვრისა და გამოყოფის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა ეკუთვნოდა მის მშობლებს. ვ. მ-ე დაქორწინდა მ. კ-ზე და მათ შეეძინათ შვილი _ თ. კ-ი.
1978 წელს თ. კ-მა ცოლად შეირთო ო. მ-ი და მათ შეეძინათ შვილი _ მ. კ-ი. მოსარჩელე და მოპასუხეები ცხოვრობდნენ სადავო ბინაში. 1995 წელს ბინის პრივატიზაცია გაკეთდა მოსარჩელის შვილიშვილის _ მ. კ-ის სახელზე. პრივატიზაციის დროისათვის ბინაში რეგისტრირებულნი იყვნენ ვ. მ-ე, მისი მეუღლე მ კ-ი, ო. მ-ი და მისი შვილი (მოსარჩელის შვილიშვილი) მ. კ-ი.
2000 წელს მოსარჩელის მეუღლე მ. კ-ი გარდაიცვალა. მოსარჩელის განმარტებით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბინის მესაკუთრე გახდა თვითონ, რადგან მან თავისი ქონება კი არ გადასცა მოპასუხეს, არამედ ნება დართო, მის სახელზე მოეხდინა პრივატიზაცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა, რადგან მოსარჩელემ განახორციელა ბინის პრივატიზაცია თავისი შვილიშვილის სახელზე ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება. ვ. მ-ე ცნობილ იქნა მესაკუთრედ ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინის 2/4 წილზე აწ გარდაცლილი მეუღლის მ. კ-ის წილის გათვალისწინებით. საჯარო რეესტრს დაევალა სათანადო ცვლილების შეტანა ჩანაწერებში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით 1995წ. 10 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა კანონიერად, ხოლო საქმე, დავის საგნის _ სადავო ბინის იდეალური წილის მიკუთვნების ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინა მდებარე ქ. თბილისში, ...... ეკუთვნოდათ მოსარჩელის, ვ. მ-ის, მშობლებს. მოსარჩელე, მისი მეუღლე _ მ. კ-ი, მათი შვილი _ თ. კ-ი, რძალი _ ო. მ-ი და მოსარჩელის შვილიშვილი _ მ. კ-ი ცხოვრობდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე.
1982 წელს მოსარჩელის შვილი თ. კ-ი მუდმივად საცხოვრებლად წავიდა ქ. მოსკოვში.
1995წ. 16 მარტს განხორციელდა სადავო ბინის პრივატიზაცია, პრივატიზაციის დროს ბინაში რეგისტრირებული იყვნენ მოსარჩელე ვ. მ-ე, მისი მეუღლე მ. კ-ი, რძალი ო. მ-ი და შვილიშვილი მ. კ-ი.
2000წ. 29 იანვარს გარდაიცვალა ვ. მ-ის მეუღლე მ. კ-ი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სადავო ბინის იდეალური წილის გაყოფა და მემკვიდრეობით გარდაცვლილი მეუღლის წილის მიკუთვნება არ წარმოადგენს დავის საგანს, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინის იდეალური წილის გაყოფა, მემკვიდრეობით გარდაცვლილი მეუღლის წილის მიკუთვნება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით საქმე, დავის საგნის _ სადავო ბინის იდეალური წილის გაყოფისა და მემკვიდრეობით, გარდაცვლილი მეუღლის წილის მიკუთვნების ნაწილში, განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995წ. 16 მარტს განხორციელდა სადავო ბინის პრივატიზაცია და ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის შვილიშვილის _ მ. კ-ის სახელზე. პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროს სადავო ბინაში დადგენილი წესით ჩასახლებულები იყვნენ ვ. მ-ე, მისი მეუღლე მ. კ-ი და მოპასუხეები ო. მ-ი და მისი შვილი _ მ. კ-ი. საქმეში წარმოდგენილია ვ. მ-ის, მისი მეუღლის მ. კ-ისა და ო. მ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი თანახმა არიან ბინის პრივატიზაცია მოხდეს მ. კ-ის სახელზე, მაგრამ ის გარემოება, რომ სადავო ბინა პრივატიზაციის შედეგად აღირიცხა მოსარჩელის შვილიშვილის _ მ. კ-ის სახელზე, არ ნიშნავს იმას, რომ ვ. მ-ემ, მ. კ-მა და ო. მ-მა დაკარგეს თავიანთი წილი საკუთრებისა ამ ბინაზე, რადგან „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. აღნიშნული პუნქტი მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც პრივატიზაციაში მონაწილეობა მიიღეს მოსარჩელემ, მოპასუხეებმა და მოსარჩელის აწ გარდაცვლილმა მეუღლემ მ. კ-მა, თითოეულმა მათგანმა სადავო ბინაზე მოიპოვა საკუთრების უფლება ბინის 1\4 წილზე.
სადავო ბინა წარმოადგენს საზიარო უფლებას, სკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები. ამავე კოდექსის 968-ე მუხლის თანახმად კი საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.
სკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში _ გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მიიღო მემკვიდრეობა, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.
სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელე ვ. მ-ე ცხოვრობს ბინაში მდებარე ..... ანუ იქ, სადაც გაიხსნა სამკვიდრო და იგი წარმოადგენს მისი მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრეს, მემკვიდრეობის წესით მასზე უნდა გადავიდეს გარდაცვლილი მეუღლის წილი სადავო ბინაში ანუ ბინის 1\4.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ის წარმომადგენელმა და ო. მ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორების განმარტებით, საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი.
საოლქო სასამართლომ მიაკუთვნა მოსარჩელეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, რითაც დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი, კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სასამართლომ კი მოსარჩელეს გამოუყო ბინის 2/4 წილი. კასატორი თვლის, რომ აწ გარდაცვლილ მ. კ-ს სიცოცხლეში არ განუცხადებია პრეტენზია თავისი წილის თაობაზე, ამიტომ მისი წილს მეუღლისათვის გამოყოფას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ ისე გადაწყვიტა საქმე, რომ სათანადო შეფასება არ მისცა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს პრივატიზებული საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფა. მოსარჩელე მოითხოვს, როგორც თავისი, ისე მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის წილს სულ 2/4-ს. დადგენილია, რომ მობინადრეთათვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში სადავო ფართში ცხოვრობდა ოჯახის 4 წევრი, რომელთაც წერილობით სანოტარო ფორმით, მ. კ-ს მიანიჭეს უფლება, მის სახელზე მოეხდინა ბინის პრივატიზაცია. პალატა თვლის, რომ სასამართლომ არასრულად გამოიკვლია მითითებული მტკიცებულებანი, არ მისცა მათ შეფასება და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება.
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნულ კანონდარღვევას იწვევს სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა იგნორირება.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ე.წ. თანხმობები ბინის პრივატიზაციის თაობაზე. გამოიკვლიოს ვ. მ-ისა და მ. კ-ის მიერ განცხადებაში გამოვლენილი ნება და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, რასაც იგი მოითხოვდა. საქმის მასალებით, კერძოდ, სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა, როგორც პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებას, ისე იდეალური და რეალური წილის განსაზღვრასა და გამოყოფას. ამდენად, სასამართლო წილის გამოყოფის ნაწილში სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდენია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.